Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 7:03

[1] როცა მან დაასრულა ყველა თავისი სიტყვა ხალხის სასმენელთა მიმართ, შევიდა კაპერნაუმში.

[2] ერთ ასისთავს ავად ჰყავდა და უკვდებოდა მონა, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო,

[3] იესოზე რომ მოისმინა, გაგზავნა მასთან იუდეველთა უხუცესები სათხოვნელად, რათა მოსულიყო და განეკურნა მისი მონა.

[4] ისინი მივიდნენ იესოსთან, სთხოვეს მხურვალედ და უთხრეს: „იგი ღირსია, რომ ეს გაუკეთო,

[5] ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი და სინაგოგა მან აგვიშენა.“

[6] იესო წაჰყვა მათ და უკვე იმ სახლის შორი-ახლოს იყვნენ, როცა ასისთავმა გამოუგზავნა მეგობრები მისთვის სათქმელად: „უფალო, ნუ გაირჯები, ვინაიდან ღირსი არა ვარ, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.

[7] ამიტომ ჩემი თავიც არ მივიჩნიე შენთან მოსვლის ღირსად. მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა.

[8] რადგან მეც, ძალაუფლებას დამორჩილებულს, ჩემს ხელქვეით მყვანან ჯარისკაცები. ერთს ვეუბნები: ‘წადი!’ და მიდის. და სხვას: ‘მოდი!’ და მოდის. ჩემს მონას: ‘გააკეთე ეს!’ და აკეთებს.“

[9] ეს რომ გაიგონა, იესოს გაუკვირდა მისი, მიუბრუნდა თავის უკან მომავალ ხალხს და უთხრა: „გეუბნებით, რომ ისრაელშიც ვერ ვპოვე მე ასეთი რწმენა.“

[10] წარგზავნილებმა სახლში დაბრუნებისას გამოკეთებული ნახეს ის მონა.

[11] ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაინი, და თან მიჰყვებოდნენ მისი მოწაფენი და დიდძალი ხალხი.

[12] ქალაქის კარიბჭეს რომ მიუახლოვდა, აჰა, მოასვენებდნენ მიცვალებულს, დედისერთა ვაჟს, ხოლო დედა ქვრივი იყო. დიდძალი ხალხი მოსდევდა მას ქალაქიდან.

[13] ქვრივის დანახვისას უფალს შეეცოდა იგი და უთხრა: „ნუ სტირი.“

[14] მივიდა და შეეხო ცხედარს. გამსვენებლები შედგნენ და მან თქვა: „ჭაბუკო, შენ გეუბნები, ადექ!“

[15] მკვდარი წამოჯდა და იწყო ლაპარაკი, და იესომ ჩააბარა იგი თავის დედას.

[16] ყველანი შიშმა შეიპყრო, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: „დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენს შორის და ღმერთმა მოხედა თავის ხალხს“.

[17] ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას და მთელ შემოგარენს.

[18] აუწყეს იოანეს მისმა მოწაფეებმა ყოველივე ეს.

[19] იოანემ დაიბარა ორი თავისი მოწაფე და იესოსთან გაგზავნა შესაკითხავად: „შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“

[20] მივიდნენ ისინი მასთან და უთხრეს: „იოანე ნათლისმცემელმა გამოგვგზავნა შენთან საკითხავად: შენა ხარ ის, ვინც უნდა მოსულიყო, თუ სხვას უნდა ველოდოთ?“

[21] იმჟამად მან ბევრი განკურნა სნეულებათა და სატკივართაგან და ავი სულებისაგან, და მრავალ ბრმას უწყალობა მხედველობა.

[22] მიუგო და უთხრა მათ: „წადით და უთხარით იოანეს, რაც ნახეთ და მოისმინეთ: ბრმებს მხედველობა უბრუნდებათ, ხეიბრები დადიან, კეთროვანები განიწმიდებიან, ყრუებს ესმით, მკვდრები დგებიან და ღატაკებს ეხარებათ.

[23] ნეტარია ვინც არ შეცდება ჩემში.“

[24] როცა იოანეს მოციქულები წავიდნენ, დაიწყო ლაპარაკი ხალხთან იოანეზე: „რის სანახავად გახვედით უდაბნოში? ქარისაგან შერხეული ლერწმისა?

[25] მაშ, რის სანახავად გახვედით – კაცისა, რომელსაც ფაფუკი სამოსელი აცვია? აჰა, ისინი, ვინც მდიდრულად არიან შემოსილნი და ფუფუნებით ცხოვრობენ, სამეფო კარზე იმყოფებიან.

[26] რიღას სანახავად წახვედით? წინასწარმეტყველისა? დიახ, გეუბნებით თქვენ, წინასწარმეტყველზე მეტისაც.

[27] ვინაიდან ეს არის ის, რომლის შესახებაც დაწერილია: ‘აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენი სახის წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენს წინაშე.’

[28] ვინაიდან გეუბნებით თქვენ: დედაკაცთა ნაშობთა შორის არავინ არის იოანეზე დიდი, მაგრამ ღვთის სასუფეველში უმცირესიც კი მასზე უფრო დიდია.“

[29] მთელმა ხალხმა, რომელიც მას უსმენდა, და მებაჟეებმაც კი, განადიდეს ღმერთი და იოანეს ნათლობით მოინათლნენ.

[30] ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მცოდნეებმა უარყვეს ღვთის რჩევა მათ მიმართ და არ ინათლებოდნენ მისგან.

[31] მაშინ უფალმა თქვა: „ვის ვამსგავსო ეს მოდგმა და ვისი მსგავსნი არიან ისინი?

[32] ისინი ჰგვანან ყრმებს, რომლებიც მოედნებზე სხედან და ერთმანეთს გასძახიან: ‘სალამურს გიკრავდით და არ ცეკვავდით, გიგოდებდით და არ სტიროდით.’

[33] ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი და არც პურს ჭამს, არც ღვინოს სვამს და თქვენ ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო.

[34] მოვიდა კაცის ძე და ჭამს და სვამს და ამბობთ: აჰა კაცი, მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო.

[35] გამართლებულია სიბრძნე მისი ყველა შვილის მიერ.“

[36] ვინმე ფარისეველთაგანი სთხოვდა მას, მასთან ეჭამა პური. შევიდა იმ ფარისევლის სახლში და მიუჯდა სუფრას.

[37] იმ ქალაქში იყო ცოდვილი დედაკაცი. როგორც კი გაიგო, იგი ფარისევლის სახლში ზისო, მოიტანა ნელსაცხებელი ალებასტრონის ჭურჭლით.

[38] და დადგა უკან, მის ფერხთით, ცრემლებით უსველებდა ფეხებს და თავისი თმებით უხოცავდა, ფეხებს უკოცნიდა და ნელსაცხებელს სცხებდა.

[39] ფარისეველმა, რომელმაც იესო მიიწვია, ამის დანახვაზე თავისთვის თქვა: „ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, შეიტყობდა ვინ და რანაირი დედაკაცი ეხება მას, რადგან ცოდვილია იგი.“

[40] მიუგო იესომ და უთხრა მას: „სიმონ, რაღაც მაქვს შენთან სათქმელი,“ მან კი უთხრა: „თქვი, მოძღვარო.“

[41] თქვა: „ერთ მევახშეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი ემართა, მეორეს – ორმოცდაათი.

[42] მაგრამ რაკი არაფერი ჰქონდათ, რომ გადაეხადათ, ორივეს მიუტევა. ახლა მითხარი, რომელს უფრო მეტად შეუყვარდება იგი?“

[43] მიუგო სიმონმა და თქვა: „მე ვფიქრობ, რომელსაც უფრო მეტი მიუტევა.“ ხოლო მან უთხრა მას: „სწორად განსაჯე.“

[44] მიბრუნდა დედაკაცისაკენ და სიმონს უთხრა: „ხომ ხედავ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალი არ მომეცი ფერხთათვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფერხნი და თავისი თმებით შემიხოცა.

[45] შენ არ გიკოცნია ჩემთვის, ამას კი, რაც აქ შემოვიდა, არ შეუწყვეტია ჩემს ფერხთა კოცნა.

[46] შენ ზეთი არ გიცხია ჩემს თავზე, ამან კი ნელსაცხებელი სცხო ჩემს ფერხთ.

[47] ამის გამო გეუბნები: მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა. ხოლო ვისაც ცოტა მიეტევა, ცოტათი უყვარს.“

[48] და უთხრა მას: „მიგეტევა შენი ცოდვანი.“

[49] მასთან მსხდომებმა იწყეს ლაპარაკი თავისთვის: „ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებს?“

[50] მან კი უთხრა დედაკაცს: „შენმა რწმენამ გიხსნა შენ. წადი მშვიდობით.“

ლუკას სახარება — Chapters