[1] აიხედა და დაინახა, რომ საგანძურში ჰყრიდნენ მდიდრები თავიანთ შესაწირავს.
[2] დაინახა აგრეთვე ღარიბი ქვრივი, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო.
[3] თქვა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ ღარიბმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩადო,
[4] ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულისგან ჩადო, მან კი თავისი სიდუხჭირისაგან ჩადო მთელი სარჩო, რაც ებადა.“
[5] როცა ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, ძვირფასი ქვებით და შეწირულებებით არისო დამშვენებული, იესომ თქვა:
[6] „დადგება დღეები, როცა ამათგან, რასაც აქ ხედავთ, ქვა ქვაზე არ დარჩება, რომ არ ჩამოიშალოს.“
[7] ისინი ეუბნებოდნენ მას და ეკითხებოდნენ: „მოძღვარო, როდის იქნება ეს და რა იქნება ნიშანი, ეს რომ უნდა მოხდეს?“
[8] მან თქვა: „გაფრთხილდით, რომ არ შეცდეთ, ვინაიდან ბევრი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: მე ვარო და ის ჟამი მოახლოებულიაო. თქვენ ნუ გაჰყვებით მათ.
[9] როცა მოისმენთ ომებსა და შფოთებზე, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, რადგან უცებ არ იქნება აღსასრული.“
[10] მაშინ უთხრა მათ: „აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო – სამეფოს წინააღმდეგ.
[11] იქნება დიდი მიწისძვრანი, ადგილ-ადგილ მოსრვა და შიმშილობანი, საშინელებანი და დიდი ნიშნები ზეციდან.
[12] ამის უწინარეს ხელს დაგადებენ თქვენ და დაგიწყებენ დევნას, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებს, მეფეთა და განმგებელთა წინაშე მიგიყვანენ ჩემი სახელის გამო.
[13] ეს გექნებათ თქვენ დასამოწმებლად.
[14] ამიტომ თქვენს გულებში ჩაიდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნოთ, რითი იმართლოთ თავი,
[15] ვინაიდან მე მოგცემთ თქვენ პირსა და სიბრძნეს, რომელთაც ვერ დაუპირისპირდებიან და ვერც შეეპასუხებიან თქვენი მოწინააღმდეგენი.
[16] ასევე გაცემულ იქნებით მშობლებისა და ძმების, ნათესავებისა და მეგობრების მიერ, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს მოკლავენ.
[17] და ყველა მოგიძულებთ ჩემი სახელის გამო.
[18] მაგრამ ბეწვიც კი არ დაიკარგება თქვენი თავიდან.
[19] მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული.
[20] და როცა იხილავთ იერუსალიმს, ლაშქრით გარსშემორტყმულს, მაშინ იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი აოხრება.
[21] მაშინ იუდეაში მყოფნი მთებში გაიხიზნონ; ვინც იერუსალიმშია, გარეთ გავიდეს; ვინც სოფლად არის, ნუღარ შევა მასში.
[22] ვინაიდან ეს შურისგების დღეებია, რათა აღსრულდეს ყოველივე დაწერილი.
[23] ხოლო, ვაი ორსულთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან დიდი იქნება უბედურება მიწაზე და რისხვა ამ ხალხზე.
[24] დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაასხამენ ყველა ხალხში. იერუსალიმი გათელილი იქნება წარმართთა მიერ, ვიდრე დასრულდება წარმართთა ჟამი.
[25] და იქნება ნიშნები მზეზე და მთვარეზე და ვარსკვლავებზე. ხოლო მიწაზე, ხალხები შეშფოთდებიან თავგზააბნეულნი ზღვის ხმაურისა და ბობოქრობის გამო.
[26] ხალხს გული შეუწუხდება შიშით და მსოფლიოზე მოსავალთა მოლოდინით, ვინაიდან ციური ძალები შეირყევიან.
[27] მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბელზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
[28] ხოლო როცა ამის ახდენა დაიწყება, გაიმართეთ და თავი ასწიეთ, რადგან ახლოვდება თქვენი ხსნა.“
[29] უთხრა მათ იგავი: „შეხედეთ ლეღვს და ყველა ხეს.
[30] როცა ისინი უკვე იფოთლებიან, შეხედავთ და იცით, რომ ახლოსაა ზაფხული.
[31] ასევე თქვენ, როცა იხილავთ ყოველივე ამის ახდენას, იცოდეთ, რომ ახლოსაა ღვთის სასუფეველი.
[32] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს მოდგმა, ვიდრე ყველაფერი არ ახდება.
[33] ცა და მიწა გადაივლიან, ჩემი სიტყვები კი არ გადაივლიან.
[34] „გაფრთხილდით, არ დამძიმდეს თქვენი გულები ღრეობით, ლოთობითა და სიცოცხლეზე ზრუნვით, და იმ დღემ არ გიწიოთ უცაბედად,
[35] რადგან ის, ეწევა, როგორც მახე, ყველა მკვიდრს მთელს მიწის პირზე.
[36] მაშ, ყოველჟამს იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა შეგეძლოთ ყოველგვარ ამ მოსახდენთაგან თავის დაღწევა და წარდგომა კაცის ძის წინაშე.“
[37] დღისით იესო ტაძარში იმყოფებოდა და ასწავლიდა. ღამ-ღამობით კი ადიოდა მთაზე, რომელსაც ზეთისხილისა ეწოდება.
[38] მთელი ხალხი დილიდან მიდიოდა მასთან ტაძარში მის მოსასმენად.