[1] ერთხელ, შაბათს, ყანებზე გადავლა მოუხდა; და მისი მოწაფეები წყვეტდნენ თავთავებს, ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
[2] ფარისეველთაგან ზოგიერთებმა უთხრეს მათ: „რატომ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც შაბათს არაა ნებადართული?“
[3] და მიუგო და უთხრა მათ იესომ: „ნუთუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მასთან მყოფებს?
[4] როგორ შევიდა ღვთის სახლში, აიღო და შეჭამა საწინაშეო პურები და თავისთან მყოფთაც დაურიგა, რომლის ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა?“
[5] და უთხრა მათ: „შაბათის ბატონიც არის კაცის ძე.“
[6] და მოხდა, რომ ერთ სხვა შაბათსაც შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. იქ იყო კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.
[7] მწიგნობარნი და ფარისეველნი უთვალთვალებდნენ მას, აბა, შაბათს თუ განკურნავსო, რათა ეპოვათ როგორ დაედოთ ბრალი მისთვის.
[8] მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა კაცს, რომელსაც ხელი გამხმარი ჰქონდა: „ადექ და გამოდი შუაში!“ ისიც ადგა და დადგა შუაში.
[9] უთხრა იესომ მათ: „გეკითხებით თქვენ: შაბათ დღეს კეთილის კეთება შეიძლება თუ ბოროტისა? სულის ხსნა შეიძლება თუ დაღუპვა?“
[10] და თვალი მოავლო ყველას და უთხრა მას: „გაიწოდე შენი ხელი!“ ასეც მოიქცა და მოურჩა ხელი.
[11] ისინი კი რისხვით აღივსნენ და ურთიერთშორის მსჯელობდნენ, რა ექნათ იესოსთვის.
[12] იმ დღეებში წავიდა იგი მთაზე სალოცავად და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა.
[13] დღე რომ დადგა, დაუძახა თავის მოწაფეებს და ამოირჩია მათგან თორმეტი, რომელთაც მოციქულები უწოდა:
[14] სიმონი, რომელსაც პეტრე შეარქვა, მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართოლომე,
[15] მათე და თომა, იაკობ ალფესი და სიმონი, მოშურნედ წოდებული.
[16] იუდა იაკობის ძე და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
[17] და ჩავიდა მათთან ერთად და დადგა ვაკე ადგილას. იქ იყო მრავალი მისი მოწაფე და ბევრი ხალხი იუდეიდან და იერუსალიმიდან, და ზღვისპირეთიდან – ტვიროსიდან და ციდონიდან,
[18] რომელნიც მოვიდნენ, რომ მისთვის მოესმინათ და თავიანთი სნეულებებისგან განკურნებულიყვნენ – უწმიდური სულით გატანჯულნიც – და იკურნებოდნენ.
[19] მთელი ხალხი ცდილობდა შეხებოდა მას, ვინაიდან მისგან გამოდიოდა ძალა და ყველას კურნავდა.
[20] აღმართა მზერა თავის მოწაფეებზე და უთხრა: „ნეტარნი ხართ, გლახაკნი, ვინაიდან თქვენია ღვთის სასუფეველი.
[21] ნეტარნი ხართ, ვისაც ახლა გშიათ, ვინაიდან გაძღებით. ნეტარნი ხართ, ვინც ახლა ტირით, ვინაიდან გაიცინებთ.
[22] ნეტარნი ხართ, როცა შეგიძულებენ ადამიანები, როცა გაგყრიან და გაგლანძღავენ, ხოლო თქვენს სახელს განდევნიან, როგორც ბოროტს, კაცის ძის გამო.
[23] გაიხარეთ იმ დღეს და გამხიარულდით, ვინაიდან, აჰა, დიდია თქვენი საზღაური ცაში, ვინაიდან ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთ მათი მამები.
[24] მაგრამ, ვაი თქვენ, მდიდარნო, ვინაიდან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეშისცემა.
[25] ვაი თქვენ, მაძღარნო, აწ, ვინაიდან მოგშივდებათ. ვაი თქვენ, ვინც ახლა იცინით, ვინაიდან იგლოვებთ და იტირებთ.
[26] ვაი თქვენ, როცა ყველანი კარგს ილაპარაკებენ თქვენზე. ასევე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთ მათი მამები.
[27] ხოლო თქვენ, ვინც მისმენთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და სიკეთე უყავით თქვენს მოძულეებს.
[28] აკურთხებდეთ თქვენს მაწყევრებს და ლოცულობდეთ თქვენსავე შეურაცხმყოფელთათვის.
[29] ვინც ლოყაში გაგარტყას, მეორეც მიუშვირე. ვინც სამოსელი წაგართვას, მოსასხამსაც ნუ დაუჭერ.
[30] ყველას, ვინც გთხოვოს, მიეცი და ვინც გამოგართმევს, უკან ნუღარ მოსთხოვ.
[31] როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ.
[32] თუ თქვენი მოყვარულნი გეყვარებათ, თქვენთვის რა მადლია? ვინაიდან ცოდვილთაც უყვართ თავიანთი მოყვარულნი.
[33] თუ სიკეთეს უზამთ თქვენს კეთილისმყოფელთ, თქვენთვის რა მადლია? ცოდვილნიც ასევე აკეთებენ.
[34] თუ სესხს აძლევთ იმას, ვისი იმედიც გაქვთ, რომ უკან დაგიბრუნებთ, ეს რაღა მადლია? ცოდვილნიც ასესხებენ ცოდვილთ, რომ დაიბრუნონ იმდენივე.
[35] ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, სიკეთე უყავით და ასესხეთ და ნურაფერს მოელით, და დიდი იქნება თქვენი საზღაური: მაღლის ძენი იქნებით, ვინაიდან იგი კეთილია უმადურთა და ბოროტთა მიმართაც.
[36] იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც თქვენი მამაა გულმოწყალე.
[37] ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით; მსჯავრს ნუ დასდებთ და არ დაგედებათ მსჯავრი; მიუტევეთ და მოგეტევებათ.
[38] მიეცით და თქვენც მოგეცემათ: კარგი საწყაო, დატკეპნილი, გატენილი და პირთამდე სავსე, მოგეცემათ თქვენსავე კალთაში. რადგან რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ.“
[39] იგავიც უთხრა მათ: „განა შეუძლია ბრმას ბრმის მეგზურობა? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივდებიან?
[40] მოწაფე მასწავლებელზე მეტი არ არის, ხოლო ყველა სწავლაგასრულებული, ისეთივე იქნება, როგორც მისი მასწავლებელი.
[41] რად უყურებ წველს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ამჩნევ?
[42] ანდა როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მიმიშვი, ამოგიღო თვალიდან წველი, საკუთარ თვალში კი დირეს ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, თუ როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას თვალიდან წველი.
[43] არ არსებობს კარგი ხე, რომელმაც ცუდი ნაყოფი გამოიღოს; არც ცუდი ხე, რომელმაც კარგი ნაყოფი გამოიღოს.
[44] ვინაიდან ყოველი ხე თავისი ნაყოფით შეიცნობა: ეკალზე ხომ ვერ მოკრეფენ ლეღვს და არც მაყვლის ბუჩქებზე იკრიფება ყურძენი.
[45] კეთილი კაცი თავისი გულის კეთილი საუნჯიდან სიკეთეს გამოიღებს, ბოროტი კაცი კი ბოროტისგან ბოროტს გამოიღებს. ვინაიდან გულის სავსებისაგან მეტყველებს მისი პირი.
[46] რატომ მიწოდებთ: ‘უფალო, უფალო!’ და იმას კი არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით?
[47] ყველა, ვინც ჩემთან მოდის, ჩემს სიტყვებს ისმენს და მათ ასრულებს, გიჩვენებთ ვისაცა ჰგავს.
[48] იგი ჰგავს სახლის მშენებელ კაცს, რომელმაც მოთხარა, ჩააღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას მდინარე ეკვეთა იმ სახლს და ძვრა ვერ უყო, ვინაიდან კარგად იყო ნაშენი.
[49] ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს, იგი ჰგავს კაცს, რომელმაც სახლი ააშენა მიწაზე უსაძირკვლოდ და, როცა მდინარე ეკვეთა, უმალ დაინგრა და ძალზე დიდი იყო იმ სახლის ჩამოქცევა.“