Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:53

[1] იმ დროს ესმა ჰეროდეს – ტეტრარქს – იესოს ამბავი.

[2] და უთხრა თავის მსახურებს: „ეს იოანე ნათლისმცემელია, მკვდრეთით აღდგა და ამიტომ სასწაულნი მოქმედებენ მასში.“

[3] ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, შებორკა და საპყრობილეში ჩასვა თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას, გამო.

[4] ვინაიდან იოანე ეუბნებოდა მას: შენთვის ნებადართული არ არის მისი ყოლა.

[5] და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ ხალხისა ეშინოდა, რადგან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი.

[6] ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდიას ასულმა იცეკვა შეკრებილთა წინაშე და აამა ჰეროდეს.

[7] ამიტომ ფიცით შეჰპირდა მას, მიეცა, რაც არ უნდა ეთხოვა.

[8] ხოლო მან, თავისი დედისაგან დარიგებულმა, უთხრა: „მომეცი აქ ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი.“

[9] და შეწუხდა მეფე, მაგრამ, ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, ბრძანა მიცემა.

[10] და წარგზავნა და იოანესათვის თავი მოაკვეთინა საპყრობილეში.

[11] და მოიტანეს მისი თავი ლანგრით და მისცეს ქალიშვილს, მან კი თავის დედას მიართვა.

[12] და მოვიდნენ მისი მოწაფეები, წაიღეს მისი ნეშტი და დამარხეს. მივიდნენ და აუწყეს იესოს.

[13] ეს რომ იესომ მოისმინა, წავიდა იქიდან ნავით და ერთ უდაბურ ადგილას განმარტოვდა. და ეს რომ ხალხმა გაიგო, ფეხით გაედევნა მას ქალაქებიდან.

[14] გამოვიდა და, უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი და განკურნა მათი სნეულები.

[15] როცა მოსაღამოვდა, მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: „აქ უდაბნო ადგილია, ჟამიც გვიანია. გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ სოფლებში და საჭმელი იყიდონ თავისთვის.“

[16] იესომ კი უთხრა მათ: „არ არის საჭირო მათი წასვლა. თქვენ მიეცით საჭმელი.“

[17] მათ უთხრეს: „ჩვენ აქ მხოლოდ ხუთი პური და ორი თევზი გვაქვს.“

[18] მან უთხრა: „აქ მომიტანეთ.“

[19] და უბრძანა ხალხს, ბალახზე დამსხდარიყვნენ. აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დაამტვრია და დაურიგა პურები მოწაფეებს, მოწაფეებმა კი – ხალხს.

[20] ყველამ ჭამა და გაძღა. ხოლო დარჩენილი ნატეხებისგან აკრიფეს თორმეტი სავსე გოდორი.

[21] მჭამელი კი ხუთი ათასამდე კაცი იყო, გარდა ქალებისა და ბავშვებისა.

[22] და მაშინვე აიძულა იესომ თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ გაღმა, ვიდრე ის ხალხს გაუშვებდა.

[23] როცა გაუშვა ხალხი, მთაზე ავიდა, რათა განმარტოებით ელოცა. მოსაღამოვდა და იგი მარტო იყო იქ.

[24] ნავი უკვე მრავალ სტადიონზე წასულიყო ხმელეთიდან და ტალღები ეხეთქებოდნენ მას, რადგან პირქარი იყო.

[25] ღამის მეოთხე გუშაგობისას მივიდა მათთან იესო პირდაპირ ზღვაზე სვლით.

[26] მოწაფეებმა ზღვაზე მავალი რომ დაინახეს, შეძრწუნდნენ და თქვეს: ეს მოჩვენებააო, და შიშისაგან შეჰყვირეს.

[27] მაგრამ იესო მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა: „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“

[28] მიუგო მას პეტრემ და უთხრა: „უფალო, თუ ეს შენა ხარ, მიბრძანე, მოვიდე შენთან წყალდაწყალ.“

[29] უთხრა: „მოდი!“ პეტრე გადმოვიდა ნავიდან და წყალდაწყალ წავიდა, რათა იესოსთან მისულიყო.

[30] მაგრამ, ქარი რომ დაინახა, შეეშინდა, ჩაძირვა დაიწყო და იყვირა: „უფალო, მიხსენი მე!“

[31] იესომ იმ წამსვე გაუწოდა ხელი, ამოიყვანა და უთხრა: „რატომ დაეჭვდი, მცირედმორწმუნევ?“

[32] როცა ისინი ნავში ავიდნენ, ქარი ჩადგა.

[33] ნავში მყოფებმა თაყვანი სცეს მას და უთხრეს: „ჭეშმარიტად ღვთის ძე ხარ შენ.“

[34] გაღმა გავიდნენ და მივიდნენ გენესარეთის ქვეყანაში.

[35] იმ ადგილის ხალხმა იცნო იგი, წარგზავნეს მთელს იმ მხარეს და მოჰყავდათ მასთან ყველა ავადმყოფი.

[36] და ევედრებოდნენ მას, რომ მისი სამოსის კალთას მაინც შეხებოდნენ. და ვინც შეეხო, განიკურნა.

მათეს სახარება — Chapters