[1] მაშინ იესო ელაპარაკა ხალხს და თავის მოწაფეებს.
[2] უთხრა: „მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
[3] ამიტომ ყველაფერი, რის დაცვასაც ისინი გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ისინი ამბობენ, და არკი ასრულებენ.
[4] კრავენ მძიმე ტვირთს და ძნელად საზიდს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს, თავად კი თითითაც არ სურთ მისი დაძვრა.
[5] ყველანი თავიანთ საქმეებს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ, იფართოებენ თავიანთ ფილაკტერიონებს და იგრძელებენ სამოსის ფოჩებს;
[6] უყვართ სათავეში სხდომა ნადიმებზე და წინა ადგილებზე ჯდომა სინაგოგებში,
[7] და მისალმებანი მოედნებზე, რომ ადამიანებმა უძახონ მათ: ‘რაბი!’
[8] თქვენ კი ნუ გიწოდებენ რაბის, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი – ქრისტე და თქვენ ყველანი ძმები ხართ.
[9] ნურც მამას უწოდებთ ნურავის ქვეყანაზე, ვინაიდან ერთი მამა გყავთ – ზეციერი.
[10] ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან წინამძღვარი ერთი გყავთ თქვენ – ქრისტე.
[11] უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
[12] ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.
[13] „ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ ცათა სასუფეველს კეტავთ ადამიანთა წინაშე, რადგან არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ უშვებთ.
[14] ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ. ამისათვის უფრო დიდ სასჯელს მიიღებთ.
[15] ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რომ ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ რჯულზე, და როცა მოაქცევთ, გეენას ძედ გახდით, საკუთარ თავზე ორჯერ მეტად.
[16] ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომლებიც ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის ვალდებულიაო.
[17] უგუნურებო და ბრმებო! რა უფრო დიდია: ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
[18] და: ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, არაფერია, ხოლო ვინც დაიფიცებს ძღვენს, რომელიც მასზეა, ის ვალდებულიაო.
[19] ბრმებო, რომელი უფრო დიდია: ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ განწმედს?
[20] ვინაიდან ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
[21] და ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მყოფსაც.
[22] და ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღვთის ტახტსაც და მასზე მჯდომსაც.
[23] ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს და მიტოვებული გაქვთ ის, რაც უფრო მთავარია რჯულში – განკითხვა, წყალობა და სარწმუნეობა. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა მიგეტოვებინათ.
[24] ბრმა წინამძღოლებო, კოღოს მწურავებო და აქლემთა მყლაპავებო!
[25] ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან კი ასუფთავებთ სასმისსა თუ ჯამს, მაგრამ შიგნით სავსეა მტაცებლობით და უსამართლობით.
[26] ბრმა ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავე სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
[27] ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსეა მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმიდურებით.
[28] ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობით და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
[29] ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ აშენებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს.
[30] ამბობთ: ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
[31] ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
[32] ბარემ თქვენც ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო!
[33] იქედნეთა ნაშობო გველებო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
[34] „ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს, და თქვენ მოკლავთ ზოგიერთ მათგანს და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში.
[35] გეწევათ მთელი ეს მართალი სისხლი, მიწაზე დათხეული, აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბარაქიას ძის სისხლამდე, რომელიც ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის მოჰკალით.
[36] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ მოდგმას.
[37] „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან მოვლინებულთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
[38] აჰა, გრჩებათ აოხრებული თქვენი სახლი.
[39] ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’“