Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:17

[1] ამის შემდეგ ვიხილე, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც შემომესმა, საყვირივით დამელაპარაკა და მითხრა: „ამოდი აქ და გიჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ“.

[2] მყისვე აღმოვჩნდი სულში და აჰა, ტახტი იდგა ცაში და ვიღაც იჯდა ტახტზე.

[3] ვინც იჯდა, შესახედაობით წააგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ზურმუხტს.

[4] ტახტის ირგვლივ ოცდაოთხი ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე ისხდა ოცდაოთხი უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსლები და თავებზე ოქროს გვირგვინები ედგათ.

[5] ტახტიდან გამოდიან ელვანი, ქუხილნი და ხმანი. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ჩირაღდანი ანთია, რომლებიც ღვთის შვიდი სულია.

[6] ტახტის წინ ბროლის მსგავსი მინის ზღვაა, ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ – ოთხი ცხოველი, წინიდან და უკნიდან თვალებით სავსე.

[7] პირველი ცხოველი ლომს ჰგავდა, მეორე ცხოველი ხბოს ჰგავდა, მესამე ცხოველს ადამიანივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი მფრინავ არწივს ჰგავდა.

[8] ამ ოთხი ცხოველიდან თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ და შიგნით თვალებით იყვნენ სავსენი. არც დღით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, არის და მოვა“.

[9] როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომარეს, ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე,

[10] ოცდაოთხი უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომარის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს. თავიანთი გვირგვინები დაამხეს ტახტის წინ და თქვეს:

[11] „შენ ღირსი ხარ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, ვინაიდან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ“.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters