Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:14

[1] ერთშაბათს, უთენია მოვიდნენ სამარხთან და მოიტანეს სურნელებანი, რომლებიც მომზადებული ჰქონდათ.

[2] და ნახეს ლოდი, სამარხიდან გადაგორებული.

[3] მაგრამ რომ შევიდნენ, ვერ ნახეს უფალ იესოს გვამი.

[4] ამის გამო შეფიქრიანდნენ და, აჰა, მათ წინაშე წარსდგა ორი მამაკაცი, ბრწყინვალე სამოსლით მოსილი.

[5] რაკი შეძრწუნდნენ და სახე მიწად დახარეს, მათ უთხრეს: „რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებს შორის?

[6] არ არის აქ, არამედ აღდგა. გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ, როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო,

[7] რომ ძე კაცისა ცოდვილ კაცთა ხელთ უნდა გადაეცეს, ჯვარს ეცვას და მესამე დღეს აღდგესო.“

[8] და მათ გაიხსენეს მისი სიტყვები.

[9] დაბრუნდნენ სამარხიდან და ყოველივე ეს უამბეს იმ თერთმეტს და ყველა დანარჩენს.

[10] ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა და იაკობის დედა მარიამი, და დანარჩენები მათთან ერთად, რომლებმაც მოუთხრეს მოციქულებს ეს ამბავი.

[11] მაგრამ ეს სიტყვები ფუჭად ეჩვენათ და არ დაუჯერეს მათ.

[12] ხოლო პეტრე ადგა, გაიქცა სამარხისკენ და, რომ დაიხარა, მხოლოდ ტილოები დაინახა, და დაბრუნდა მომხდარის გამო გაკვირვებული.

[13] და აჰა, იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა ერთ სოფელში, რომელიც სამოცი სტადიონით იყო დაშორებული იერუსალიმიდან და ერქვა ემაუსი.

[14] ისინი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ ყოველივე ამის გამო.

[15] ამ ლაპარაკსა და მსჯელობაში რომ იყვნენ, თავად იესო მიუახლოვდა და დაემგზავრა მათ.

[16] მაგრამ თვალები დაბმული ჰქონდათ და ვერ იცნეს იგი.

[17] უთხრა მათ: „რაზე მსჯელობდით გზაზე ერთმანეთში?“ ისინი შეჩერდნენ დაღონებულნი.

[18] მიუგო ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ და უთხრა მას: „ნუთუ ერთი შენა ხარ უცხო იერუსალიმში, რომ არ იცი, რაც იქ ამ დღეებში მოხდა?“

[19] და უთხრა მათ: „რა მოხდა?“ მათ უთხრეს მას: „იესო ნაზარეველზე ვლაპარაკობთ, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე,

[20] როგორ გადასცეს იგი ჩვენმა მღვდელმთავრებმა და მთავრებმა სიკვდილის მისასჯელად და ჯვარს აცვეს.

[21] ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ იგი სწორედ ის იყო, ვისაც უნდა გამოეხსნა ისრაელი. ყველაფერ ამასთან ერთად, უკვე მესამე დღეა, რაც ეს მოხდა.

[22] მაგრამ ზოგიერთმა ჩვენიანმა დედაკაცმა გაგვაოცა. ისინი დილაადრიან იყვნენ სამარხთან

[23] და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და თქვეს, რომ იხილეს ჩვენება ანგელოზთა, რომელთაც უთქვამთ, ცოცხალიაო.

[24] ზოგიერთი ჩვენთაგანიც წავიდა სამარხისაკენ და მართლაც, იგივე დაინახეს, რასაც დედაკაცები ამბობდნენ. ის კი ვერ ნახეს.“

[25] მან უთხრა მათ: „ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ!

[26] განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“

[27] და დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს.

[28] მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ის კი თითქოს გზის გაგრძელებას აპირებდა.

[29] მაგრამ ისინი აკავებდნენ მას და ეუბნებოდნენ: „დარჩი ჩვენთან, ვინაიდან დღე უკვე მიიწურა და მწუხრი ჩამოდგა.“ ისიც შევიდა, რომ დარჩენილიყო მათთან.

[30] როცა მათთან იჯდა, აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ.

[31] მაშინ თვალი აეხილათ და იცნეს. მაგრამ ის უჩინარი შეიქნა მათთვის.

[32] უთხრეს ერთმანეთს: „განა არ გიზგიზებდა ჩვენი გული ჩვენში, როცა გზაში გველაპარაკებოდა და როცა წერილებს განგვიმარტავდა?“

[33] ადგნენ იმავე ჟამს და დაბრუნდნენ იერუსალიმში, მონახეს შეკრებილნი თერთმეტნი და მათთან მყოფნი,

[34] რომელნიც ამბობდნენ, რომ უფალი ჭეშმარიტად აღდგა და ეჩვენა სიმონს.

[35] მათაც უამბეს გზაში მომხდარი და ისიც, როგორ იცნეს იგი პურის გატეხისას.

[36] ამ ლაპარაკში რომ იყვნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შუა და უთხრა: „მშვიდობა თქვენდა!“

[37] შეძრწუნებულებსა და შეშინებულებს ეგონათ, რომ სულს ხედავდნენ.

[38] მაგრამ მან უთხრა: „რატომ შეძრწუნდით და რატომ გებადებათ გულში ასეთი ფიქრები?

[39] შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს. ეს მე ვარ თვითონ. შემეხეთ მე და ნახეთ, რადგან სულს არა აქვს ხორცი და ძვლები, მე კი მაქვს, როგორც ხედავთ.“

[40] ეს რომ უთხრა, უჩვენა მათ ხელები და ფეხები.

[41] რადგან სიხარულისაგან მათ ჯერ კიდევ არ ეჯერებოდათ და გაკვირვებულნი იყვნენ, უთხრა მათ: „გაქვთ აქ რამე საჭმელი?“

[42] მათ მიაწოდეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და თაფლის გოლეული.

[43] გამოართვა და შეჭამა მათ წინაშე. ხოლო მორჩენილი აიღო და მისცა მათ.

[44] უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სიტყვები, რომელთაც გეუბნებოდით, ვიდრე თქვენთან ვიყავი: უნდა შესრულდეს ყოველივე, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში.“

[45] მაშინ გაუხსნა მათ გონება წერილთა გასაგებად

[46] და უთხრა მათ: „ასე სწერია, რომ ქრისტე უნდა დაიტანჯოს და მკვდრეთით აღდგეს მესამე დღეს;

[47] და მისი სახელით ნაქადაგები უნდა იყოს მონანიება ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.

[48] თქვენ კი ამის მოწმენი ხართ.

[49] და აჰა, მე მოვავლენ თქვენზე მამაჩემის აღთქმულს. თქვენ კი დარჩით ქალაქში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ.“

[50] და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე და აღაპყრო ხელები, და აკურთხა ისინი.

[51] როგორც კი აკურთხა, განშორდა მათ და ამაღლდა ზეცაში.

[52] მათ თაყვანი სცეს მას და დაბრუნდნენ იერუსალიმში დიდი სიხარულით.

[53] და სულმუდამ ტაძარში იყვნენ, ღვთის მადიდებელნი და მაკურთხეველნი. ამინ.

ლუკას სახარება — Chapters