[1] ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და მომესმა, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ლაპარაკობდა: „მოდი“.
[2] შევხედე და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ჰქონდა მშვილდი და მიცემული ჰქონდა გვირგვინი. და გამოვიდა გამარჯვებული, რათა გაემარჯვა.
[3] როცა ახსნა მეორე ბეჭედი, მომესმა ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“.
[4] გამოვიდა მეორე ცხენი, წითელი. მის მხედარს მიცემული ჰქონდა მიწიდან მშვიდობის წაღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ. მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი.
[5] როცა მესამე ბეჭედი ახსნა, მომესმა ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“. ვიხილე, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეპყრა.
[6] ოთხი ცხოველის შუაგულიდან მომესმა ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი დინარად და სამი საწყაო ქერი დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნურას ავნებ“.
[7] როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, მომესმა მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი და იხილე“.
[8] შევხედე, და აჰა, ყვიციანი ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. ჯოჯოხეთი მოყვებოდა მას და მიცემული ჰქონდათ ხელმწიფება მიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით.
[9] როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე სულები დახოცილთა ღვთის სიტყვისათვის და მოწმობისათვის, რომელიც მათ ჰქონდათ.
[10] დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „ხელმწიფევ, წმიდაო და ჭეშმარიტო, როდემდე არ განიკითხავ და არ იძიებ შურს მიწის მცხოვრებლებზე ჩვენი სისხლისათვის“.
[11] მიეცა თითოეულ მათგანს თეთრი სამოსელი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამორჩილნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
[12] როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, ვიხილე, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ბალნის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა.
[13] ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს გასცვივა მკვახე ლეღვი.
[14] ცა გაუჩინარდა დაგრაგნილი წიგნივით. ყოველი მთა და კუნძული დაიძრა თავისი ადგილიდან.
[15] მიწის მეფეები და მთავრები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყოველი მონა და თავისუფალი მიიმალნენ მღვიმეებსა და მთის გამოქვაბულებში.
[16] უთხრეს მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან.
[17] ვინაიდან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“