[1] გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი – დედაკაცი, რომელსაც ემოსა მზე. მის ფერხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი თორმეტი ვარსკვლავით.
[2] ფეხმძიმედ იყო და ყვიროდა, იტანჯებოდა მშობიარის ტკივილებით.
[3] სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: აჰა, დიდი წითელი გველეშაპი, რომელსაც ჰქონდა შვიდი თავი და ათი რქა, და თავებზე შვიდი ჯიღა.
[4] მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. გველეშაპი კი დადგა დედაკაცის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ბავშვი.
[5] და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა მწყემსოს ყველა ხალხი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ბავშვი ღმერთთან და მის ტახტთან.
[6] დედაკაცი კი გაიქცა უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღვთისაგან, რათა იქ გამოეკვებათ იგი ათას ორას სამოც დღეს.
[7] შეიქნა ცაში ომი: მიქაელი და მისი ანგელოზები ებრძოდნენ გველეშაპს. შეებრძოლნენ გველეშაპი და მისი ანგელოზები,
[8] მაგრამ ვერ გაუძლეს და აღარც ადგილი აღმოჩნდა მათთვის ცაში.
[9] გადმოგდებულ იქნა დიდი გველეშაპი, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
[10] მომესმა დიდი ხმა, რომელიც ლაპარაკობდა ცაში: „ახლა დადგა ჩვენი ღვთის ხსნა, ძალა და სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, ვინაიდან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღვთის წინაშე.
[11] გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და მათი მოწმობის სიტყვით და არ შეიყვარეს მათი სული თვით სიკვდილამდე.
[12] აბა, იმხიარულეთ, ცანო და თქვენ, ვინც მათში მკვიდრობთ! ვაი, მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით, რადგან იცის, რომ დრო მცირეღა დარჩა“.
[13] როცა გველეშაპმა დაინახა, რომ გადმოგდებულ იქნა მიწაზე, დაედევნა დედაკაცს, რომელმაც ვაჟი შვა.
[14] მიეცა დედაკაცს დიდი არწივის ორი ფრთა უდაბნოში გასაფრენად, თავისი ადგილისაკენ, სადაც იკვებებოდა დროის, დროთა და ნახევარი დროის განმავლობაში, გველისგან მოშორებით.
[15] ამოუშვა გველმა თავისი პირიდან მდინარესავით წყალი დედაკაცის კვალდაკვალ, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
[16] მაგრამ მიწა დაეხმარა დედაკაცს და დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც გველეშაპმა ამოუშვა პირიდან.
[17] განრისხდა გველეშაპი დედაკაცზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი მოდგმიდან, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა.