Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 8:54

[1] მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, რომ განეკურნათ სნეულებანი.

[2] მიავლინა ისინი ღვთის სასუფევლის საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნავად.

[3] უთხრა მათ: „არაფერი წაიღოთ გზაში, არც ხელჯოხი, არც გუდა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ.

[4] რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.

[5] ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად.“

[6] წავიდნენ და იწყეს სოფელ-სოფელ სიარული, ახარებდნენ და ყველგან კურნავდნენ.

[7] მოისმინა ჰეროდემ – ტეტრარქმა, ყოველი მისი ნამოქმედარი, და გაოგნდა, ვინაიდან ერთნი იმას ამბობდნენ: იოანე აღდგაო მკვდრეთით,

[8] მეორენი – ელია გამოჩნდაო. სხვები ამბობდნენ: ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგაო მკვდრეთით.

[9] ჰეროდემ თქვა: „იოანეს მე მოვკვეთე თავი, ეს კი ვინ არის, ვისზეც ასეთი რამ მესმის?“ და უნდოდა მისი ნახვა.

[10] დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს მას, რაც გააკეთეს. მან წაიყვანა ისინი და განმარტოვდა, ბეთსაიდად წოდებული ქალაქისაკენ.

[11] შეიტყო დიდძალმა ხალხმა და გაჰყვა მას. ის ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღვთის სასუფეველზე, ხოლო, ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა მათ.

[12] როცა დღემ იწყო გადახრა, მივიდნენ მასთან თორმეტნი და უთხრეს: „გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ გარემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საზრდოს საშოვნელად, ვინაიდან აქ უდაბურ ადგილას ვიმყოფებით.“

[13] უთხრა მათ: „მიეცით საჭმელი.“ მათ უთხრეს: „ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავალთ და საჭმელს არ ვუყიდით მთელ ამ ხალხს.“

[14] რადგან იქ ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა. მან უთხრა თავის მოწაფეებს: „დასხით ისინი ჯგუფებად, თითოში ორმოცდაათამდე იყოს.“

[15] ასე მოიქცნენ და დასხეს ყველანი.

[16] მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ ხალხისთვის.

[17] ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო დარჩენილი ნატეხებით თორმეტი გოდორი გაავსეს.

[18] ერთხელ, როცა განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ, იესომ ჰკითხა მათ: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

[19] მათ მიუგეს და თქვეს: იოანე ნათლისმცემელიო; სხვები – ელიაო, სხვები კი – ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიო.

[20] იესომ უთხრა: „თქვენ კი რაღას ამბობთ: ვინა ვარ მე?“ პეტრემ პასუხად უთხრა: „ღვთის ცხებული.“

[21] მაგრამ მან აუკრძალა მათ. უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს.

[22] უთხრა მათ: „კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს.“

[23] ყველას გასაგონად კი ასე თქვა: „თუ ვინმეს სურს გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე იტვირთავდეს თავის ჯვარს და მომყვებოდეს.

[24] ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს მას, იგი იხსნის მას.

[25] რადგან რას არგებს ადამიანს, თუ მთელს სოფელს მოიგებს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?

[26] რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით.

[27] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთები აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, რომ უკვე იხილავენ ღვთის სასუფეველს.“

[28] ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ პეტრე, იოანე და იაკობი წაიყოლა თან და მთაზე ავიდა სალოცავად.

[29] როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა და მისი სამოსელი თეთრად მოქათქათე შეიქნა.

[30] და აჰა, მასთან საუბრობდა ორი კაცი, ესენი იყვნენ მოსე და ელია.

[31] ისინი გამოჩნდნენ დიდებით და ლაპარაკობდნენ მის წასვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო.

[32] პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით და, როცა გაეღვიძათ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი.

[33] ხოლო როცა ისინი შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: „მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთებთ აქ სამ კარავს: ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთი ელიას.“ ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.

[34] ამას რომ ამბობდა, გამოჩნდა ღრუბელი და მიუჩრდილა მათ. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ.

[35] ღრუბლიდან გაისმა ხმა, რომელიც ამბობდა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, მას უსმინეთ.“

[36] ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა, ისინი კი დადუმდნენ და იმ დღეებში არავისთვის უთქვამთ, რაც იხილეს.

[37] მეორე დღეს, როცა მთიდან ჩამოვიდნენ, ბევრი ხალხი შეეგება მას.

[38] და აჰა, იმ ხალხში ვიღაც კაცმა შეჰყვირა: „მოძღვარო, გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, რადგან ეს ერთადერთი მყავს.

[39] სულსა ჰყავს შეპყრობილი; უეცრად წამოაყვირებს, აქეთ-იქით ახეთქებს მას, დუჟს ადენს, და როცა დააოსებს, ძლივსძლივობით გაეცლება.

[40] ვთხოვე შენს მოწაფეებს, რომ გამოედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს.“

[41] მიუგო იესომ და თქვა: „ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო მოდგმავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომიყვანე შენი ძე.“

[42] ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა დაახეთქა და დაუწყო კრუნჩხვა. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და ჩააბარა თავის მამას.

[43] ყველანი გაოცებულნი იყვნენ ღვთის სიდიადით. როცა ყველას უკვირდა ყოველივე, რასაც ის აკეთებდა, უთხრა თავის მოწაფეებს:

[44] „ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში.“

[45] მაგრამ ისინი ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს, და იგი დაფარული იყო მათთვის, ისე რომ ვერ ჩასწვდნენ მას. და ეშინოდათ, ეკითხათ მისთვის ამ სიტყვების გამო.

[46] ერთი ფიქრი კი დაებადათ: ვინ უფრო დიდი იყო მათ შორის?

[47] იესომ, რომელიც ხვდებოდა მათი გულის ზრახვებს, მოიყვანა ბავშვი და თავის წინ დააყენა.

[48] უთხრა მათ: „ვინც მიიღებს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მიმიღებს. ხოლო ვინც მე მიმიღებს, ის ჩემს მომავლინებელსაც მიიღებს. ხოლო ვინც თქვენს შორის უმცირესია, ის არის დიდი.“

[49] მიუგო იოანემ და თქვა: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, და ჩვენ დავუშალეთ მას, რადგან არ დაგვყვება ჩვენ.“

[50] უთხრა მას იესომ: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენთანაა.“

[51] როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად.

[52] წინდაწინ მიავლინა მაცნეები. და ისინი წავიდნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის.

[53] მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი მიქცეული ჰქონდა იერუსალიმში წასასვლელად.

[54] დაინახეს ეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ და უთხრეს: „უფალო, თუ გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა.“

[55] მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით, ვისი სულისანი ხართ?

[56] ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად!“ და წავიდნენ სხვა სოფელში.

[57] გზაზე რომ მიდიოდნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგვყვები, სადაც კი წახვალ.“

[58] იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ – ბუდეები; კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი.“

[59] მეორეს კი უთხრა: „გამომყევი.“ მან თქვა: „უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო.“

[60] მან კი უთხრა მას: „დაანებე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი.“

[61] სხვამაც თქვა: „მე გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, ჩემს შინაურებს დავემშვიდობო.“

[62] უთხრა მას იესომ: „არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისათვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში და უკან იყურება.“

ლუკას სახარება — Chapters