Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:02

[1] ამის შემდეგ ამოარჩია უფალმა სხვა სამოცდაათი და წინასწარ მიავლინა ორ-ორი ყოველ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.

[2] უთხრა მათ: „სამკალი ბევრია, მუშაკი – ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკლის პატრონს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.

[3] წადით, აჰა გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.

[4] არც ქისა წაიღოთ თან, არც გუდა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.

[5] რომელ სახლშიც შეხვიდეთ, უწინ ეს სთქვით: მშვიდობა ამ სახლს!

[6] თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა. თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.

[7] იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც მათ აქვთ, ვინაიდან მუშაკი ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ.

[8] რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.

[9] განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: ‘ღვთის სასუფეველი მოგიახლოვდათ.’

[10] ხოლო თუ რომელიმე ქალაქში შესვლისას არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:

[11] ‘თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი.’

[12] გეუბნებით, სოდომს უფრო გაუადვილდება იმ დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.

[13] ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! ვინაიდან ტვიროსსა და ციდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რომელნიც თქვენთან მოხდა, ისინი დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.

[14] მაგრამ ტვიროსსა და ციდონს უფრო გაუადვილდება განკითხვისას, ვიდრე თქვენ.

[15] შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები!

[16] ვინც თქვენ მოგისმენთ, მეც მომისმენს; თქვენი უარმყოფელი მეც უარმყოფს. ჩემი უარმყოფელი უარყოფს ჩემს მომავლინებელს!“

[17] სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და უთხრეს: „უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან.“

[18] მან კი უთხრა მათ: „დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი.

[19] აჰა, გაძლევთ თქვენ ხელმწიფებას გველთა და მორიელთა დასათრგუნავად, და მტრის ყოველი ძალისა. თქვენ კი არაფერი გევნებათ.

[20] ოღონდ ნუ ხარობთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ცაშია ჩაწერილი.“

[21] იმ დროს სულში გაიხარა იესომ და თქვა: „გადიდებ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ, ჩვილებს კი განუცხადე. ჰეი, მამაო, ვინაიდან ასე იყო მოსაწონი შენს წინაშე.

[22] ყოველივე ჩემი მამისგან გადმომეცა, ხოლო არავინ იცის, ვინ არის მამა, გარდა ძისა. და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს, რომ განუცხადოს.“

[23] მიუბრუნდა მოწაფეებს ცალკე და უთხრა: „ნეტარია თვალები, რომელნიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ.

[24] რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილა, და ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა.“

[25] აჰა, ერთი რჯულის მცოდნე, წამოდგა და გამოსაცდელად თქვა: „რა უნდა გავაკეთო, მოძღვარო, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

[26] მან უთხრა მას: „რჯულში როგორ სწერია? შენ როგორ კითხულობ?“

[27] მან მიუგო და უთხრა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით, და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.“

[28] უთხრა მას: „სწორად მიპასუხე. ეგრე მოიქეცი და იცოცხლებ.“

[29] მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და უთხრა იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“

[30] უპასუხა იესომ და უთხრა: „ერთი კაცი მიდიოდა იერუსალიმიდან იერიხოს და დაესხნენ ყაჩაღები, ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ. ის კი ცოცხალ-მკვდარი მიატოვეს.

[31] შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩაიარა იმ გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.

[32] ასევე ლევიანმა ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და გვერდი აუქცია.

[33] მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეიცოდა.

[34] მივიდა მასთან, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და იზრუნა მასზე.

[35] მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, მოგცემო.

[36] რას ფიქრობ, იმ სამიდან რომელი უფრო იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“

[37] მან თქვა: „რომელმაც წყალობა უყო მას.“ უთხრა მას იესომ: „წადი და შენც ასევე მოიქეცი.“

[38] განაგრძეს გზა და შევიდა იგი ერთ სოფელში და ერთმა დედაკაცმა, სახელად მართამ, მიიწვია იგი სახლში.

[39] მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და ისმენდა მის სიტყვას.

[40] მართა კი ზრუნავდა გულუხვად გამასპინძლებაზე. მივიდა მასთან და უთხრა: „უფალო, არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს.“

[41] და უთხრა მას უფალმა პასუხად: „მართა, მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ,

[42] საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.“

ლუკას სახარება — Chapters