[1] მაშინ სულმა წაიყვანა იესო უდაბნოში ეშმაკისაგან გამოსაცდელად.
[2] ორმოც დღეს და ორმოც ღამეს იმარხულა და ბოლოს მოშივდა.
[3] მიუახლოვდა მას მაცდური და უთხრა: „თუ შენ ღვთის ძე ხარ, თქვი, რომ ეს ქვები პურებად იქცნენ.“
[4] ხოლო მან მიუგო და უთხრა: „დაწერილია, რომ ‘არა მხოლოდ პურით ცოცხლობს კაცი, არამედ ღვთის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით.’“
[5] მაშინ წაიყვანა იგი ეშმაკმა წმიდა ქალაქში და დააყენა ტაძრის ქიმზე.
[6] უთხრა მას: „თუ ღვთის ძე ხარ, გადაიგდე თავი ძირს, ვინაიდან დაწერილია: „თავის ანგელოზებს უბრძანებს შენზე და ისინი ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა.“
[7] უთხრა მას: „ასევე დაწერილია: ‘არ გამოსცადო უფალი, ღმერთი შენი.’“
[8] ისევ წაიყვანა იგი ეშმაკმა ძალიან მაღალ მთაზე, უჩვენა სოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება.
[9] უთხრა მას: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ.“
[10] მაშინ იესომ უთხრა: „განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე.’“
[11] მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა და აჰა, ანგელოზები მიეახლნენ და ემსახურებოდნენ მას.
[12] გაიგო იესომ, რომ იოანე გაცემულია და წავიდა გალილეას.
[13] მიატოვა ნაზარეთი, მივიდა და დასახლდა ზღვის პირას მდებარე კაპერნაუმში, ზებულუნისა და ნეფთალის საზღვრებში,
[14] რათა აღსრულებულიყო ნათქვამი ესაია წინასწარმეტყველის, რომელიც ამბობს:
[15] „ზებულუნის მიწა და ნეფთალის მიწა, ზღვისპირა გზა იორდანეს გაღმით, წარმართთა გალილეა.
[16] ხალხმა, რომელიც ბნელში ისხდა, იხილა დიდი ნათელი, ჩრდილის ქვეყანაში მსხდომთ ნათელი ამოუბრწყინდათ.“
[17] იმ დროიდან მოყოლებული დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.“
[18] როცა გალილეის ზღვის ნაპირას მიდიოდა, მან დაინახა ორი ძმა: სიმონი, პეტრედ წოდებული, და ანდრია, მისი ძმა. ბადეებს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ.
[19] უთხრა მათ: „მომყევით მე და ადამიანთა მებადურებად გაგხდით.“
[20] მათ მყისვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
[21] იქიდან წავიდა და დაინახა სხვა ორი ძმა: იაკობი, ზებედეს ძე და იოანე, მისი ძმა, რომელნიც თავიანთ მამასთან, ზებედესთან ერთად ნავში ბადეებს ამზადებდნენ, და მოუხმო მათ.
[22] მათ მყისვე მიატოვეს ნავიც და მამაც და გაჰყვნენ მას.
[23] და მიმოდიოდა იესო მთელ გალილეაში, ასწავლიდა მათ სინაგოგებში, ქადაგებდა სასუფევლის სახარებას და კურნავდა ყოველგვარ სენს, ყოველნაირ უძლურებას ადამიანებში.
[24] მოედო მისი ამბავი მთელ სირიას. და მოჰყავდათ მასთან ყველა უძლური, სხვადასხვა სნეულებით და სატანჯველით შეპყრობილნი, ეშმაკეულნი, მთვარეულნი, დავრდომილნი და ის კურნავდა მათ.
[25] დიდძალი ხალხი მისდევდა მას გალილეიდან და დეკაპოლისიდან, იერუსალიმიდან და იუდეადან და იორდანეს გაღმიდან.