Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:18

[1] ტიბერიოს კეისრის მთავრობის მეთხუთმეტე წელს, პონტოელი პილატეს განმგებლობისას იუდეაში, და ჰეროდეს ტეტრარქობისას გალილეაში, მისი ძმის, ფილიპეს, ტეტრარქობისას იტურეასა და ტრახონიტის მხარეში, და ლისანიასის ტეტრარქობისას აბილენეში,

[2] ანას და კაიაფას მღვდელმთავრობის დროს იყო სიტყვა ღვთისა იოანესადმი, ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.

[3] დადიოდა იგი იორდანეს მთელს არემარეში და ქადაგებდა სინანულის ნათლისღებას ცოდვათა მისატევებლად,

[4] როგორც სწერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში: „ხმა მღაღადებლისა უდაბნოში: განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.

[5] ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გასწორდება და ოღროჩოღრო გზა გავაკდება.

[6] და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან.“

[7] მოსანათლავად მისულ ხალხს იოანე ეუბნებოდა: „იქედნეთა ნაშობნო, ვინ გაგაფრთხილათ, რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?

[8] მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფნი და ნუ მოჰყვებით ერთმანეთში ლაპარაკს: მამად აბრაამი გვყავსო. ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, რომ ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდან აღუდგინოს აბრაამს შვილები.

[9] ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, ჭრიან და ცეცხლში აგდებენ.“

[10] ეკითხებოდა მას ხალხი და ეუბნებოდა: აბა, რაღა ვქნათო?

[11] მიუგებდა და ეტყოდა მათ: „ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს.“

[12] მოვიდნენ მებაჟენიც მოსანათლავად და უთხრეს მას: „მოძღვარო, რა ვქნათ?“

[13] მან უთხრა მათ: „თქვენთვის დაწესებულის მეტს ნურაფერს მოითხოვთ.“

[14] ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: „ჩვენ რაღა ვქნათ?“ უთხრა მათ: „ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენს ჯამაგირს დასჯერდით.“

[15] როცა ხალხი მოლოდინში იყო და ყველა თავის გულში ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო,

[16] მიუგებდა და ეტყოდა ყველას იოანე: „მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდით და ცეცხლით,

[17] რომლის ხელშია ნიჩაბი, რათა გაწმიდოს თავისი კალო და თავის ბეღელში მოაგროვოს ხორბალი, ბზე კი დაწვას ჩაუქრობელი ცეცხლით.“

[18] კიდევ ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.

[19] ხოლო ჰეროდემ, ტეტრარქმა, რომელსაც იგი ამხილებდა მისი ძმის ცოლის ჰეროდიას გამო და ყოველივე იმის გამო, რა ბოროტებაც ჩაედინა,

[20] ყველაფერს ამას ისიც მიუმატა, რომ იოანე საპყრობილეში ჩასვა.

[21] როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა

[22] და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა ხორციელი სახით, როგორც მტრედი, და გაისმა ზეცით ხმა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე.“

[23] თვით იესო, როცა იწყებდა, იქნებოდა ოცდაათი წლისა და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,

[24] მათათისა, ლევისა, მალქისა, იანაისა, იოსებისა,

[25] მათითიასი, ამოცისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,

[26] მახათისა, მათითიასი, შიმყისა, იოსებისა, იოდასი,

[27] იოხანანისა, რეშასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,

[28] მალქისა, ადისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,

[29] იესოსი, ელეაზარისა, იორიმისა, მათათისა, ლევისა,

[30] სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იონამისა, ელიაკიმისა,

[31] მალეასი, მინასი, მათათასი, ნათანისა, დავითისა,

[32] იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,

[33] ყამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,

[34] იაკობისა, ისაკისა, აბრაამისა, თერახისა, ნახორისა,

[35] სერუგისა, რეყუსი, ფელეგისა, ყებერისა, შალახისა,

[36] კენანისა, არფაქშადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა,

[37] მეთუშელახისა, ხანოქისა, იერედისა, მაჰალალელისა, კენანისა,

[38] ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღვთისა.

ლუკას სახარება — Chapters