[1] ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, ვინაიდან პირველი ცა და პირველი მიწა გარდახდნენ, და ზღვა აღარ იყო.
[2] ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან გამზადებული, როგორც თავისი ქმრისათვის მორთული სასძლო.
[3] გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, სავანე ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან.
[4] მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გადავიდნენ.“
[5] თქვა ტახტზე მჯდომარემ: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს“. და მითხრა მე: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“.
[6] მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.
[7] გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის – ძე.
[8] ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, მეძავთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლითა და გოგირდით, რომელიც მეორე სიკვდილია“.
[9] მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგანი, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სასძლოს, კრავის ცოლს“.
[10] წამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე. მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ციდან ეშვებოდა ღვთისაგან,
[11] და ჰქონდა ღვთის დიდება. მისი შუქი მსგავსი იყო პატიოსანი თვლისა, როგორც იასპის ქვისა, ბროლივით გამჭვირვალესი.
[12] ჰქონდა დიდი და მაღალი გალავანი, თორმეტი კარიბჭე და კარიბჭეებზე თორმეტი ანგელოზი, და ზედ ეწერა სახელები ისრაელიანთა თორმეტი ტომისა.
[13] სამი კარიბჭე აღმოსავლეთიდან, სამი კარიბჭე ჩრდილოეთიდან, სამი სამხრეთიდან და სამი დასავლეთიდან.
[14] ქალაქის გალავანს ჰქონდა თორმეტი საძირკველი და მათზე იყო კრავის თორმეტი მოციქულის სახელები.
[15] ჩემთან მოლაპარაკეს საზომად ოქროს ლერწამი ჰქონდა ქალაქის, მისი კარიბჭეებისა და მისი გალავნის გადასაზომად.
[16] ქალაქი ოთხკუთხედად იყო მდებარე და მისი სიგრძე იგივე იყო, რაც სიგანე. გაზომა მან ქალაქი ლერწმით თორმეტი ათას სტადიონზე. მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი იყო.
[17] გაზომა მისი გალავანი და გამოვიდა ას ორმოცდაოთხი წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაა.
[18] მისი გალავანი იასპით იყო ნაგები, ხოლო ქალაქი იყო წმიდა ოქროსი, წმიდა მინის.
[19] ქალაქის გალავნის საძირკვლები მოპირკეთებული იყო ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე – საფირონი, მესამე – ქალკედონი, მეოთხე – ზურმუხტი,
[20] მეხუთე – სარდონიქსი, მეექვსე – სარდიონი, მეშვიდე – ქრიზოლითი, მერვე – ბივრილი, მეცხრე – ტოპაზი, მეათე – ქრისოპრასი, მეთერთმეტე – იაკინთი, მეთორმეტე – ამეთვისტო.
[21] თორმეტი კარიბჭე თორმეტი მარგალიტი იყო. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა სუფთა ოქრო იყო, როგორც გამჭვირვალე მინა.
[22] ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
[23] ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე, გასანათლებლად, რადგან ღვთის დიდებამ გაანათა იგი და კრავია მისი სასანთლე.
[24] ერები ივლიან მის ნათელზე, მიწიერი მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებასა და პატივს.
[25] მისი კარიბჭენი დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ.
[26] მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს.
[27] ვერ შევა მასში ვერაფერი უწმიდური და ვერცერთი სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც კრავის სიცოცხლის წიგნში არიან ჩაწერილი.