[1] შაბათი რომ გავიდა, მარიამ მაგდალელმა, მარიამ იაკობისამ და სალომემ იყიდეს სურნელებანი, რომ მისულიყვნენ და ეცხოთ მისთვის.
[2] შვიდეულის პირველ დღეს, დილაადრიანად მივიდნენ სამარხთან, მზის ამოსვლისას.
[3] ერთმანეთში ამბობდნენ: ვინ გადაგვიგორებს ლოდს სამარხის კარიდანო?
[4] გაიხედეს და დაინახეს, რომ ლოდი გადაგორებულია, ძალიან დიდი კი იყო.
[5] და შევიდნენ სამარხში და დაინახეს მარჯვნივ მჯდომარე ჭაბუკი, სპეტაკი სამოსლით შემოსილი, და შეშფოთდნენ.
[6] მან უთხრა მათ: „ნუ შეშფოთდებით! თქვენ ეძებთ ჯვარცმულ იესო ნაზარეველს. იგი აღდგა, აქ არ არის. აჰა, ადგილი, სადაც ის დაასვენეს.
[7] მაგრამ წადით, უთხარით მის მოწაფეებს და პეტრეს: აჰა, წინ მიგიძღვით იგი გალილეისაკენ. იქ ნახავთ მას, როგორც ნათქვამი აქვს თქვენთვის.“
[8] გამოვიდნენ და გაიქცნენ სამარხიდან, რადგან აცახცახებული და თავზარდაცემულნი იყვნენ. არავის არაფერი უთხრეს, რადგან ეშინოდათ.
[9] შვიდეულის პირველ დღეს ადრე აღმდგარი პირველად ეჩვენა მარიამ მაგდალელს, რომლისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა.
[10] ისიც წავიდა და შეატყობინა მათ, ვინც მასთან იყვნენ ხოლმე – მგლოვიარეთ და მოტირალთ.
[11] ხოლო მათ, როცა მოისმინეს, რომ ცოცხალია და მარიამმა იხილა იგი, არ ირწმუნეს.
[12] ამის შემდეგ სხვა სახით ეჩვენა ორ მათგანს, როცა დაბისკენ მიდიოდნენ.
[13] ისინი მივიდნენ და სხვებს შეატყობინეს, მაგრამ არც ამათი ირწმუნეს.
[14] მოგვიანებით ეჩვენა თერთმეტს, ინახით მსხდართ, და უსაყვედურა ურწმუნოება და გულქვაობა, რადგან არ ირწმუნეს მათი, რომლებმაც აღმდგარი იხილეს იგი.
[15] უთხრა მათ: „მოედეთ მთელს სოფელს და უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას.
[16] ვინც ირწმუნებს და მოინათლება, გადარჩება. ვინც არ ირწმუნებს, მსჯავრი დაედება.
[17] ეს სასწაულები იქნება მორწმუნეთა თანმხლები: ჩემი სახელით ეშმაკებს განდევნიან, ახალი ენებით ილაპარაკებენ,
[18] ხელში გველებს აიყვანენ და, თუნდაც რაიმე სასიკვდილო შესვან, არ ავნებთ. ავადმყოფებს ხელებს დაასხამენ და განიკურნებიან ისინი.“
[19] ასე, მათთან საუბრის შემდეგ უფალი იესო ამაღლდა ზეცად და დაჯდა ღვთის მარჯვნივ.
[20] ისინიც წავიდნენ და ქადაგებდნენ ყველგან. და უფალი შეეწეოდა მათ და განამტკიცებდა სიტყვას თანამდევი სასწაულებით. ამინ.