[1] „მაშინ ცათა სასუფეველი დაემსგავსება ათ ქალწულს, რომელთაც აიღეს თავიანთი ლამპრები და გამოვიდნენ ნეფის შესახვედრად.
[2] ხუთი მათგანი უგუნური იყო და ხუთი – გონიერი.
[3] უგუნურებმა თავიანთი ლამპრები რომ აიღეს, ზეთი არ გაიყოლეს თან.
[4] ხოლო გონიერებმა თავიანთ ლამპრებთან ერთად ზეთიც გაიყოლეს ჭურჭლებით.
[5] ნეფემ რომ შეიგვიანა, ყველას ჩათვლიმა და დაეძინა.
[6] მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: ‘აჰა, ნეფე მოდის, გამოდით შესაგებებლად!’
[7] მაშინ წამოდგა ყველა ქალწული და გამართეს თავ-თავისი ლამპრები.
[8] უგუნურებმა უთხრეს გონივრებს: ‘გვიწილადეთ თქვენი ზეთისაგან, ვინაიდან ლამპრები გვიქრება.’
[9] მიუგეს გონივრებმა და უთხრეს: ‘რომ არც ჩვენ დაგვაკლდეს და არც თქვენ, უმჯობესია, წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის.’
[10] როცა ისინი წავიდნენ საყიდლად, მოვიდა ნეფე და გამზადებულნიც მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში და კარიც დაიხშა.
[11] შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულებიც და თქვეს: ‘უფალო, უფალო, გაგვიღე!’
[12] ხოლო მან მიუგო და უთხრა: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გიცნობთ!’
[13] ჰოდა, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით არც დღე, არც საათი, როდის მოვა კაცის ძე.
[14] „ვინაიდან ეს იმ კაცივით იქნება, რომელმაც გამგზავრებისას მოუხმო თავის მონებს და ჩააბარა თავისი ქონება.
[15] ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს – ორი და სხვას – ერთი, თითოეულს მისი უნარისდა მიხედვით, და წავიდა.
[16] ხუთი ტალანტის მიმღები მაშინვე წავიდა, ივაჭრა და სხვა ხუთი მოიგო.
[17] ასევე ორის მიმღებმაც ორი კიდევ სხვა მოიგო.
[18] ხოლო რომელმაც ერთი მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი.
[19] კარგა ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და ანგარიში მოჰკითხა მათ.
[20] მივიდა ხუთი ტალანტის მიმღები, სხვა ხუთი ტალანტიც მიუტანა და უთხრა: ‘ბატონო, ხუთი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ხუთი ტალანტი მოვიგე.’
[21] უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, მრავალზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
[22] მივიდა ორი ტალანტის მიმღები და უთხრა: ‘ბატონო, ორი ტალანტი რომ ჩამაბარე, აჰა, სხვა ორი ტალანტი მოვიგე.’
[23] უთხრა მას მისმა ბატონმა: ‘კარგი, კეთილო და ერთგულო მონავ! მცირედზე ერთგული იყავი, ბევრზე დაგაყენებ. შედი შენი ბატონის სიხარულში.’
[24] მივიდა ისიც, რომელმაც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა: ‘ბატონო, ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი ხარ: იმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრეფ, სადაც არ დაგიბნევია.
[25] შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი. აჰა, შენი შენვე გქონდეს.’
[26] მიუგო მას მისმა ბატონმა და უთხრა: ‘ბოროტო და ზარმაცო მონავ! შენ იცოდი, რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრეფ, სადაც არ დამიბნევია.
[27] ამიტომ ჩემი ვერცხლი მოვაჭრეთათვის უნდა მიგეცა და დაბრუნებისას ჩემსას სარგებლითურთ მივიღებდი.
[28] ამიტომ წაართვით მაგას ტალანტი და მიეცით ათი ტალანტის მქონეს.
[29] ვინაიდან მქონებელს ყველას მიეცემა და დაუხვავდება, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაც აქვს.
[30] ხოლო ეს უვარგისი მონა გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.’
[31] „და როცა მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება თავისი დიდების ტახტზე.
[32] და შეიყრება მის წინაშე ყოველი ერი და გამოარჩევს მათ ერთი-მეორისაგან, როგორც მწყემსი არჩევს თხებს ცხვრებისაგან.
[33] და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ და თხებს – მარცხნივ.
[34] მაშინ ეტყვის მეფე, თავის მარჯვნივ მდგომთ: ‘მოდით, მამაჩემის კურთხეულნო, დაიმკვიდრეთ სოფლის დასაბამიდან თქვენთვის გამზადებული სასუფეველი.
[35] ვინაიდან მშიოდა და საჭმელი მომეცით, მწყუროდა და მასვით, უცხო ვიყავი და მიმიღეთ,
[36] შიშველი ვიყავი და შემმოსეთ, სნეული ვიყავი და მომინახულეთ, საპყრობილეში ვიყავი და მომაკითხეთ.’
[37] მაშინ მიუგებენ მას მართალნი და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ან მწყურვალი და გასვით?
[38] როდის გიხილეთ უცხო და მიგიღეთ? ან შიშველი და შეგმოსეთ?
[39] როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში მყოფი და მოგაკითხეთ?’
[40] მიუგებს მეფე და ეტყვის მათ: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რაც გაუკეთეთ ერთს ამ ჩემს უმცირეს ძმათაგანს, მე გამიკეთეთ.’
[41] მაშინ იმათაც ეტყვის, ვინც მარცხნივაა: ‘წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც გამზადებულია ეშმაკისა და მისი ანგელოზებისათვის.
[42] ვინაიდან მშიოდა და საჭმელი არ მომეცით, მწყუროდა და არ მასვით,
[43] უცხო ვიყავი და არ მიმიღეთ, შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ, სნეული ვიყავი და საპყრობილეში და არ მომინახულეთ.’
[44] მაშინ ისინიც მიუგებენ და ეტყვიან: ‘უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი ან მწყურვალი, ან უცხო, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?’
[45] მაშინ მიუგებს მათ და ეტყვის: ‘ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: როგორც არაფერი გაუკეთეთ არც ერთს ამ უმცირესთაგანს, არც მე გამიკეთეთ.’
[46] და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი – საუკუნო სიცოცხლეში.“