Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:24

[1] უთხრა თავის მოწაფეებს: „შეუძლებელია არ მოვიდეს ცდუნებები, მაგრამ ვაი მას, ვისი მეშვეობითაც მოვა.

[2] მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა.

[3] ფრთხილად იყავით: თუ შენმა ძმამ შეგცოდოს, გაუწყერი მას. თუ მოინანიოს, მიუტევე.

[4] დღეში შვიდჯერ რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოიქცეს და გითხრას, ვინანიებო, მიუტევე.“

[5] უთხრეს მოციქულებმა უფალს: „მოგვიმატე რწმენა.“

[6] თქვა უფალმა: „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი და ზღვაში გადაინერგეო, გაგიგონებდათ.

[7] რომელიმე თქვენგანს მონა რომ ჰყავდეს – მხვნელი ანდა მწყემსი, მინდვრიდან დაბრუნებისას ნუთუ ეტყვის: წადი ჩქარა, სუფრას მიუჯექიო?

[8] განა არ ეტყვის: მომიმზადე ვახშამი და სარტყელშემორტყმული მემსახურე, ვიდრე ვჭამ და ვსვამ, მერე კი შენც ჭამე და სვიო?

[9] ნუთუ მადლობას ეტყვის მონას იმისათვის, რომ მისი ბრძანება შეასრულა? არა მგონია.

[10] ასევე თქვენც, როცა შეასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უბრალო მონები ვართ, რადგან გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა.“

[11] ერთხელ იერუსალიმს მიმავალმა სამარიასა და გალილეას შორის გაიარა.

[12] ერთ სოფელში რომ შედიოდა, ათი კეთროვანი კაცი შემოხვდა, რომლებიც მოშორებით გაჩერდნენ.

[13] ხმა აღიმაღლეს და ამბობდნენ: „შეგვიწყალე, იესო მოძღვარო!“

[14] ისინი რომ დაინახა, უთხრა: „წადით, ეჩვენეთ მღვდლებს.“ როგორც კი წავიდნენ, განიწმიდნენ.

[15] ერთი მათგანი, რომ დაინახა განვიკურნეო, მობრუნდა და მაღალი ხმით ადიდებდა ღმერთს.

[16] პირქვე დაემხო მის ფერხთით და მადლი შესწირა. ის კაცი სამარიელი იყო.

[17] მიუგო იესომ და თქვა: „ნუთუ ათივენი არ განიწმიდნენ? ცხრა სადღა არის?

[18] როგორ მოხდა, რომ უცხოტომელის გარდა არავინ დაბრუნდა ღვთის სადიდებლად?“

[19] უთხრა მას: „ადექი და წადი! შენმა რწმენამ გიხსნა.“

[20] ჰკითხეს მას ფარისევლებმა: „როდის მოვა ღვთის სასუფეველი?“ მიუგო და უთხრა მათ: „ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ.

[21] არც იტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ვინაიდან, აჰა, თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი.“

[22] უთხრა მოწაფეებს: „დადგება დღეები, როცა ინატრებთ, თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ.

[23] გეტყვიან: აგერ, აქ არისო, ან: აგერ, იქ არისო. ნუ წახვალთ და ნუ გაედევნებით.

[24] ვინაიდან, როგორც ელვა ელავს ცის ერთი კიდიდან და ანათებს მეორე კიდემდე, ასევე იქნება ძე კაცისა თავის დღეს.

[25] ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ.

[26] და როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება კაცის ძის დღეებშიც:

[27] ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ, თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა. მერე მოვიდა წარღვნა და ყველა დაღუპა.

[28] ისევე, როგორც ლოტის დროს იყო: ჭამდნენ, სვამდნენ, ყიდდნენ, ყიდულობდნენ, რგავდნენ და აშენებდნენ.

[29] ხოლო იმ დღეს, როცა ლოტი სოდომიდან გავიდა, ცეცხლმა და გოგირდმა იწვიმა ზეციდან და ყველა დაღუპა.

[30] ასევე იქნება იმ დღესაც, როცა ძე კაცისა გამოჩნდება.

[31] იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები სახლში, ნუ ჩამოვა ასაღებად; ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ გაბრუნდება.

[32] გაიხსენეთ ლოტის ცოლი.

[33] ვინც ცდილობს თავისი სული შეინარჩუნოს, დაღუპავს მას. ხოლო ვინც დაღუპავს თავის სულს, შეინარჩუნებს მას.

[34] თქვენ გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლზე: ერთს წაიყვანენ და მეორე დარჩება.

[35] ორნი დაფქვავენ ერთად: ერთს წაიყვნენ, მეორე დარჩება.

[36] ორნი იქნებიან მინდორში: ერთს წაიყვანენ, მეორე დარჩება.“

[37] მიუგეს და უთხრეს მას: „სად, უფალო?“ ხოლო მან უთხრა მათ: „ლეში სადაც არის, იქ მოგროვდებიან ორბები.“

ლუკას სახარება — Chapters