Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:27

[1] ერთხელ, როცა შევიდა იგი ფარისეველთა რომელიღაც მთავრის სახლში შაბათს პურის საჭმელად და ისინი უთვალთვალებდნენ მას,

[2] აჰა, მის წინაშე წარდგა ერთი კაცი, წყალმანკით დაავადებული.

[3] მიუგო იესომ და უთხრა რჯულის მცოდნეებსა და ფარისევლებს: „შეიძლება თუ არა განკურნება შაბათს?“

[4] ისინი დუმდნენ. და შეეხო მას, განკურნა და გაუშვა.

[5] და მათ უთხრა: „რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა იმ წამსვე არ ამოიყვანს, შაბათი დღეც რომ იყოს?“

[6] და ვერ შეძლეს ამაზე პასუხის მიცემა.

[7] უთხრა წვეულებს იგავი, როცა შეამჩნია, რომ წინა ადგილებს ირჩევდნენ, და უთხრა მათ:

[8] „თუ ვინმემ ქორწილში მიგიწვიოს, ნუ დაჯდები წინა ადგილზე, რადგან შეიძლება შენზე უფრო საპატიო სხვა ჰყავდეს მოწვეული,

[9] რომ არ მოვიდეს შენი და მისი მაწვევარი და არ გითხრას: ‘დაუთმე ამას ადგილი!’ მაშინ შერცხვენილმა უნდა დაიკავო უკანასკნელი ადგილი.

[10] მაგრამ როცა მოგიწვევენ, მიდი და დაჯექი ბოლო ადგილზე, რომ მოვიდეს შენი მაწვევარი და გითხრას: ‘მეგობარო, გადაბრძანდი უფრო მაღლა!’ მაშინ გექნება მეტი დიდება ყოველი თანამეინახის წინაშე.

[11] ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს – ამაღლდება.“

[12] თავის მაწვევარსაც უთხრა: „როცა სადილს ან ვახშამს გამართავ, ნუ მოიწვევ შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მერე იმათაც არ მიგიწვიონ და არ მიიღო სამაგიერო,

[13] არამედ, როცა ლხინს გამართავ, მოიწვიე გლახაკნი, ხეიბრები, კოჭლები და ბრმები.

[14] ნეტარი იქნები, რადგან მათ არაფერი აქვთ, რომ მოგიზღან. მაგრამ შენ მართალთა აღდგომისას მოგეზღვება.“

[15] ეს რომ გაიგონა ერთმა მასთან მჯდომმა, უთხრა მას: „ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღვთის სასუფეველში.“

[16] მან კი უთხრა მას: „ერთმა კაცმა დიდი პურობა გამართა და ბევრი მოიწვია.

[17] პურობის დრომ რომ მოაღწია, გაგზავნა თავისი მონა, რათა წვეულთათვის ეთქვა: მობრძანდით, ყველაფერი მზად არისო.

[18] ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. პირველმა თქვა: ყანა ვიყიდე და მის სანახავად უნდა წავიდე, გთხოვ, მაპატიოო;

[19] მეორემ უთხრა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ, გთხოვ, მაპატიოო;

[20] მესამემ უთხრა: ცოლი შევირთე და ამის გამო არ შემიძლია მოსვლაო.

[21] დაბრუნდა მონა უკან და აუწყა ეს თავის ბატონს. განრისხდა მაშინ მასპინძელი და უთხრა თავის მონას: ‘გადი სასწრაფოდ, ქალაქის მოედნებზე და ქუჩებში, მომიყვანე გლახაკნი, ხეიბრები, ბრმები და კოჭლები.’

[22] და უთხრა მონამ: ‘ბატონო, აღსრულებულია რაც ბრძანე, და კიდევ დარჩა ადგილი.’

[23] და უთხრა ბატონმა მონას: ‘გადი გზებზე და ორღობეებში, დაიყოლიე ისინი, რომ მოვიდნენ, რათა აივსოს ჩემი სახლი,

[24] რადგან გეუბნებით: ვერავინ იმ წვეულთაგან ვერ იგემებს ჩემს პურობას!’“

[25] მივიდა მასთან დიდძალი ხალხი და ის მიუბრუნდა მათ და უთხრა:

[26] „თუ ვინმე მოვა ჩემთან და არ მოიძულებს თავის მამას და დედას, ცოლსა და შვილებს, ძმებსა და დებს, საკუთარ სულსაც კი, იგი ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

[27] ვინც არ ატარებს თავის ჯვარს და ისე არ გამომყვება, ვერ გახდება ჩემი მოწაფე.

[28] რადგან რომელიმე თქვენგანმა რომ კოშკის აშენება მოისურვოს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ იანგარიშებს იმ ფასს, რაც მის დასამთავრებლად იქნება საჭირო?

[29] რადგან საძირკველს თუ ჩაყრის და ვერ დაამთავრებს, ყველა, ვინც დაინახავს, დაცინვას დაუწყებს,

[30] და იტყვის: ამ კაცმა შენება დაიწყო და ვეღარ დაამთავრაო.

[31] ანდა, რომელი მეფეა, რომ მეორე მეფის წინააღმდეგ ომის განმზრახველი, ჯერ სათათბიროდ არ დაჯდეს, შეუძლია თუ არა ათი ათასით დაუხვდეს ოცი ათას მომხვდურს?

[32] თუ არა და, ვიდრე ჯერ კიდევ შორს არის იგი, ელჩობას მიუგზავნის, და ზავსა სთხოვს.

[33] ასევეა ყოველი თქვენგანი. ვინც უარს არ იტყვის ყველაფერზე, რაც აბადია, ვერ შეძლებს, ჩემს მოწაფეობას.

[34] მარილი კარგია, მაგრამ, თუ მარილი განქარდა, რიღათი დამარილდეს?

[35] არც მიწისთვის გამოდგება, არც ნაკელისთვის, ამიტომ შორს გადაყრიან. ვისაც ყურები აქვს მოსასმენად, ისმინოს!“

ლუკას სახარება — Chapters