[1] იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და ქადაგებდა იუდეას უდაბნოში.
[2] ამბობდა: „მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი.
[3] ვინაიდან ეს არის ის, ვისზეც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა: ‘ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.’“
[4] თვითონ იოანეს ემოსა აქლემის ბეწვის სამოსი და წელზე ერტყა ტყავის სარტყელი. ხოლო საზრდოდ ჰქონდა კალიები და ველური თაფლი.
[5] მაშინ მასთან გამოდიოდა იერუსალიმი, მთელი იუდეა და მთელი იორდანეს სანახები.
[6] ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
[7] როცა იოანემ დაინახა მისკენ მოსანათლავად მომავალი მრავალი ფარისეველი და სადუკეველი, უთხრა მათ: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ მომავალ რისხვას გაქცეოდით?
[8] მაშ, შექმენით მონანიების ღირსი ნაყოფი
[9] და ნუ იფიქრებთ, თქვათ თქვენთვის: ჩვენ მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.
[10] ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ.
[11] მე წყლით გნათლავთ მოსანანიებლად. მაგრამ ჩემს შემდეგ მომავალი ჩემზე ძლიერია, ვისი სანდლის ტარების ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით.
[12] მისი ნიჩაბი მის ხელთაა. ის გაწმედს თავის კალოს, ბეღელში მოაგროვებს თავის ხორბალს, ხოლო ბზეს დაწვავს ჩაუქრობელი ცეცხლით.“
[13] მაშინ გალილეიდან იორდანეზე მოვიდა იესო იოანესთან, რათა მის მიერ მონათლულიყო.
[14] ხოლო იოანე აკავებდა და ეუბნებოდა: „მე უნდა მოვინათლო შენგან, შენ კი ჩემთან მოდიხარ?“
[15] მიუგო იესომ და უთხრა მას: „ასე იყოს, ვინაიდან ასე გვმართებს ჩვენ მთელი სიმართლის აღსრულება.“ მაშინ მიუშვა იგი.
[16] ნათელღებული იესო მყისვე ამოვიდა წყლიდან და აჰა, გაიხსნენ ცანი და მან იხილა ღვთის სული, მტრედივით გარდმომავალი, მასზე რომ ეშვებოდა.
[17] აჰა, ხმა იყო ციდან, რომელიც ამბობდა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“