Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:08

[1] ამის შემდეგ ვიხილე მიწის ოთხ მხარეს მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც ეპყრათ მიწის ოთხი ქარი, რომ არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე, არც რომელიმე ხეზე.

[2] ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავლიდან ამომავალი, ცოცხალი ბეჭდის მქონე, და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანეგლოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა:

[3] „ნუ დააზიანებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ბეჭდებს შუბლებზე დავასვამდეთ“.

[4] მომესმა ბეჭედდასმულთა რიცხვი: ას ორმოცდაოთხი ათასი ბეჭედდასმული, ისრაელიანთა თითო ტომიდან თორმეტი ათასი;

[5] იუდას ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული; რეუბენის ტომიდან თორმეტი ათასი; გადის ტომიდან თორმეტი ათასი;

[6] აშერის ტომიდან თორმეტი ათასი; ნეფთალის ტომიდან თორმეტი ათასი; მენაშეს ტომიდან თორმეტი ათასი;

[7] სიმონის ტომიდან თორმეტი ათასი; ლევის ტომიდან თორმეტი ათასი; ისაქარის ტომიდან თორმეტი ათასი;

[8] ზებულუნის ტომიდან თორმეტი ათასი; იოსების ტომიდან თორმეტი ათასი; ბენიამინის ტომიდან თორმეტი ათასი ბეჭედდასმული.

[9] ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან. იდგნენ ტახტის წინაშე და კრავის წინაშე თეთრი სამოსელით შემოსილნი და პალმებით ხელში.

[10] იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“

[11] ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს.

[12] ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძალა და სიმაგრე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე. ამინ“.

[13] მომიგო ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „ეს თეთრი სამოსლით შემოსილები ვინ არიან ან საიდან მოვიდნენ?“

[14] მე ვუთხარი მას: „უფალო ჩემო, შენ იცი“. და მან მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. გაირეცხეს თავიანთი სამოსელი და გაათეთრეს ისინი კრავის სისხლით.

[15] ამიტომ არიან ღვთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომარე გაშლის თავის კარავს მათზე.

[16] აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და არავითარი პაპანაქება.

[17] ვინაიდან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს“.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters