[1] ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საკვირველი: შვიდი ანგელოზი შვიდი უკანასკნელი წყლულით, რომლებითაც თავდებოდა ღვთის მძვინვარება.
[2] ვიხილე თითქოს მინის ზღვა, ცეცხლნარევი, და მძლეველნი მხეცისა, მისი ხატებისა და მისი სახელის რიცხვისა. იდგნენ მინის ზღვაზე და ეპყრათ ღვთის ქნარები.
[3] გალობდნენ ღვთის მსახურის მოსეს გალობას და კრავის გალობას და ამბობდნენ: „დიდია და საკვირველი შენი საქმენი, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო! წრფელი და ჭეშმარიტია შენი გზები, ხალხთა მეფეო!
[4] ვის არ შეეშინდება, უფალო, და არ ადიდებს შენს სახელს? რადგან მხოლოდ შენა ხარ წმიდა. ყველა ერი მოვა და თაყვანს გცემს შენ, ვინაიდან გამოჩნდნენ შენი სამართალნი“.
[5] ამის შემდეგ ვიხილე: აჰა, გაიხსნა მოწმობის სავანის ტაძარი ზეცაში.
[6] გამოვიდა ტაძრიდან შვიდი ანგელოზი, შვიდი წყლულის მქონე, წმიდა და ნათელი სელის სამოსლით შემოსილი, რომელთაც მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ.
[7] ოთხ ცხოველთაგან ერთმა მისცა შვიდ ანგელოზს ოქროს თასი, ცოცხალი ღვთის მძვინვარებით სავსე უკუნითი უკუნისამდე.
[8] აივსო ტაძარი კვამლით ღვთის დიდებისა და მისი ძალისაგან, და ვერავინ შეძლო ტაძარში შესვლა, ვიდრე არ დასრულდა შვიდი ანგელოზის შვიდი წყლული.