Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:50

[1] ამასობაში ათასობით ხალხი შეიყარა, ისე რომ, ერთმანეთს თელავდნენ. ჯერ დაიწყო ლაპარაკი თავისი მოწაფეების მიმართ: „მოერიდეთ ფარისეველთა საფუარს, რომელიც პირმოთნეობაა.

[2] არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და დამალული, რომ არ გამჟღავნდეს.

[3] ამიტომ, რაც ბნელში გითქვამთ, ნათელში მოისმენენ, და რაც ყურში იჩურჩულეთ ოთახებში, ერდო-ბანებზე გახმაურდება.

[4] გეუბნებით თქვენ, ჩემო მეგობრებო, ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულსა კლავს და ამის მეტის არაფრის გაკეთება შეუძლია.

[5] მაგრამ გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.

[6] ანდა, განა ხუთი ბეღურა ორი ასარი არა ღირს? და არც ერთი მათგანი დავიწყებული არ არის ღვთის წინაშე.

[7] თქვენს თავზე თმებიც დათვლილია. ჰოდა, ნუ გეშინიათ, თქვენ ბევრ ბეღურაზე უკეთესნი ხართ.

[8] ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მე მაღიარებს ადამიანთა წინაშე, კაცის ძე აღიარებს ღვთის ანგელოზთა წინაშე.

[9] ხოლო, ვინც უარმყოფს ადამიანთა წინაშე, ისიც უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე.

[10] ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება, მაგრამ სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება.

[11] როცა შეგიყვანენ სინაგოგებში მთავართა და ხელისუფალთა წინაშე, ნუ იზრუნებთ იმაზე, როგორ ან რა უპასუხოთ, ან რა ილაპარაკოთ,

[12] ვინაიდან სულიწმიდა გასწავლით მაშინ, რაც უნდა ილაპარაკოთ.“

[13] ხალხიდან ვიღაცამ უთხრა მას: „მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს მემკვიდრეობა.“

[14] მან უთხრა მას: „ადამიანო, ვინ დამაყენა თქვენს მსაჯულად ან გამყოფად?“

[15] უთხრა მათ: „დაუკვირდით და დაიცავით თავი ყოველი ანგარებისაგან, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე მისი ქონების სიუხვეზე როდია დამოკიდებული.“

[16] და უთხრა მათ იგავი: „ერთ მდიდარ კაცს ყანაში კარგი მოსავალი მოუვიდა.

[17] იფიქრა თავისთვის: ‘რა ვქნა, არაფერი მაბადია, რომ სადმე დავაბინავო ჩემი მოსავალი?’

[18] თქვა: ‘აი, რას ვიზამ: ჩემს ბეღლებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ და იქ შევაგროვებ მთელ ჩემს ხორბალს და დოვლათს,

[19] და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, ბევრი სიკეთე გაქვს დაგროვილი მრავალი წლისათვის; მოისვენე, ჭამე, სვი, იმხიარულე.’

[20] მაგრამ უთხრა მას ღმერთმა: ‘უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და, რაც დაიმზადე, ვიღას დარჩება?’

[21] ისიც ასევეა, ვინც თავისთვის იუნჯებს და ღმერთში არ მდიდრდება.“

[22] უთხრა თავის მოწაფეებს: „ამიტომ გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი თავისათვის – რა ჭამოთ, ნურც თქვენი სხეულისათვის – რით შეიმოსოთ.

[23] ვინაიდან სული საზრდოზე მეტია და სხეული – სამოსელზე.

[24] დააკვირდით ყორნებს: ისინი არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღელი აქვთ და არც საწყობი, და ღმერთი არჩენს მათ. თქვენ კი რამდენად სჯობიხართ ფრინველებს?

[25] რომელ თქვენგანს შეუძლია ზრუნვით თავის სიმაღლეს ერთი წყრთა შემატოს?

[26] ჰოდა, თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, სხვაზე რაღას ზრუნავთ?

[27] შეხედეთ შროშნებს, როგორ იზრდებიან: არც შრომობენ, არც ართავენ. მაგრამ გეუბნებით თქვენ, რომ სოლომონიც კი, მთელი თავისი დიდებით, არ შემოსილა ისე, როგორც ერთი ამათგანი.

[28] თუკი ველის ბალახს, რომელიც დღეს არის, ხვალ კი თონეში ჩაიყრება, ღმერთი ამგვარად მოსავს, თქვენ უფრო მეტად არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?

[29] თქვენც ნუ ეძებთ, რა ჭამოთ და რა სვათ, და ნუ შფოთავთ.

[30] ვინაიდან ყოველივე ამას ეძიებს ამ სოფლის ყველა ხალხი. თქვენმა მამამ იცის, რომ გჭირდებათ ესენი.

[31] არამედ ეძიეთ ღვთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.

[32] ნუ გეშინია, მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა.

[33] გაყიდეთ თქვენი ქონება და გაიღეთ მოწყალება. დაიმზადეთ უცვეთელი ქისები, საუკუნოდ ულეველი საუნჯე ზეცაში, სადაც ქურდი ვერ მიეკარება და ჩრჩილი ვერ ავნებს,

[34] ვინაიდან, სადაც თქვენი საუნჯეა, თქვენი გულიც იქ იქნება.

[35] „იყოს თქვენი წელი შემოსარტყლული და სასანთლენი თქვენი – ანთებული.

[36] თქვენ კი იყავით მსგავსნი იმ ადამიანებისა, რომლებიც ელიან თავიანთი ბატონის დაბრუნებას ქორწილიდან, რომ როცა მოვა და დარეკს, იმწამსვე გაუღონ.

[37] ნეტარ არიან ის მონები, რომლებსაც შინ დაბრუნებული ბატონი ფხიზლებს ნახავს. ჭეშმარიტად გეტყვით, რომ ის შემოირტყამს სარტყელს და დასხამს მათ, მივა და მოემსახურება.

[38] თუ მეორე და თუნდაც მესამე გუშაგობისას მოვიდა და ასე ნახა, ნეტარ არიან ის მონები.

[39] ეს კი იცოდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ საათზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა და თავისი სახლის ძირის გამოთხრას არ დაანებებდა.

[40] ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ ჟამზეც არ ფიქრობთ, სწორედ მაშინ მოვა ძე კაცისა.“

[41] უთხრა მას პეტრემ: „უფალო, ამ იგავს ჩვენ გვეუბნები, თუ ყველას?“

[42] უფალმა უთხრა: „ვინ არის ერთგული და გონიერი მნე, რომელსაც დააყენებს ბატონი თავის მსახურებზე, რათა დროულად მისცეს მათ ულუფა?

[43] ნეტარია მონა, რომლის ბატონი მოვა და ამის მოქმედს ნახავს მას.

[44] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის ქონებაზე დააყენებს მას.

[45] ხოლო თუ ეს მონა თავის გუნებაში იტყვის: აგვიანებს ჩემი ბატონი მოსვლასო, და დაიწყებს მსახურებისა და მხევლების ცემას, ჭამა-სმას და ლოთობას,

[46] მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის, და შუაზე გაჰკვეთს მას და ურწმუნოებთან დაუდებს წილს.

[47] ხოლო მონა, რომელმაც იცოდა თავისი ბატონის ნება და არ მოემზადა, ან არ მოიქცა მისი ნებისამებრ, მაგარ ცემას მიიღებს.

[48] ხოლო რომელმაც არ იცოდა და ისე მოიქცა, რომ ცემა დაიმსახურა, ნაკლებად იცემება. ყველას, ვისაც მეტი მიეცა, მეტს მოსთხოვენ, და ვისაც მეტს მიანდობენ, მას მეტსაც მოჰკითხავენ.

[49] „ამქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი და როგორ მინდა, რომ ენთოს.

[50] ნათლობით უნდა მოვინათლო, და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება.

[51] გგონიათ, ვითომ ქვეყნად მშვიდობის მოსაფენად მოვედი? არა, გეუბნებით თქვენ: გასაყოფად.

[52] ვინაიდან ამიერიდან ხუთნი გაიყოფიან ერთ სახლში: სამი ორთაგან და ორი სამთაგან.

[53] გაიყოფა მამა ძისაგან და ძე – მამისაგან, დედა ასულისაგან და ასული – დედისაგან, დედამთილი – თავისი რძლისაგან და რძალი დედამთილისაგან.“

[54] ხალხსაც უთხრა: „როცა დასავლეთით ამომავალ ღრუბელს დაინახავთ, ამბობთ იმწამსვე: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება.

[55] ხოლო, როცა სამხრეთის ქარი უბერავს, ამბობთ: სიცხე იქნებაო, და ხდება.

[56] თვალთმაქცნო! ცისა და მიწის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, ეს ჟამი კი როგორ ვერ გამოგიცვნიათ?

[57] თავად რატომ არ განსჯით, რა არის სამართლიანი?

[58] როცა შენს მოდავესთან ერთად მთავართან მიდიხარ, ეცადე გზაშივე გათავისუფლდე მისგან, რომ მან არ მიგიყვანოს მოსამართლესთან, მოსამართლემ არ მიგცეს ბოქაულს და ბოქაულმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში.

[59] გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, ვიდრე უკანასკნელ ლეპტას არ გადაიხდი.“

ლუკას სახარება — Chapters