Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:33

[1] შევიდა და გაიარა იერიხოზე.

[2] და აჰა, იყო კაცი ვინმე, სახელად ზაქე – მებაჟეთა უფროსი და მდიდარი.

[3] სურდა მას იესოს ხილვა, რომ გაეგო, ვინ იყო იგი, მაგრამ ვერ შეძლო ხალხის სიმრავლის გამო, ვინაიდან ტანად დაბალი იყო.

[4] წინ გაიქცა და ლეღვის ხეზე ავიდა, რათა დაენახა, რადგან იესოს აქეთ უნდა გამოევლო.

[5] იმ ადგილას რომ მივიდა, იესომ აიხედა მაღლა და უთხრა: „ზაქე, ჩამოდი სწრაფად, დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე.“

[6] სწრაფად ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი.

[7] ვინც კი დაინახა, ყველანი ბუზღუნს მოჰყვნენ და ამბობდნენ: ცოდვილ კაცთან შევიდაო.

[8] ზაქე წამოდგა და უთხრა უფალს: „აჰა, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს მივცემ და, თუ ვინმესთვის რამე გამომიძალავს, ოთხმაგად მივაგებ.“

[9] უთხრა მას იესომ: „დღეს მოხდა ამ სახლის ხსნა, რაკი ისიც აბრაამის ძეა.

[10] რადგან ძე კაცისა მოვიდა დაკარგულის მოსაძებნად და სახსნელად.“

[11] როცა ისინი ისმენდნენ ამას, მან დაურთო იგავი, რადგან ახლოს იყო იერუსალიმთან და მათ ეგონათ, უეცრივ გამოჩნდებოდა ღვთის სასუფეველი.

[12] ამის გამო თქვა: „ერთი დიდგვაროვანი კაცი წავიდა შორეულ ქვეყანაში, რომ მეფობა მიეღო და უკან დაბრუნებულიყო.

[13] დაუძახა თავის ათ მონას, მისცა ათი მნა და უთხრა: ვიდრე დავბრუნდებოდე, ივაჭრეთო.

[14] მაგრამ მის მოქალაქეებს სძულდათ იგი და უკან ელჩობა დაადევნეს და დააბარეს: ‘არა გვსურს, რომ მაგან იმეფოს ჩვენზე’.

[15] როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა მისთვის მოეგვარათ ის მონები, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ რა ივაჭრა.

[16] მოვიდა პირველი და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო’.

[17] უთხრა მას: ‘კარგი, კეთილო მონავ, რაკი მცირედზე ერთგული იყავი, ათ ქალაქზე გქონდეს ხელმწიფება’.

[18] მოვიდა მეორე და უთხრა: ‘ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა მოიტანა’.

[19] მასაც უთხრა: ‘შენც ხუთ ქალაქზე იყავ’.

[20] მესამე მოვიდა და უთხრა: ‘ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელიც ხელსახოცში მქონდა გამოკრული,

[21] ვინაიდან შემეშინდა, რადგან სასტიკი ხარ: იღებ, რაც არ დაგიდია, და იმკი, რაც არ დაგითესავს’.

[22] უთხრა მას: ‘შენივე პირით განგიკითხავ, ბოროტო მონავ. იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდია, და ვიმკი, რაც არ დამითესია.

[23] აბა, რაღატომ არ გაუშვი ჩემი ვერცხლი ბრუნვაში, რომ დაბრუნებულს სარგებლითურთ მიმეღო?’

[24] და იქ მდგომთ უთხრა: ‘წაართვით ამას ის ერთი მნა და მიეცით ათი მნის მქონეს’.

[25] მათ უთხრეს: ‘უფალო, მას ათი მნა აქვს’.

[26] ‘გეუბნებით თქვენ, რომ ყოველ მქონეს მიეცემა, ხოლო უქონელს ისიც წაერთმევა, რაცა აქვს.

[27] ხოლო ჩემი მტრები, რომლებსაც არ სურდათ, რომ მათზე მემეფა, მომგვარეთ აქ და დახოცეთ ჩემს წინაშე.’“

[28] თქვა ეს და წინ წავიდა იერუსალიმში ასასვლელად.

[29] როცა მიუახლოვდა ბეთბაგეს და ბეთანიას, მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, მიავლინა ორი მოწაფე.

[30] უთხრა მათ: „წადით მეზობელ სოფელში. რომ შეხვალთ, იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზეც ჯერ კაცი არ მჯდარა. აუშვით და მოიყვანეთ.

[31] თუ ვინმემ გკითხოთ, რატომ უშვებთო, ასე უთხარით: უფალს სჭირდება-თქო.“

[32] წავიდნენ წარგზავნილები და იპოვეს, როგორც მან უთხრა.

[33] და როცა ჩოჩორს უშვებდნენ, მისმა პატრონებმა უთხრეს: „რატომ უშვებთ ამ ჩოჩორს?“

[34] მათ თქვეს: „იმიტომ, რომ უფალს სჭირდება.“

[35] მიჰგვარეს იგი იესოს, ტანისამოსი დააფინეს ჩოჩორს და ზედ შესვეს იესო.

[36] როცა იგი მიდიოდა, ხალხი თავის ტანისამოსს გზაზე უფენდა.

[37] როცა ზეთისხილის მთის დაღმართს მიუახლოვდა, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით იწყო ხმამაღლა ღვთის ქება-დიდება ყველა სასწაულისათვის, რაც მათ იხილეს.

[38] ამბობდნენ: „კურთხეულია უფლის სახელით მომავალი მეფე! მშვიდობა ცაზე და დიდება მაღალთა შინა!“

[39] ხალხიდან ზოგიერთმა ფარისეველმა უთხრა მას: „მოძღვარო, გაუწყერი შენს მოწაფეებს.“

[40] მან მიუგო და უთხრა: „თქვენ გეუბნებით, ესენი რომ დადუმდნენ, ქვები იღაღადებენ.“

[41] როცა მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო.

[42] და თქვა: „ნეტავ ამ დღეს მაინც გცოდნოდა, რაც სამშვიდობოა შენთვის, მაგრამ ახლა ეს დაფარულია შენს თვალთაგან.

[43] რადგან დაგიდგება დღეები, როცა მტრები შენს წინააღმდეგ აღმართავენ ზვინულს, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან.

[44] მიწასთან გაგასწორებენ შენ და შენს შვილებს შენში. ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, რადგან ვერ გაიგე შენი მოხედვის ჟამი.“

[45] შევიდა ტაძარში და დაიწყო მოვაჭრეთა გამორეკვა.

[46] უთხრა მათ: „დაწერილია: ‘ჩემი სახლი სამლოცველო სახლი უნდა იყოს.’ თქვენ კი ავაზაკთა ბუნაგად აქციეთ იგი.“

[47] და ასწავლიდა ყოველდღე ტაძარში. ხოლო მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და ერისმთავარნი ცდილობდნენ მის დაღუპვას.

[48] მაგრამ ვერაფერი მოიგონეს, რა უნდა ექნათ, რადგან მთელი ხალხი მოუშორებლად უსმენდა მას.

ლუკას სახარება — Chapters