Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:44

[1] ერთხელ, როცა იგი ერთ ადგილას ლოცულობდა, და დაასრულა ლოცვა, ერთმა მოწაფეთაგანმა მიმართა: „უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანე ასწავლიდა თავის მოწაფეებს.“

[2] უთხრა მათ: „როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი, მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა.

[3] პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღითი დღე.

[4] და მოგვიტევე ჩვენი ცოდვები, რადგან ჩვენც მივუტევებთ ყველა ჩვენს თანამდებს და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში.“

[5] და უთხრა მათ: „რომელიმე თქვენგანს რომ მეგობარი ჰყავდეს და შუაღამისას მიადგეს და უთხრას: ‘მეგობარო, მასესხე სამი პური.

[6] ვინაიდან მეგობარი მომივიდა ნამგზავრი და არაფერი გამაჩნია, წინ რომ დავუდო.’

[7] და მან შიგნიდან გამოსძახოს: ‘ნუ მაწუხებ, კარი დაკეტილია, ბავშვებიც ლოგინში მიწვანან, არ შემიძლია წამოდგომა და პურის მოცემა.’

[8] გეუბნებით თქვენ: თუ არ ადგება და მეგობრობის გამო არ მისცემს პურს, მისი აბეზრობის გამო მაინც ადგება და მისცემს იმდენ პურს, რამდენიც სჭირდება.

[9] და მე გეუბნებით თქვენ: ითხოვეთ და მოგეცემათ. ეძიეთ და იპოვით. დარეკეთ და გაგეღებათ.

[10] ვინაიდან ყველა, ვინც ითხოვს, ღებულობს, და ვინც ეძიებს, პოულობს, და ვინც რეკს, გაუღებენ.

[11] რომელი მამა იქნება თქვენში, რომ შვილმა პური სთხოვოს და ქვა მისცეს? ანდა თევზი სთხოვოს და თევზის წილ გველი მისცეს?

[12] ანდა, კვერცხი რომ სთხოვოს, მორიელი მისცეს?

[13] ჰოდა, თუ თქვენ, ბოროტებმა, იცით კეთილ მისაცემთა მიცემა თქვენი შვილებისათვის, მეტადრე ზეციერი მამა მისცემს სულიწმიდას იმათ, ვინც სთხოვს.“

[14] დევნიდა იგი ეშმაკს კაცისაგან რომელიც მუნჯი იყო. და, როცა ეშმაკი გავიდა, მუნჯი ალაპარაკდა და გაოცდა ხალხი.

[15] ზოგიერთი ამბობდა: ბელზებულით, ეშმაკთა მთავრით, დევნისო ეშმაკებს.

[16] ზოგი კი გამოსაცდელად მოითხოვდა მისგან ნიშანს ციდან.

[17] ხოლო მან იცოდა მათი ზრახვები და უთხრა მათ: „ყოველი სამეფო, რომელიც თავისავე წინააღმდეგაა გაყოფილი, გაპარტახდება და სახლი სახლზე დაემხობა.

[18] და თუ სატანა გაყოფილია თავისავე წინააღმდეგ, როგორღა გაძლებს მისი სამეფო? თქვენ კი ამბობთ, ვითომც მე ბელზებულით ვდევნიდე ეშმაკებს.

[19] თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი შვილები ვიღათი დევნიან? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები.

[20] და თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი.

[21] როცა ძლიერი კაცი იარაღით იცავს თავის კარმიდამოს, მაშინ მისი ქონება მშვიდობით არის.

[22] ხოლო, როცა მასზე ძლიერი თავს დაესხმის და დაამარცხებს, წაართმევს იარაღს, რომლის იმედიცა ჰქონდა, და ნადავლს დაარიგებს.

[23] ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს.

[24] როცა უწმიდური სული გამოვა ადამიანისგან, დადის ურწყულებში, ეძებს სიმშვიდეს, მაგრამ ვერ პოულობს. მაშინ ამბობს: დავბრუნდები ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო.

[25] მივა და იპოვის მას, დაგვილსა და მოვლილს.

[26] მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულს, თავისზე უბოროტესს, შევლენ და დასახლდებიან იქ. და იმ კაცისთვის უკანასკნელი პირველზე უარესი იქნება.“

[27] სანამ ის ამას ლაპარაკობდა, ერთმა დედაკაცმა ხმა აღიმაღლა ხალხიდან და წარმოთქვა: „ნეტარია მუცელი, რომელმაც შენ გატარა და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი.“

[28] მან კი თქვა: „ნეტარ არიან ისინი, ვინც მოისმენენ და დაიცავენ ღვთის სიტყვას.“

[29] როცა ხალხი მოაწყდა, და იწყო, მან ლაპარაკი: „ეს მოდგმა ბოროტი მოდგმაა: ითხოვს ნიშანს და ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა;

[30] ვინაიდან, როგორც იონა იყო ნიშანი ნინეველთათვის, ასევე იქნება ამ მოდგმისათვის ძე კაცისა.

[31] სამხრეთის დედოფალი წამოდგება სამსჯავროზე ამ მოდგმის ადამიანებთან ერთად და მსჯავრს დასდებს მათ, ვინაიდან იგი დედამიწის კიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.

[32] ნინეველები აღდგებიან სამსჯავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დასდებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და, აჰა, აქ არის იონაზე დიდი.“

[33] „არავინ ანთებს სანთელს, რომ დადგას მოფარებულში ანდა ჭურჭლის ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემოსულები ხედავდნენ ნათელს.

[34] სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია.

[35] ამიტომ უყურე: ნათელი, რომელიც შენშია, ბნელი ხომ არ არის?

[36] თუ კი მთელი შენი სხეული ნათელია და ბნელი არაფერი აქვს, მთლიანად ნათელი იქნება იგი, როგორც სანთელი ელვარებით გინათებდეს.“

[37] ამას რომ ლაპარაკობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ეჭამა პური. შევიდა და სუფრას მიუჯდა.

[38] ფარისეველს გაუკვირდა, როცა დაინახა, რომ მან არ დაიბანა ჭამის წინ.

[39] უთხრა მას უფალმა: „ახლა თქვენ, ფარისეველნო, სასმისსა და თეფშს გარედან ასუფთავებთ, თქვენი შინაგანი კი სავსეა მტაცებლობით და ბოროტებით.

[40] უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა შინაგანიც?

[41] არამედ გაეცით მოწყალება, რაც შიგნითაა, და აჰა, ყველაფერი სუფთა გექნებათ.

[42] „მაგრამ, ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გამოჰყოფთ პიტნის, ტეგანისა და ყოველნაირი ბოსტნეულის მეათედს და გვერდს უქცევთ ღვთის სამართალსა და სიყვარულს! ეს უნდა გაგეკეთებინათ და არც ის უნდა დაგეტოვებინათ.

[43] ვაი თქვენ, ფარისეველნო, რომ გიყვართ წინა ადგილზე ჯდომა სინაგოგებში და მოსალმებანი მოედნებზე!

[44] ვაი თქვენ, რადგან ხართ უჩინარი სამარხებივით, რომლებზეც ადამიანები დადიან და არ კი იციან!“

[45] ამაზე ერთ-ერთმა რჯულის მცოდნემ უთხრა: „მოძღვარო, ამას რომ ამბობ, ამით ჩვენც გვაყენებ შეურაცხყოფას.“

[46] მან კი უთხრა: „ვაი თქვენც, რჯულის მცოდნენო, რომ აჰკიდებთ ადამიანებს მძიმე ტვირთს, თვითონ კი იმ ტვირთს თითსაც არ აკარებთ.

[47] ვაი თქვენ, სამარხებს რომ უშენებთ წინასწარმეტყველთ, რომელნიც თქვენმა მამებმა დახოცეს!

[48] ამით თქვენ ემოწმებით და ეთანხმებით თქვენი მამების საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს წინასწარმეტყველნი, თქვენ კი მათ სამარხებს უშენებთ.

[49] ამიტომ თქვა ღვთის სიბრძნემ: ‘მივუვლენ მათ წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს, და მათგან ზოგს დახოცავენ, ზოგს განდევნიან,’

[50] რათა მოიკითხოს ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, რაც სოფლის შექმნიდან დაღვრილა –

[51] აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარიას სისხლამდე, რომელიც სამსხვერპლოსა და ტაძარს შორის დაიღუპა. აჰა, გეუბნებით, ამ მოდგმას მოჰკითხავენ.

[52] ვაი თქვენ, რჯულის მცოდნენო, რომ წარიტაცეთ ცოდნის გასაღები! არც თქვენ შეხვედით და შემსვლელებიც დააბრკოლეთ.“

[53] როცა ამას ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაუწყეს დიდად შევიწროება და ბევრზე სალაპარაკოდ გამოწვევა.

[54] რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და ბრალი დაედოთ მისთვის.

ლუკას სახარება — Chapters