[1] ვიხილე: აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან ასოცდაოთხი ათასი, რომელთაც შუბლებზე აწერიათ მისი სახელი და მისი მამის სახელი.
[2] გავიგონე ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, ქნარზე რომ უკრავენ.
[3] ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა მიწისაგან გამოსყიდული ასორმოცდაოთხი ათასისა.
[4] ეს ისინი არიან, რომლებიც არ წაბილწულან დედაკაცებთან, ვინაიდან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა მიდიოდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფი ღვთისა და კრავისათვის.
[5] სიცრუე არ აღმოჩნდა მათ ბაგეში. ისინი უბიწონი არიან ღვთის ტახტის წინაშე.
[6] ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცის შუა დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება, მიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად.
[7] ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, ვინაიდან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს“.
[8] სხვა ანგელოზი მოჰყვა და თქვა: „დაეცა დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე მეძაობის ღვინო ასვა ყველა ხალხს“.
[9] მესამე ანგელოზი მოჰყვა მათ და თქვა დიდი ხმით: „ვინც თაყვანსა სცემს მხეცს და მის ხატებას და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
[10] ის შესვამს ღვთის მძვინვარების ღვინისაგან, რომელიც მისი რისხვის თასში არის შემზადებული შეუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლსა და გოგირდში წმიდა ანგელოზებისა და კრავის წინაშე.
[11] მათი წამების კვამლი იდინებს უკუნითი უკუნისამდე და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატების თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც იღებს მისი სახელის ნიშანს.“
[12] აქაა წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და იესოს რწმენას.
[13] გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა: „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში იხოცებიან. დიახ, ამბობს სული, რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან. მათი საქმეები თან წაჰყვება მათ“.
[14] ვიხილე: აჰა, თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი.
[15] სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, ვინაიდან დადგა მკის ჟამი, რადგან მოიწია სამკალი მიწაზე.“
[16] ღრუბელზე მჯდომმა გადმოაგდო თავისი ნამგალი მიწაზე და მოიმკა მიწა.
[17] სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ჰქონდა ბასრი ნამგალი.
[18] სამსხვერპლოდან გამოვიდა სხვა ანგელოზი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე, და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე მიწის ვაზის მტევნები, ვინაიდან დამწიფდა მათი მარცვლები.“
[19] გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი მიწაზე და მოკრიფა მიწის ვაზებიდან და ჩაყარა ღვთის მძვინვარების დიდ საწნახელში.
[20] და დაიწნეხა საწნახელი ქალაქგარეთ და გამოვიდა სისხლი საწნახლიდან და მისწვდა ცხენების აღვირებასაც კი, ათას ექვსას სტადიონამდე.