[1] ერთხელ, როცა ხალხის ბრბო აწყდებოდა მას, რომ ღვთის სიტყვა მოესმინათ, და ის იდგა გენესარეთის ტბასთან,
[2] დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი. ნავებიდან გადმოსული მებადურები ბადეებს რეცხავდნენ.
[3] ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
[4] როცა ლაპარაკი დაამთავრა, უთხრა სიმონს: „შეცურდი ღრმად და მოისროლეთ ბადეები თევზის დასაჭერად.“
[5] მიუგო სიმონმა და უთხრა: „მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენი სიტყვით ვისვრი ბადეს.“
[6] ასეც მოიქცნენ. იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.
[7] ნიშანი მისცეს ამხანაგებს მეორე ნავში, რომ მოსულიყვნენ მოსაშველებლად. მოვიდნენ და ისე აავსეს ორივე ნავი, რომ ლამის იძირებოდნენ.
[8] ეს რომ დაინახა სიმონ-პეტრემ, დაეცა იესოს მუხლებთან და უთხრა: „გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ.“
[9] რადგან შიშმა შეიპყრო იგი და ყველა მასთან მყოფი იმ თევზისჭერის გამო, მათ რომ დაიჭირეს.
[10] ასევე იაკობი და იოანე, ზებედეს ძენი, სიმონის მოზიარენი. და უთხრა სიმონს იესომ: „ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანთა დამჭერი იქნები.“
[11] მიაყენეს ნავები მიწას, ყველაფერი მიატოვეს და გაჰყვნენ მას.
[12] ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. დაინახა იესო და დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: „უფალო, თუ გსურს, შეგიძლია ჩემი განწმედა.“
[13] და გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: „მსურს, განიწმიდე!“ და მყისვე მოშორდა კეთრი.
[14] და უბრძანა მას: „არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, როგორც დაუდგინა მათ მოსემ მოწმობად.“
[15] და უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ და დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა მას, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ თავიანთ სნეულებათაგან.
[16] ის კი უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა.
[17] ერთ დღეს, როცა ის ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომელნიც მოსულიყვნენ გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან, და უფლის ძალა იყო მასთან განსაკურნავად,
[18] აჰა, კაცებმა საწოლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო, და ცდილობდნენ, შიგნით შეეყვანათ და იესოს წინ დაეწვინათ.
[19] და რომ ვერ მოახერხეს მისი შეყვანა ხალხმრავლობის გამო, ერდოზე ავიდნენ და კრამიტებს შორის საწოლიანად ჩაუშვეს შუაგულ ოთახში იესოს წინ.
[20] რომ დაინახა მათი რწმენა, უთხრა: „ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები.“
[21] და იწყეს მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა ურთიერთშორის და ამბობდნენ: „ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს? ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“
[22] იესო მიხვდა მათ ზრახვებს, და მიუგო და უთხრა: „რას კითხულობთ თქვენს გულში?
[23] რა უფრო ადვილია, თქმა: შენი ცოდვები მოგეტევა, თუ თქმა: ადექ და გაიარე?
[24] რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს მიწაზე აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება, – ეუბნება დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექ, აიღე შენი საწოლი და შინ წადი.“
[25] და მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, და წავიდა თავის სახლში და ადიდებდა ღმერთს.
[26] და განცვიფრებამ შეიპყრო ყველა და ადიდებდნენ ღმერთს და შეშინებულები ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთო დღეს.
[27] ამის შემდეგ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც იჯდა საბაჟოში, და უთხრა მას: „გამომყევი მე.“
[28] მანაც მიატოვა ყოველივე, წამოდგა და გაჰყვა მას.
[29] და მოუმზადა ლევიმ მას დიდი ნადიმი თავის სახლში. და იყო იქ ბევრი მებაჟე და სხვანი, რომლებიც მათთან ერთად უსხდნენ სუფრას.
[30] მათი მწიგნობარნი და ფარისეველნი დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: „რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?“
[31] და მიუგო იესომ და უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
[32] მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა, რათა მოინანიონ.“
[33] მათ კი უთხრეს მას: „იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთანიც. შენები კი ჭამენ და სვამენ.“
[34] იესომ უთხრა მათ: „როგორ აიძულებთ მექორწილეებს, იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის?
[35] მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში.“
[36] იგავიც უთხრა მათ: „არავინ მოხევს საკერებელს ახალ სამოსელს და არ დაადებს ძველ სამოსელს, თორემ ახალსაც დახევს და ძველსაც არ გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი.
[37] არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც დაიღუპება.
[38] არამედ ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას.
[39] არც ერთი ძველის მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.“