[1] ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული.
[2] და დაეძებდნენ მას მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, რომ როგორმე მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ.
[3] შევიდა სატანა იუდაში, ისკარიოტელად წოდებულში, რომელიც ერთი თორმეტთაგანი იყო.
[4] წავიდა, ელაპარაკა მღვედლმთავრებსა და მცველთა უფროსებს, როგორ მიეცა მათთვის იესო.
[5] მათ გაუხარდათ და დათანხმდნენ, მიეცათ მისთვის ვერცხლი.
[6] მანაც აღუთქვა და ეძებდა მარჯვე შემთხვევას, რომ ხალხის დაუსწრებლად მიეცა იგი მათთვის.
[7] დადგა უფუარობის დღე, როცა უნდა დაკლულიყო პასექი.
[8] მიავლინა პეტრე და იოანე და უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ.“
[9] მათ უთხრეს მას: „სად გინდა, რომ მოვამზადოთ?“
[10] მან უთხრა მათ: „აჰა, ქალაქში შესვლისას შემოგხვდებათ კაცი, რომელსაც წყალი მიაქვს კოკით. მიჰყევით მას იმ სახლამდე, სადაც შევა,
[11] და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გეუბნება: სად არის სასტუმრო ოთახი, რომ ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამოო პასექი?
[12] ის გიჩვენებთ დიდ მოფარდაგებულ ზემოთვალს. იქ მოამზადეთ.“
[13] წავიდნენ და იპოვეს, როგორც მან უთხრა, და მოამზადეს პასექი.
[14] როცა მოაღწია ჟამმა, დაჯდა იგი და მოციქულებიც მასთან ერთად.
[15] უთხრა მათ: „სურვილით მსურდა თქვენთან ერთად მეჭამა ეს პასექი ჩემი ტანჯვის წინ.
[16] რადგან გეუბნებით თქვენ, რომ აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში.“
[17] აიღო სასმისი, მადლი შესწირა და უთხრა მათ: „მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
[18] რადგან გეტყვით თქვენ: ამიერიდან აღარ შევსვამ ვაზის ნაყოფისგან, ვიდრე არ მოვა ღვთის სასუფეველი.“
[19] აიღო პური, მადლი შესწირა, დატეხა, დაურიგა მათ და უთხრა: „ეს ჩემი სხეულია, რომელიც თქვენთვის მიეცემა. ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად.“
[20] ასევე აიღო სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: „ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში, თქვენთვის რომ იღვრება.
[21] და აჰა, ჩემი გამცემის ხელი ჩემთან ერთად არის ამ სუფრაზე;
[22] რადგან ძე კაცისა მიდის განჩინებისამებრ, მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი.“
[23] და მათ დაიწყეს ერთმანეთის გამოკითხვა: რომელი მათგანი გააკეთებდა ამას.
[24] ასევე იყო დავა მათ შორის: რომელი მათგანი უნდა ჩათვლილიყო დიდად.
[25] მან კი უთხრა მათ: „ხალხთა მეფეები ბატონობენ მათზე და მათი ხელმწიფენი მწყალობლებად იწოდებიან.
[26] თქვენ კი ასე როდი ხართ. თქვენს შორის უფროსი უმცროსივით იყოს, ხოლო ვინც უფროსობს – მსახურივით.
[27] ვინაიდან ვინ არის უფრო დიდი: მეინახე თუ მსახური? განა მეინახე არა? მე კი თქვენ შორის ვარ, როგორც მსახური,
[28] თქვენ კი ისინი ხართ, რომელნიც ჩემთან დარჩით ჩემს განსაცდელში.
[29] მეც ისევე აღგითქვით, როგორც მე აღმითქვა ჩემმა მამამ სასუფეველი,
[30] რომ ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სასუფეველში და დასხდეთ ტახტებზე ისრაელის თორმეტი ტომის განსაკითხავად.“
[31] თქვა უფალმა: „სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ გამოგითხოვათ თქვენ, რომ ხორბალივით გაგცხრილოთ.
[32] მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რომ არ დაილიოს შენი რწმენა და, როცა კვლავ მოიქცევი, გაამხნევე შენი ძმები.“
[33] მან კი უთხრა მას: „უფალო, შენთან მე მზად ვარ საპყრობილეშიც წამოვიდე და სასიკვდილოდაც,“
[34] ხოლო მან თქვა: „შენ გეუბნები, პეტრე, მამალი არ იყივლებს დღეს, სანამ სამჯერ არ უარყოფ, რომ მიცნობ.“
[35] უთხრა მათ: „როცა ქისის, გუდის და ფეხსაცმლის გარეშე გგზავნიდით, რაიმე გაკლდათ?“ თქვეს: არაფერიო.
[36] უთხრა მათ: „ახლა კი, ვისაც ქისა აქვს, აიღოს, ასევე გუდა. ხოლო ვისაც არა აქვს, თავისი ტანსაცმელი გაყიდოს და მახვილი იყიდოს.
[37] თქვენ გეუბნებით, რომ ეს დაწერილი ჩემზე უნდა აღსრულდეს: ‘ბოროტმოქმედებთან შეირაცხა.’ რადგან მას, რაც ჩემს შესახებაა, დასასრული აქვს.“
[38] მათ თქვეს: „უფალო, აჰა, აქ ორი მახვილია.“ მან კი უთხრა მათ: „კმარა.“
[39] გამოვიდა იქიდან და, ჩვეულებისამებრ, წავიდა ზეთისხილის მთაზე. მოწაფეებიც გაჰყვნენ მას.
[40] ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: „ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“
[41] თვითონ განშორდა მათ ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ლოცულობდა.
[42] ამბობდა: „მამაო! თუ გსურს, ამაცდინე ეს სასმისი, მაგრამ ჩემი ნება კი არა, შენი იყოს.“
[43] ეჩვენა მას ციდან ანგელოზი და აძლიერებდა.
[44] ამ აგონიაში მყოფი უმხურვალესად ლოცულობდა. და გახდა მისი ოფლი, როგორც სისხლის მსხვილი წვეთები, რომლებიც მიწაზე ცვიოდა.
[45] ლოცვის შემდეგ წამოდგა, მივიდა მოწაფეებთან და ნახა ისინი მწუხარებისაგან ჩაძინებულები.
[46] უთხრა მათ: „რას გძინავთ? ადექით, ილოცეთ, რომ არ ჩაცვივდეთ განსაცდელში.“
[47] ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ აჰა, მოვიდა ხალხი და მათ წინ მოუძღვის ერთი თორმეტთაგანი, სახელად იუდა, და მივიდა იესოსთან საამბორებლად.
[48] იესომ უთხრა მას: „იუდა, ამბორით გასცემ კაცის ძეს?“
[49] მასთან მყოფებმა რომ დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს: „უფალო, დავკრათ მახვილი?“
[50] ერთმა მათგანმა დასცა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა.
[51] მიუგო იესომ და თქვა: „თავი დაანებეთ, საკმარისია!“ და შეეხო ყურს და გაუმრთელა იგი.
[52] უთხრა იესომ მის წინააღმდეგ მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის მცველთა უფროსებს და უხუცესებს: „როგორც ავაზაკის წინააღმდეგ, მახვილებით და კეტებით გამოხვედით ჩემს შესაპყრობად?
[53] ყოველდღე თქვენთან ერთად ვიყავი ტაძარში და ჩემზე ხელი არ აგიმართავთ. მაგრამ ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება.“
[54] და შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მღვდელმთავრის სახლში შეიყვანეს. პეტრე კი მოშორებით მიჰყვებოდა.
[55] როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ, პეტრეც მათ შორის დაჯდა.
[56] ერთმა მხევალმა იგი ცეცხლთან მჯდომარე რომ დაინახა, დააკვირდა და თქვა: „ესეც იმასთან იყო.“
[57] მაგრამ მან უარყო და თქვა: „დედაკაცო, არ ვიცნობ იმას.“
[58] ცოტა მოგვიანებით სხვამ დაინახა იგი და თქვა: „შენც იმათგანი ხარ.“ მაგრამ პეტრემ უთხრა: „ადამიანო, არა ვარ.“
[59] თითქმის ერთი საათი იყო გასული, რომ ვიღაც სხვამ დაიწყო მტკიცება და ამბობდა: „ჭეშმარიტად, ესეც იმასთან იყო, ვინაიდან გალილეველია.“
[60] თქვა პეტრემ: „ადამიანო, არ ვიცი, რას ამბობ.“ და უცებ, როცა ამას ამბობდა, მამალმა იყივლა.
[61] და მობრუნდა უფალი და შეხედა პეტრეს. და გაახსენდა პეტრეს უფლის სიტყვა, რომ უთხრა: დღეს სანამ მამალი იყივლებდეს, სამჯერ უარმყოფო,
[62] და გავიდა გარეთ და მწარედ ატირდა.
[63] ხოლო კაცები, რომლებსაც შეპყრობილი ჰყავდათ იესო, აგინებდნენ და სცემდნენ მას.
[64] თავი დაუფარეს, სახეში სცემდნენ და ეკითხებოდნენ: „აბა, იწინასწარმეტყველე, ვინ დაგარტყა“?
[65] და კიდევ მრავალ სხვა გმობას ამბობდნენ მის წინააღმდეგ.
[66] როცა გათენდა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესთა საბჭო, მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და მიიყვანეს იგი თავიანთ სინედრიონში
[67] და უთხრეს: „თუ ქრისტე ხარ, გვითხარი.“ უთხრა მათ: „რომ გითხრათ, არ დამიჯერებთ,
[68] და თუ შეგეკითხებით, არ მიპასუხებთ.
[69] ამიერიდან ძე კაცისა იქნება ღვთის ძალის მარჯვნივ მჯდომარე.“
[70] თქვა ყველამ: „მაშ, შენა ხარ ძე ღვთისა?“ მან უთხრა მათ: „თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ.“
[71] მათ თქვეს: „მეტი რაღა მოწმობა გვჭირდება? ვინაიდან ჩვენ თვითონ მოვისმინეთ მისი პირიდან.“