[1] გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს: „წადით და მიწაზე გადაღვარეთ ღვთის მძვინვარების შვიდი თასი“.
[2] წავიდა პირველი და გადმოღვარა მიწაზე თავისი თასი. და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატებას სცემდნენ თაყვანს.
[3] გადმოღვარა მეორემ თავისი თასი ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისაგან, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში.
[4] გადმოღვარა მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცა სისხლად.
[5] გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რადგანაც ასე განიკითხე.
[6] ვინაიდან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი, და შენ მიეცი მათ სასმელად სისხლი, ვინაიდან დაიმსახურეს“.
[7] გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განკითხვანი“.
[8] გადმოღვარა მეოთხემ თავისი თასი მზეზე და მიეცა მას, რომ ცეცხლით დაეწვა ადამიანები.
[9] იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხით და გმობდნენ ღვთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს, რომ დიდება მიეგოთ მისთვის.
[10] გადმოღვარა მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იკვნეტდნენ.
[11] გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
[12] გადმოღვარა მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეზე – ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, მზის აღმოსავლიდან რომ მოდიან.
[13] ვიხილე როგორც გველეშაპისა და მხეცის, ისე ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები.
[14] ესენი ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის.
[15] აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსელს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი.
[16] შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
[17] გადმოღვარა მეშვიდემ თავისი თასი ჰაერში და ტახტიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა“.
[18] იქმნა ელვანი და ხმანი და ქუხილნი და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა მას შემდეგ, რაც ადამიანი გაჩნდა მიწაზე. ასეთი დიდი იყო ის მიწისძვრა.
[19] დიდი ქალაქი დაიყო სამ ნაწილად და წარმართთა ქალაქები დაემხო და მოხსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღვთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი რისხვის მძვინვარების ღვინის თასი.
[20] ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა.
[21] ტალანტის სიდიდის სეტყვა წამოვიდა ციდან ადამიანებზე. და გმობდნენ ადამიანები ღმერთს სეტყვის წყლულის გამო, ვინაიდან ძალიან დიდი იყო მისი წყლული.