Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:34

[1] და წამოიშალა მთელი ეს ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.

[2] შეუდგნენ მის დადანაშაულებას და ამბობდნენ: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს რყვნის ჩვენს ხალხს და კრძალავს კეისრისათვის ხარკის მიცემას, თავის თავზე კი ამბობს ქრისტე მეფე ვარო.“

[3] პილატემ ჰკითხა მას: „შენ ხარ იუდეველთა მეფე?“ ხოლო მან მიუგო მას და თქვა: „შენ ამბობ.“

[4] პილატემ უთხრა მღვდელმთავრებს და ხალხს: „მე ვერავითარ დანაშაულს ვერ ვპოულობ ამ კაცში.“

[5] მაგრამ ისინი დაჟინებით ამბობდნენ: „ეგ აშფოთებს ხალხს, ასწავლის მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებული აქამდე.“

[6] პილატემ ეს რომ გაიგონა, იკითხა: „განა გალილეველია ეს კაცი?“

[7] როცა შეიტყო, რომ ჰეროდეს სამფლობელოდან იყო, გაუგზავნა იგი ჰეროდეს, რადგან იმ დღეებში ისიც იერუსალიმში იმყოფებოდა.

[8] ჰეროდემ, იესო რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა, რადგან დიდი ხნიდან სურდა მისი ხილვა, რაკი გაგონილი ჰქონდა მასზე და იმედი ჰქონდა, რაიმე სასწაულს ნახავდა მისგან.

[9] ბევრს ეკითხებოდა, მაგრამ იგი არაფერს პასუხობდა.

[10] მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი კი იდგნენ და გაცხარებით ბრალს სდებდნენ მას.

[11] ხოლო ჰეროდე თავის ჯარისკაცებითურთ ამცირებდა მას და დასცინოდა, ჩააცვა ბრწყინვალე სამოსელი და უკან გაუგზავნა პილატეს.

[12] იმ დღეს პილატე და ჰეროდე დამეგობრდნენ, თუმცა ადრე მტრობდნენ ერთიმეორეს.

[13] პილატემ მოუხმო მღვდელმთავრებს, მთავრებს და ხალხს.

[14] და უთხრა მათ: „თქვენ მოიყვანეთ ჩემთან ეს კაცი, როგორც ხალხის გამრყვნელი, და აჰა, მე თქვენს წინაშე გამოვიძიე და ვერავითარი დანაშაული ვერ ვპოვე ამ კაცში, რაშიც თქვენ ადანაშაულებთ მას,

[15] და ვერც ჰეროდემ, რადგან უკან გამოგვიგზავნა იგი. და აჰა, სიკვდილის ღირსი არაფერი ჩაუდენია მას.

[16] ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“

[17] მას კი სწორედ ერთი უნდა გაეშვა სადღესასწაულოდ.

[18] მაგრამ მთელი ხალხი აუყვირდა: მოაშორე ეგ და გაგვითავისუფლე ბარაბაო,

[19] რომელიც ჩაგდებული იყო საპყრობილეში ქალაქში მომხდარი რაღაც შფოთისა და მკვლელობისათვის.

[20] პილატემ კვლავ მიმართა მათ, ვინაიდან სურდა იესოს გაშვება.

[21] მაგრამ ისინი გაჰყვიროდნენ: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგ.“

[22] მესამედ უთხრა მათ: „რა ბოროტება აქვს ჩადენილი? მე ვერაფერი სასიკვდილო ბრალი ვერ ვპოვე მასში. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.“

[23] ისინი კი დაჟინებით ხმამაღლა მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი. და იმძლავრა მათმა ხმამ და მღვდელმთავრების ხმამ.

[24] და პილატემ გადაწყვიტა, შეესრულებინა მათი მოთხოვნა:

[25] გაუშვა შფოთისა და მკვლელობისათვის საპყრობილეში ჩაგდებული, რომელსაც ისინი მოითხოვდნენ, იესო კი მათ ნებას გადასცა.

[26] როცა იგი მიჰყავდათ, გზაში დაიჭირეს მინდვრიდან მომავალი ვინმე სიმონ კვირინელი, და აჰკიდეს ჯვარი, რომ ეტარებინა იესოს კვალდაკვალ.

[27] მისდევდნენ მას დიდძალი ხალხი და დედაკაცები, რომლებიც ტიროდნენ და მოთქვამდნენ მის გამო.

[28] იესო მიუბრუნდა მათ და უთხრა: „იერუსალიმის ასულნო, ნუ სტირით ჩემზე, არამედ თქვენ თავზე და თქვენს შვილებზე იტირეთ.

[29] რადგან, აჰა, მოდის დღეები, როცა იტყვიან: ‘ნეტარ არიან უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშვიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ უწოვებიათ!’

[30] მაშინ ეტყვიან მთებს: ‘დაგვემხეთ ზედ!’ და ბორცვებს: ‘დაგვფარეთ ჩვენ!’

[31] ვინაიდან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, ხმელს რაღას უზამენ?“

[32] მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ სხვებიც – ორი ავაზაკი.

[33] როცა იმ ადგილას მივიდნენ, რომელსაც თხემის ადგილი ჰქვია, იქ ჯვარს აცვეს ისიც და ბოროტმოქმედნიც – ერთი მის მარჯვნივ და ერთი მის მარცხნივ.

[34] იესო ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგან არ იციან, რას აკეთებენ.“ და გაიყვეს მისი სამოსელი წილისყრით.

[35] იდგა ხალხი და შეჰყურებდა. მთავრებიც დასცინოდნენ და ამბობდნენ: „სხვებს იხსნიდა, ახლა თავისი თავი იხსნას, თუ ეგ ქრისტეა, ღვთის რჩეული.“

[36] ასევე ჯარისკაცებიც დასცინოდნენ მას, მიდიოდნენ და ძმარი მიჰქონდათ მასთან,

[37] ეუბნებოდნენ: „თუ იუდეველთა მეფე ხარ, იხსენი შენი თავი.“

[38] მის ზემოთ იყო წარწერა ბერძნული, რომაული და ებრაული სიტყვებით დაწერილი: „ეს არის იუდეველთა მეფე.“

[39] ერთი ჩამოკიდებული ბოროტმოქმედი გმობდა მას: „განა შენ ქრისტე არა ხარ? იხსენი შენი თავი და ჩვენც.“

[40] მიუგო მეორემ, გაუწყრა და თქვა: „ნუთუ ღვთისა არ გეშინია, როცა შენც იმავე სასჯელში ხარ?

[41] ჩვენ სამართლიანად დავიმსახურეთ, ვინაიდან ჩვენ რაც გავაკეთეთ, იმისი საკადრისი მივიღეთ, მაგას კი არაფერი უჯერო არ ჩაუდენია.“

[42] და თქვა: „იესო, გამიხსენე, როცა შენს სასუფეველში მიხვალ.“

[43] და უთხრა მას: „ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში.“

[44] დღის ექვსი საათი იქნებოდა და მთელი მიწა ბნელმა მოიცვა ცხრა საათამდე.

[45] დაბნელდა მზე და ტაძრის ფარდა შუაზე გაიპო.

[46] და შესძახა იესომ დიდი ხმით და თქვა: „მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს.“ ეს თქვა და სული განუტევა.

[47] ასისთავმა რომ იხილა მომხდარი, ღმერთი ადიდა და თქვა: „ჭეშმარიტად, ეს კაცი მართალი იყო.“

[48] ამ სანახაობაზე შეკრებილი მთელი ხალხი, რომ ხედავდა, რაც ხდებოდა, გულში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან.

[49] ყველა, ვინც მას იცნობდა, და დედაკაცები, გალილეიდან რომ მოჰყვნენ, მოშორებით იდგნენ და უყურებდნენ ამას.

[50] აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, საბჭოს წევრი, კეთილი და მართალი კაცი,

[51] რომელიც არ დაეთანხმა მათ თათბირსა და საქმიანობას, იუდეველთა ქალაქ არიმათიიდან, რომელიც მოელოდა ღვთის სასუფეველს,

[52] მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი.

[53] გარდამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ.

[54] ის დღე პარასკევი იყო და შაბათი დგებოდა.

[55] უკან გაჰყვნენ დედაკაცებიც, რომელნიც იესოსთან ერთად მოვიდნენ გალილეიდან, და უყურებდნენ სამარხს, როგორ დაიდო მისი გვამი.

[56] ამის შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელებანი და ნელსაცხებელი. შაბათს კი მოისვენეს მცნებისამებრ.

ლუკას სახარება — Chapters