[1] როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში ასე ნახევარ საათს.
[2] ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ. და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
[3] მოვიდა სხვა ანგელოზი და დადგა სამსხვერპლოსთან და ოქროს საცეცხლური ეპყრა, და მიცემული ჰქონდა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ.
[4] ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელით ღვთის წინაშე.
[5] აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი ცეცხლით სამსხვერპლოდან და ჩამოაგდო მიწაზე. და იქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა.
[6] შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადა დასაყვირებლად.
[7] პირველმა დააყვირა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი და გადმოგდებულ იქნა მიწაზე. მიწის მესამედი დაიწვა, ხეების მესამედი დაიწვა და მწვანე ბალახი მთლიანად გადაიბუგა.
[8] მეორე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და რაღაც მსგავსი ალმოდებული დიდი მთისა გადმოგდებულ იქნა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
[9] ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი.
[10] მესამე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, გახურებული ჩირაღდანივით იწვოდა და ჩავარდა მდინარეთა მესამედ ნაწილზე და წყლების წყაროებზე.
[11] ამ ვარსკვლავის სახელი იყო აბზინდა. წყლების მესამედი ნაწილი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, ვინაიდან დამწარდნენ ისინი.
[12] მეოთხე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და მოისპო მზის მესამედი, მთვარის მესამედი და ვარსკვლავთა მესამედი, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ ენათებინა, ისევე როგორც ღამისას.
[13] ვიხილე და მოვუსმინე ერთ არწივს, რომელიც ცის შუაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი მიწაზე მცხოვრებთ სამი ანგელოზის საყვირთა დანარჩენი ხმებისაგან, რომელთაც მოუწევთ დაყვირება“.