[1] მიჩვენა სიცოცხლის წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღვთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა.
[2] მისი ქუჩის შუაგულში, მდინარის გაღმა-გამოღმა, სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტ ნაყოფს, ყოველ თვეში იძლევა თავის ნაყოფს. ხოლო ხის ფოთლები ხალხთა განსაკურნავადაა.
[3] დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება, ღვთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას.
[4] იხილავენ მის სახეს და მისი სახელი შუბლზე ეწერებათ.
[5] ღამე აღარ იქნება და აღარ დასჭირდებათ არც სასანთლის შუქი და არც მზის ნათელი, ვინაიდან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
[6] და მითხრა მე: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე.
[7] აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს“.
[8] მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს. როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე იმ ანგელოზის ფერხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.
[9] მითხრა მე: „ნუ იზამ ამას, ვინაიდან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმებისა და იმათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი“.
[10] და მითხრა მე: „ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი.
[11] უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და უწმიდური კვლავ უწმიდურობდეს, მართალი კვლავ მართლობდეს და წმიდა კვლავ წმიდობდეს.
[12] აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მისი საქმეებისამებრ მივუზღა.
[13] მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.
[14] ნეტარნი არიან, რომლებიც რეცხავენ თავიანთ სამოსელს, რომ ჰქონდეთ უფლება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
[15] მის მიღმა არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავნი და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყოველი მოყვარული და ჩამდენი სიცრუისა.
[16] მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი“.
[17] სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.
[18] მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე რამეს დაუმატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
[19] თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი წაართმევს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
[20] ამის დამმოწმებელი ამბობს: „ჰე, მოვალ მალე!“ ამინ. მოდი, უფალო იესო.
[21] ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველა წმიდასთან. ამინ.