Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:37

[1] ერთ დღეს, როცა ის ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიუცვივდნენ მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი უხუცესებთან ერთად

[2] და უთხრეს მას: „გვითხარი, რომელი ხელმწიფებით აკეთებ ამას ან ვინ მოგცა შენ ეს ხელმწიფება?“

[3] მიუგო და უთხრა მათ: „მეც გკითხავთ ერთ სიტყვას და მითხარით:

[4] იოანეს ნათლისცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან?“

[5] ისინი ერთმანეთში მსჯელობდნენ: „თუ ვიტყვით, რომ ზეციდანო, იტყვის: მაშ, რაღატომ არ იწამეთო მისი?

[6] თუ ვიტყვით კაცთაგან, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს, ვინაიდან სჯერათ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო.“

[7] და მიუგეს: „არ ვიცით საიდან.“

[8] იესომ უთხრა მათ: „მეც არ გეტყვით, რომელი ხელმწიფებით ვაკეთებ ამას.“

[9] დაუწყო ხალხს ამ იგავის მოყოლა: „ერთმა კაცმა ვაზი ჩაყარა და მიწისმუშაკთ ჩააბარა. თვითონ კი სხვა ქვეყანაში წავიდა კარგა ხნით.

[10] როცა დრო მოვიდა, მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ, რომ მიეცათ ვენახის ნაყოფთაგან. მაგრამ მიწისმუშაკებმა სცემეს მას და ხელცარიელი გაუშვეს.

[11] კვლავ გაუგზავნა მათ სხვა მონა. მასაც სცემეს, გალანძღეს და ხელცარიელი გაუშვეს.

[12] მერე მესამეც გაგზავნა. დაჭრეს იგი და გააგდეს გარეთ.

[13] მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: ‘როგორ მოვიქცე? ჩემს საყვარელ ძეს გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ.’

[14] მაგრამ მიწისმუშაკებმა, ის რომ დაინახეს, ერთმანეთში მოითათბირეს და თქვეს: ‘ეს მემკვიდრეა. მოდი, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება.’

[15] გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს. რას უზამს მათ ვენახის პატრონი?

[16] მოვა, ამოწყვეტს იმ მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს ჩააბარებს.“ ვინც მოისმინეს, თქვეს: „ნუმც მოხდება.“

[17] მან კი შეხედა მათ და თქვა: „რას ნიშნავს ეს დაწერილი: ‘ქვა, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა’?

[18] ყველა, ვინც იმ ქვაზე დაეცემა, დაილეწება. ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.“

[19] მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი სწორედ ამ დროს შეეცადნენ, რომ ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ, რადგან იცოდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.

[20] უთვალთვალებდნენ მას და მიუგზავნეს მსტოვრები, რომლებიც თავს მართალ ადამიანებად აჩვენებდნენ, რათა სიტყვაში დაეჭირათ და მთავრობისათვის და განმგებლის ხელმწიფებაში გადაეცათ.

[21] ჰკითხეს მას და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ სიმართლეს ლაპარაკობ და ასწავლი, არავის მიჰკერძებ, არამედ ჭეშმარიტებით ასწავლი ღვთის გზას.

[22] შეიძლება თუ არა მივცეთ ხარკი კეისარს?“

[23] იგი მიუხვდა მათ მზაკვრობას და უთხრა:

[24] „მიჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და წარწერა?“ თქვეს: კეისრისაო.

[25] უთხრა მათ: „ჰოდა, მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.“

[26] ვერ შეძლეს მისი სიტყვაში დაჭერა ხალხის წინაშე. გაუკვირდათ მისი პასუხი და დადუმდნენ.

[27] მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

[28] „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა, რომელსაც ცოლი ჰყავდა, მაგრამ უშვილოდ გადაეგო, მისმა ძმამ შეირთოს მისი ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას.

[29] იყვნენ შვიდნი ძმანი. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა უშვილოდ.

[30] და მეორემაც

[31] და მესამემაც შეირთეს იგი. შვიდთაგან არცერთს არ დარჩენია შვილები, და დაიხოცნენ.

[32] ბოლოს დედაკაციც მოკვდა.

[33] ჰოდა, აღდგომისას, რომელი ერთის ცოლი იქნება, რადგან შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“

[34] და უთხრა მათ იესომ: „ამ საუკუნის შვილები ირთავენ ცოლებს და თხოვდებიან;

[35] ხოლო ვინც ღირსნი არიან მოიპოვონ ის საუკუნე და მკვდრეთით აღდგომა, არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან,

[36] ვინაიდან აღარც სიკვდილი შეუძლიათ მათ, რაკი ანგელოზთა სწორნი და ღვთის ძენი არიან ისინი, ძენი აღდგომის.

[37] ხოლო მკვდრები რომ აღდგებიან, ეს მოსემაც მიანიშნა მაყვლის ბუჩქით, როცა აბრაამის ღმერთს, ისაკის ღმერთს და იაკობის ღმერთს უწოდა უფალი.

[38] ხოლო ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, ვინაიდან მისთვის ყველა ცოცხალია.“

[39] მიუგო ზოგიერთმა მწიგნობარმა და უთხრა: კარგად თქვიო, მოძღვარო.

[40] და ვეღარ გაბედეს, რამე ეკითხათ მისთვის, ხოლო მან უთხრა მათ:

[41] „როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა?

[42] თვითონ დავითი კი ამბობს წიგნში: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,

[43] ვიდრე შენს მტრებს დავამხობდე შენს ფერხთა კვარცხლბეკად.’

[44] აჰა, დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“

[45] და როცა მთელი ხალხი უსმენდა, უთხრა თავის მოწაფეებს:

[46] „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც სურთ გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი, სინაგოგებში წინა სავარძლები და წინა ადგილები ნადიმებზე;

[47] რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ. ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“

ლუკას სახარება — Chapters