[1] იმ დღეებში გამოვიდა კეისარ ავგუსტუსის ბრძანება: აღეწერათ მთელი მსოფლიო.
[2] ეს აღწერა პირველი იყო სირიაში კვირენიოსის მმართველობისას.
[3] ყველანი მიდიოდნენ ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.
[4] იოსებიც წავიდა გალილეიდან, ქალაქ ნაზარეთიდან იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ეწოდება ბეთლემი, ვინაიდან იგი დავითის სახლისა და ტომისა იყო.
[5] რათა ჩაწერილიყო მარიამთან ერთად, რომელიც მასზე იყო დანიშნული და ორსულად იყო.
[6] მათი იქ ყოფნისას შეუსრულდა მარიამს მშობიარობის დღეები
[7] და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა იგი ბაგაში, ვინაიდან სასტუმროში არ იყო ადგილი მათთვის.
[8] იმ მხარეში მწყემსები იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს.
[9] და აჰა, უფლის ანგელოზი დაადგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და შეშინდნენ დიდი შიშით.
[10] და უთხრა მათ ანგელოზმა: „ნუ გეშინიათ. აჰა, გახარებთ დიდ სიხარულს, რომელიც მთელი ხალხისა იქნება:
[11] ვინაიდან დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი.
[12] და ნიშნად ეს გექნებათ: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს.“
[13] და უეცრად გაჩნდა ანგელოზთან ერთად დიდძალი ციური ლაშქარი და აქებდნენ ღმერთს და ამბობდნენ:
[14] „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, მშვიდობა ქვეყანად და კაცთა შორის სათნოება!“
[15] როცა ანგელოზები ზეცად ამაღლდნენ, მწყემსებმა უთხრეს ერთმანეთს: „წავიდეთ ბეთლემს და ვნახოთ მომხდარი ამბავი, უფალმა რომ გვაუწყა.“
[16] გაჩქარებულნი მივიდნენ და ნახეს მარიამი და იოსები, და ბაგაში მწოლარე ყრმა.
[17] როცა დაინახეს, მოუთხრეს ამბავი, რაც ემცნოთ მათ ამ ყრმაზე.
[18] ვინც კი ისმენდა, ყველას უკვირდა, რასაც მწყემსები ეუბნებოდნენ მათ.
[19] მარიამმა კი ჩაიმარხა ყოველი სიტყვა და ჩაიდო ისინი გულში.
[20] და დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ემცნოთ მათ.
[21] და როცა შესრულდა რვა დღე, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაერქვა მისი სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე.
[22] და როცა გასრულდა მათი განწმედის დღეები მოსეს რჯულისამებრ, აიყვანეს იგი იერუსალიმს უფლის წინაშე წარსადგენად.
[23] როგორც უფლის რჯულში სწერია: „ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს,
[24] და შესწირონ მსხვერპლად, როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი, ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“
[25] და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღვთისმოშიში, რომელიც მოელოდა ისრაელის ნუგეშისცემას, და სულიწმიდა იყო მასზე.
[26] სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ არ იხილავდა სიკვდილს უფლის ცხებულის ხილვამდე.
[27] შევიდა სულით ტაძარში და, როცა მშობლებმა მიიყვანეს ყრმა იესო, რათა მოქცეოდნენ მას რჯულის წესისამებრ,
[28] მან მიირქვა ყრმა მკლავებზე, ადიდა ღმერთი და თქვა:
[29] „ახლა კი გამიშვი, ბატონო, შენი მონა მშვიდობით, როგორც ნათქვამი გაქვს.
[30] ვინაიდან იხილა ჩემმა თვალმა შენი ხსნა,
[31] რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე,
[32] წარმართთათვის ნათლის გამოსაცხადებლად და შენი ხალხის, ისრაელის, დიდებად.“
[33] იოსებს და მის დედას კი უკვირდათ მასზე ნათქვამი.
[34] და აკურთხა სიმონმა ისინი და უთხრა მარიამს, მის დედას: „აჰა, განწესებულია ეს მრავალთა დამხობად და აღდგენად ისრაელში და საცილობელ ნიშნად.
[35] და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გაცხადდეს მრავალ გულთაგან ზრახვები.“
[36] და იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, თავისი ქალწულობის შემდეგ შვიდ წელიწადს ნაცხოვრები ქმართან.
[37] იყო იგი ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, არ შორდებოდა ტაძარს, მარხვით და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამ.
[38] ისიც იმავე ჟამს იყო მისული და ადიდებდა ღმერთს და ელაპარაკებოდა მასზე ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.
[39] როცა აღასრულეს ყოველივე უფლის რჯულისამებრ, დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
[40] ხოლო ყრმა იზრდებოდა, მტკიცდებოდა სულით და ივსებოდა სიბრძნით და ღვთის მადლი იყო მასზე.
[41] და დადიოდნენ მისი მშობლები ყოველ წელიწადს იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე.
[42] და როცა თორმეტი წლისა გახდა, ავიდნენ იერუსალიმში ჩვეულებისამებრ, სადღესასწაულოდ.
[43] ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში, და არ იცოდნენ იოსებმა და მისმა დედამ.
[44] ეგონათ, რომ მგზავრთა შორის იყო და ერთი დღის გზა რომ გაიარეს, დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის.
[45] რომ ვერ იპოვეს იგი, დაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.
[46] სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში მჯდომი მოძღვართა შორის, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
[47] და გაოცებული იყო ყველა მისი მსმენელი მისი გონებითა და პასუხებით.
[48] რომ დაინახეს იგი, გაუკვირდათ, და დედამისმა უთხრა მას: „ეს რა გვიყავი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებთ.“
[49] მან უთხრა მათ: „რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ მამის სახლში უნდა ვიყო?“
[50] ხოლო მათ ვერ გაიგეს სიტყვა, რაც უთხრა მათ.
[51] და გაჰყვა მათ და მივიდა ნაზარეთს და ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.
[52] ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღვთისა და ადამიანთა წინაშე.