Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:09

[1] უთხრა მათ იგავი იმის შესახებ, რომ ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ.

[2] თქვა: „ერთ ქალაქში იყო ერთი მსაჯული, ღვთისა არ ეშინოდა და ხალხისა არ რცხვენოდა.

[3] იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი. მივიდა მასთან და უთხრა: ‘დამიცავი ჩემი მოქიშპისაგან.’

[4] დიდხანს უარობდა. მერე თავისთვის თქვა: ‘მართალია, ღვთისა არ მეშინია და ხალხისა არ მრცხვენია,

[5] მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ, რომ აღარ მოვიდეს და თავი არ მომაბეზროს.’“

[6] თქვა უფალმა: „გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული?

[7] განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, რომელნიც დღედაღამ მას შეღაღადებენ, და არ იქნება სულგრძელი მათდამი?

[8] თქვენ გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ, როცა ძე კაცისა მოვა, ნეტა ჰპოვებს ამქვეყნად რწმენას?“

[9] ზოგიერთებს, ვისაც სჯეროდა, რომ მართალნი იყვნენ, სხვებს კი ამცირებდნენ, უთხრა ეს იგავი:

[10] „ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად – ერთი ფარისეველი და მეორე მებაჟე.

[11] ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა: ‘გმადლობ, შენ, ღმერთო, რომ არა ვარ, როგორც სხვა ადამიანები არიან – მძარცველები, უსამართლონი, მრუშნი, ან როგორც ეს მებაჟეა.

[12] კვირაში ორჯერ ვმარხულობ და მეათედს ვიძლევი ყოველი ჩემი შენაძენიდან.’

[13] ხოლო მებაჟე მოშორებით იდგა და ვერც კი ბედავდა, რომ ცისკენ აღეპყრო თვალი. მკერდში მჯიღს იცემდა და ამბობდა: ‘ღმერთო, შემიწყალე მე, ცოდვილი.’

[14] თქვენ გეუბნებით: ეს უფრო გამართლებული წავიდა შინ, ვიდრე იგი, ვინაიდან ყველა, ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, და ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება.“

[15] მოუყვანეს მას ყრმებიც, რომ შეხებოდა მათ. ეს რომ მოწაფეებმა დაინახეს, აჩერებდნენ მათ.

[16] იესომ დაუძახა მათ და თქვა: „გამოუშვით ბავშვები და ხელს ნუ უშლით ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.

[17] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისე არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, როგორც ბავშვი, ვერ შევა შიგ.“

[18] ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა და უთხრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“

[19] უთხრა მას იესომ: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა.

[20] იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, არ იყო ცრუმოწმე, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“

[21] მან თქვა: „ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდანვე ვიცავდი.“

[22] ეს რომ მოისმინა, იესომ უთხრა: „ერთიღა გაკლია: რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე და მიეცი ღარიბებს, და გექნება საუნჯე ზეცაში. მოდი და გამომყევი.“

[23] ამის გაგონებაზე იგი დაღონდა, რადგან ძალიან მდიდარი იყო.

[24] შეხედა მას იესომ და თქვა: „რაოდენ ძნელია სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში!

[25] ვინაიდან უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“

[26] მსმენელებმა თქვეს: „ვიღას შეუძლია გადარჩენა?“

[27] მან თქვა: „კაცთათვის შეუძლებელი ღვთისთვის შესაძლებელია.“

[28] თქვა პეტრემ: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“

[29] მან უთხრა მათ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები,

[30] და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი, ხოლო მომავალში – საუკუნო სიცოცხლე.“

[31] წაიყვანა თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: „აჰა, ავდივართ იერუსალიმს და აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე.

[32] რადგან წარმართებს გადაეცემა, შეაგინებენ, შეურაცხყოფენ, შეაფურთხებენ,

[33] გაშოლტავენ, მოკლავენ და მესამე დღეს აღდგება.“

[34] მათ კი აქედან ვერაფერი გაიგეს და ეს სიტყვა დაფარული იყო მათთვის და ვერ ხვდებოდნენ ნათქვამს.

[35] იერიხოს რომ მიუახლოვდნენ, ვიღაც ბრმა იჯდა გზაზე და მოწყალებას ითხოვდა.

[36] გამვლელი ხალხის ხმა გაიგონა და იკითხა: „რა ამბავია?“

[37] უთხრეს: იესო ნაზარეველი მოდისო.

[38] მაშინ მან დაიყვირა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“

[39] წინ მიმავალნი გაუწყრნენ, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ ის კიდევ უფრო აყვირდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“

[40] შეჩერდა იესო და ბრძანა, მასთან მოეყვანათ. როცა იგი მიუახლოვდა, ჰკითხა:

[41] „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ უთხრა: „უფალო, რომ თვალი ამეხილოს.“

[42] იესომ უთხრა მას: „აახილე! შენმა რწმენამ გიხსნა შენ.“

[43] და იმწამსვე აეხილა. მიჰყვებოდა მას და ადიდებდა ღმერთს. მთელი ხალხი ხედავდა ამას და აქებდა ღმერთს.

ლუკას სახარება — Chapters