Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:23

[1] „ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უპყრია თავის მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის:

[2] ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებად უხმობენ, და არ არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.

[3] გაქვს მოთმინება და გაიტანჯე ჩემი სახელის გულისათვის და არ დაქანცულხარ.

[4] მაგრამ შენს საწინააღდეგოდ ისა მაქვს, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.

[5] ამიტომ გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მალე მოვალ შენთან და გადავწევ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.

[6] მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.

[7] ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, ვაგემებინებ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღვთის სამოთხეშია.

[8] „სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:

[9] ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა შენ მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებად უხმობენ, და არ არიან, არამედ სატანის საკრებულო არიან.

[10] ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი გადატანაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ ჭირი ათ დღეს. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.

[11] ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს ვნება არ ექნება მეორე სიკვდილისგან.

[12] „პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:

[13] ვიცი, რომ იქ ცხოვრობ, სადაც სატანის ტახტია და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწამის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლეს თქვენს შორის, სადაც სატანა სახლობს.

[14] მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან არიან იქ შენთან, რომლებიც მისდევენ ბილყამის მოძღვრებას, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელიანები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემეძავათ.

[15] ასევე იმყოფებიან შენთან, რომლებიც მისდევენ ნიკოლაელთა მოძღვრებას, რომელიც მე მძულს.

[16] მაშ, მოინანიე, თუ არა და, მალე მოვალ შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.

[17] ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ გადანახული მანანისაგან და მივცემ მის თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.

[18] „თიატირას ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ასე ამბობს ძე ღვთისა, რომლის თვალები ცეცხლის ალს წააგავს და ფეხები მისი ელვარე სპილენძივითაა:

[19] ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია.

[20] მაგრამ შენს საწინააღმდეგოდ ისა მაქვს, რომ ნებაზე უშვებ შენს დედაკაცს იეზაბელს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად უხმობს, ასწავლის და აცდენს ჩემს მსახურთ, რომ იმეძაონ და ნაკერპავი ჭამონ.

[21] მე მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა.

[22] აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მეძაობდნენ, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.

[23] სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ თირკმელებს და გულს, და ყოველ თქვენგანს თავისი საქმეების მიხედვით მივუზღავ.

[24] ხოლო დანარჩენებს, რომლებიც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ იცის სატანის სიღრმეები, როგორც ისინი ამბობენ, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს.

[25] რაც გაქვთ, მხოლოდ ის გეჭიროთ, ვიდრე მოვიდოდე.

[26] ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მას მივცემ ხელმწიფებას წარმართებზე, –

[27] დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი, – ისევე, როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან.

[28] და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.

[29] ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters