Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 9:39

[1] რაკი უკვე ბევრმა მიჰყო ხელი ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა თანმიმდევრულ აღწერას,

[2] როგორც გადმოგვცეს თავიდანვე თვითმხილველებმა და სიტყვის მსახურებმა,

[3] მეც მივიჩნიე, რომ მას შემდეგ, რაც გულდასმით გამოვიკვლიე ყოველივე თავიდან, თანმიმდევრულად აგიწერო, ღირსეულო თეოფილე,

[4] რომ შეიცნო იმ მოძღვრების ჭეშმარიტება, რომელიც გისწავლია.

[5] იუდეის მეფის, ჰეროდეს, დღეებში იყო მღვდელი ვინმე, სახელად ზაქარია, აბიას რიგიდან, ხოლო მისი ცოლი იყო აარონის ასულთაგანი, სახელად ელისაბედი.

[6] ისინი ორივენი მართლები იყვნენ ღვთის წინაშე, უმწიკვლოდ იქცეოდნენ უფლის ყოველი მცნებითა და წესდებით.

[7] მათ არ ჰყავდათ შვილი, ვინაიდან ელისაბედი ბერწი იყო, და ორივენი უკვე ხანგადასულნი იყვნენ.

[8] ერთხელ, როცა თავისი ყოველდღიური რიგისამებრ, მსახურებდა ღვთის წინაშე,

[9] მღვდელთა სამსახურის წესით, მას წილად ხვდა კმევა და შევიდა უფლის ტაძარში.

[10] უამრავი ხალხი ლოცულობდა გარეთ კმევის დროს, –

[11] ეჩვენა მას უფლის ანგელოზი, საკმევლის სამსხვერპლოს მარჯვნივ მდგარი.

[12] და შეკრთა მისი ხილვით ზაქარია და შიში დაეცა მას.

[13] უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილია შენი ლოცვა, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს და დაარქმევ მას სახელად იოანეს.

[14] გექნება შენ სიხარული და მხიარულება და მრავალი გაიხარებს მისი შობით.

[15] ვინაიდან დიდი იქნება ის უფლის წინაშე, ღვინოსა და თაფლუჭს არ დალევს და სულიწმიდით აღივსება დედის მუცლიდანვე.

[16] მრავალ ისრაელიანს მოაქცევს უფლისაკენ – მათი ღვთისაკენ.

[17] და ის ივლის მის წინაშე ელიას სულით და ძალით, რომ მოაქციოს მამათა გულები შვილთა მიმართ, ხოლო ურჩნი მართალთა გონებაზე და წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი.“

[18] უთხრა ზაქარიამ ანგელოზს: „რითი გავიგებ ამას? მე ხომ მოხუცებული ვარ და ჩემი ცოლიც უკვე ხანგადასულია.“

[19] მიუგო ანგელოზმა და უთხრა მას: „მე ვარ გაბრიელი, ღვთის წინაშე მდგომელი. წარმოგზავნილი ვარ, რათა გელაპარაკო და გახარო ეს.

[20] და აჰა, დადუმდები და ვერ შეძლებ ლაპარაკს იმ დღემდე, ვიდრე ეს ახდება, რაკი არ ერწმუნე ჩემს სიტყვებს, რომლებიც აღსრულდება თავის დროზე.“

[21] ხალხი კი იდგა და ელოდა ზაქარიას და უკვირდათ მისი დაყოვნება ტაძარში.

[22] როცა გამოვიდა, მათთვის ხმის გაცემა ვერ შეძლო. და მიხვდნენ, რომ ჩვენება იხილა ტაძარში. ანიშნებდა მათ და დარჩა უტყვად.

[23] და როცა დასრულდა მისი მსახურების დღენი, შინ წავიდა.

[24] იმ დღეების შემდეგ დაორსულდა ელისაბედი, მისი ცოლი. ხუთ თვეს იმალებოდა და ამბობდა:

[25] „ასე მიყო უფალმა ამ დღეებში, როცა მომხედა, რომ მოეშორებინა ჩემთვის სირცხვილი ადამიანთა თვალში.“

[26] მეექვსე თვეს კი წარმოიგზავნა ღვთისაგან გაბრიელ ანგელოზი გალილეის ქალაქს, რომლის სახელია ნაზარეთი,

[27] ქალწულთან, რომელიც დანიშნული იყო კაცზე, სახელად იოსებზე, დავითის სახლიდან, და ქალწულის სახელი იყო მარიამი.

[28] და შევიდა მასთან და უთხრა: „გიხაროდეს, მიმადლებულო, შენთანაა უფალი. კურთხეული ხარ შენ დედათა შორის.“

[29] ის შეშფოთდა ამ სიტყვებზე და ჩაფიქრდა: რას უნდა ნიშნავდესო ეს მისალმება?

[30] და უთხრა მას ანგელოზმა: „ნუ გეშინია, მარიამ, ვინაიდან მადლი ჰპოვე ღმერთთან.

[31] აჰა, დაორსულდები და შობ ძეს და სახელად იესოს დაარქმევ.

[32] დიდი იქნება ის და უზენაესის ძედ იწოდება. და მისცემს მას უფალი ღმერთი მისი მამის, დავითის, ტახტს.

[33] და საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და მის მეფობას არ ექნება დასასრული.“

[34] უთხრა მარიამმა ანგელოზს: „როგორ იქნება ეს, როცა მე მამაკაცი არ ვიცი?“

[35] მიუგო ანგელოზმა და უთხრა: „სულიწმიდა გადმოვა შენზე და მაღლის ძალა მოგიჩრდილავს. ამიტომ წმიდა შობილი იწოდება ღვთის ძედ.

[36] აჰა, შენს ნათესავ ელისაბედსაც სიბერეში ჩაესახა ძე და მეექვსე თვეშია უკვე.

[37] ვინაიდან ღმერთთან არავითარი სიტყვა არ დარჩება შეუძლებელი.“

[38] თქვა მარიამმა: „აჰა, უფლის მხევალი ვარ. მეყოს მე შენი სიტყვისამებრ.“ და განეშორა მას ანგელოზი. „ადიდებს სული ჩემი უფალსა!“

[39] ადგა მარიამი იმ დღეებში და საჩქაროდ წავიდა მთიან მხარეში, იუდეის ქალაქში.

[40] და შევიდა ზაქარიას სახლში და მიესალმა ელისაბედს.

[41] როცა ელისაბედმა მარიამის მისალმება მოისმინა, ყრმა შეუტოკდა მუცელში. და აღივსო ელისაბედი სულიწმიდით.

[42] და დაიძახა ხმამაღლა და თქვა: „კურთხეული ხარ დედათა შორის, და კურთხეულია შენი მუცლის ნაყოფი!

[43] ვინა ვარ მე, რომ ჩემი უფლის დედა მოვიდა ჩემთან?

[44] ვინაიდან, როცა შენი მოსალმების ხმა მოსწვდა ჩემს ყურს, სიხარულით შეტოკდა ყრმა ჩემს მუცელში.

[45] ნეტარია, ვინც ირწმუნა, ვინაიდან აღსრულდება უფლის მიერ თქმული მის მიმართ.“

[46] და თქვა მარიამმა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა,

[47] და იზეიმა სულმა ჩემმა ღმერთში, ჩემს მაცხოვარში.

[48] ვინაიდან მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს და ამიერიდან ნეტარად ჩამთვლის მე ყოველი თაობა.

[49] ვინაიდან დიდი საქმე მიყო ძლიერმა და წმიდაა სახელი მისი.

[50] და მისი წყალობა მის მოშიშებს თაობიდან თაობამდე.

[51] ქმნა სიმტკიცე თავისი მკლავით; გაფანტა ამპარტავანნი მათი გულისზრახვებთან ერთად;

[52] ტახტებიდან გადმოყარა ძლიერნი და აამაღლა თავმდაბალნი;

[53] მშიერნი სიკეთით აღავსო და მდიდარნი ხელცარიელი გაუშვა;

[54] შეეწია თავის მსახურს, ისრაელს, გაიხსენა წყალობა,

[55] როგორც ეუბნებოდა ჩვენს მამებს – აბრაამს და მის მოდგმას საუკუნოდ.“

[56] დარჩა მარიამი მასთან სამიოდე თვეს და დაბრუნდა თავის სახლში.

[57] ელისაბედს კი დაუდგა მშობიარობის ჟამი და შვა ვაჟი.

[58] და ესმათ მის მეზობლებსა და ნათესავებს, რომ განადიდა უფალმა თავისი წყალობა მის მიმართ და მასთან ერთად ხარობდნენ.

[59] მერვე დღეს მივიდნენ ბავშვის წინადასაცვეთად და უნდოდათ დაერქმიათ მამამისის სახელი – ზაქარია.

[60] მიუგო დედამისმა და თქვა: „არა, იოანე ერქმევა მას.“

[61] უთხრეს მას, რომ შენს ნათესაობაში არავინ არის, რომ ეგ სახელი ერქვას.

[62] ნიშნებით ჰკითხეს მამამისს, რისი დარქმევა სურდა.

[63] და ფიცარი მოითხოვა და დაწერა: „იოანეა მისი სახელი.“ და ყველას გაუკვირდა ეს.

[64] უცებ გაეხსნა მას პირი და ენა, ალაპარაკდა და ადიდა ღმერთი.

[65] შიშმა მოიცვა ყველა, ვინც მათ ირგვლივ ცხოვრობდა. და ყოველივე ამაზე დიდი მითქმა-მოთქმა იყო მთელი იუდეის მთიანეთში.

[66] ყველამ, ვინც მოისმინა ეს, გულში ჩაიდო და თქვა: „რა იქნება ეს ყრმა?“ და უფლის ხელი იყო მასთან.

[67] მამამისი ზაქარია აღივსო სულიწმიდით და წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:

[68] „კურთხეულ არს უფალი, ღმერთი ისრაელისა, რადგან მოხედა თავის ხალხს და გაუმზადა მას გამოსყიდვა.

[69] აღგვიდგინა რქა ხსნისა თავისი მსახურის, დავითის სახლში,

[70] როგორც ელაპარაკებოდა ძველთაგანვე თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით,

[71] რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისა და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;

[72] წყალობას უყოფდა ჩვენს მამებს და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;

[73] ფიცს, რომლითაც შეჰფიცა ჩვენს მამას, აბრაამს, რომ შეგვაძლებინებდა ჩვენ,

[74] ჩვენი მტრების ხელიდან თავდახსნილთ, უშიშრად

[75] გვემსახურა მისთვის სიწმიდით და სიმართლით მის წინაშე, მთელი ჩვენი სიცოცხლე.

[76] და შენ, ყრმაო, დაგერქმევა მაღლის წინასწარმეტყველი, ვინაიდან იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად,

[77] რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით,

[78] ჩვენი ღვთის გულმოწყალებით, რომლითაც გადმოგვხედა აღმოსავლეთმა მაღლიდან,

[79] ბნელში და სიკვდილის ჩრდილში მსხდომარეთათვის გასანათებლად, ჩვენს ფერხთა წასამართავად სამშვიდობო გზაზე.“

[80] ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, და უდაბნოში იყო იმ დღეებამდე, ვიდრე ისრაელს გამოეცხადებოდა.

ლუკას სახარება — Chapters