[1] უთხრა თავის მოწაფეებსაც: „იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მნე, რომელზეც ამბავი მიუტანეს, რომ მის ქონებას ანიავებდა.
[2] დაიბარა და უთხრა: ‘ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამნეოს ანგარიში, ვინაიდან ვეღარ იქნები მნე.’
[3] მნემ თქვა თავისთვის: ‘როგორ მოვიქცე? ჩემი ბატონი მართმევს სამნეოს. ბარვა არ შემიძლია, მათხოვრობის მრცხვენია.
[4] ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე, რომ მიმიღონ თავიანთ სახლებში, როცა მნეობას ჩამომაშორებენ.’
[5] დაიბარა თავისი ბატონის ყველა მოვალე. პირველს უთხრა: ‘რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?’
[6] მან თქვა: ‘ასი საწყაული ზეთი.’ უთხრა მას: ‘მიიღე შენი ხელწერილი, დაჯექი სასწრაფოდ და დაწერე – ორმოცდაათი.’
[7] მერე სხვას უთხრა: ‘შენ რამდენი გმართებს?’ მან თქვა: ‘ასი კოდი ხორბალი.’ მან უთხრა: ‘მიიღე შენი ხელწერილი და დაწერე – ოთხმოცი.’
[8] შეაქო ბატონმა უსამართლო მნე, ხერხიანად რომ მოიქცა. რადგან ამ სოფლის ძენი ნათლის შვილებზე მოხერხებულნი არიან თავიანთ მოდგმაში.
[9] და მეც გეუბნებით თქვენ: შეიძინეთ მეგობრები უსამართლობის მამონისგან, რომ, როცა გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სავანეში.
[10] მცირედში ერთგული ბევრშიც ერთგულია; და ვინც მცირედშიც უსამართლოა, ბევრშიც უსამართლოა.
[11] ჰოდა, თუ უსამართლო მამონას არ უერთგულეთ, ჭეშმარიტს ვინ განდობთ?
[12] და თუ სხვისას არ უერთგულეთ, თქვენსას ვინ მოგცემთ?
[13] არც ერთ მსახურს არ შეუძლია ორ ბატონს ემსახუროს: ან ერთი უნდა სძულდეს და მეორე უყვარდეს. ან იმ ერთს შეეთვისოს და მეორე დაამციროს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემსახუროთ და მამონასაც!“
[14] ყოველივე ეს ესმოდათ ფარისევლებსაც, რომლებიც ვერცხლის მოყვარულნი იყვნენ, და დასცინოდნენ მას.
[15] და უთხრა მათ: „თქვენ თავს იმართლებთ ადამიანთა წინაშე, მაგრამ ღმერთმა იცის თქვენი გული, ვინაიდან, რაც კაცთა შორის მაღალია, ღვთის წინაშე სისაძაგლეა.
[16] რჯული და წინასწარმეტყველნი იოანემდე იყო. მას შემდეგ ღვთის სასუფეველი იხარება და ყველა ძალით შედის მასში.
[17] უმალ ცა და მიწა გადაივლის, ვიდრე ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.
[18] ყოველი, ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც ქმრის მიერ გაშვებულს შეირთავს, მრუშობს.“
[19] „იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეულსა და ბისონს იცვამდა, ყოველდღე დიდებულად ნადიმობდა.
[20] ასევე იყო ერთი გლახაკი, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან იწვა დაწყლულებული.
[21] ენატრებოდა მდიდრის სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცებით გაძღომა. ძაღლები მოდიოდნენ და წყლულებს ულოკავდნენ.
[22] მოკვდა ის გლახაკი და ანგელოზებმა მიიყვანეს აბრაამის წიაღში. მდიდარიც მოკვდა და დამარხეს.
[23] და ჯოჯოხეთში, ტანჯვა-წამებაში მყოფმა, აახილა თვალები და დაინახა შორიდან აბრაამი და ლაზარეც მის წიაღში.
[24] შესძახა და თქვა: ‘მამაო აბრაამ, შემიწყალე და მომივლინე ლაზარე, რომ დაისველოს თავისი თითის წვერი წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიტანჯები ამ ალში.’
[25] უთხრა აბრაამმა: ‘შვილო, გაიხსენე, რომ უკვე მიიღე შენს სიცოცხლეში სიკეთე და ლაზარემ კი – სიავე. ახლა ის აქ ნუგეშცემულია, შენ კი იტანჯები.
[26] ყოველივე ამის გარდა ჩვენსა და თქვენს შორის დიდი უფსკრულია დამყარებული, ასე რომ გადმოსვლის მსურველები ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვლენ და ვერც თქვენგან ჩვენსკენ.’
[27] თქვა: ‘რაკი ასეა, გეხვეწები, მამაო, მიავლინე ეგ მამაჩემის სახლში.’
[28] ვინაიდან ხუთი ძმა მყავს, რათა მათ დაუმოწმოს, რომ არ მოხვდნენ ამ სატანჯველ ადგილას.’
[29] უთხრა მას აბრაამმა: ‘მათ ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი. იმათ უსმინონ.’
[30] მან თქვა: ‘არა, მამაო აბრაამ, თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, მოინანიებენ.’
[31] უთხრა მას: ‘თუ მოსესა და წინასწარმეტყველთ არ მოუსმენენ, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არ ირწმუნებენ.’“