Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:54

[1] გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მეშვეობით თავის მსახურს იოანეს,

[2] რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და, რაც იხილა.

[3] ნეტარია წამკითხველი და მომსმენი ამ საწინასწარმეტყველო სიტყვისა და მასში დაწერილის შემნახველი, რადგან ახლოა ჟამი.

[4] იოანე აზიაში შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,

[5] და იესო ქრისტესაგან, რომელიც სარწმუნო მოწამეა, პირმშო მკვდართაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან

[6] და გაგვხადა ჩვენ სუფევად, მღვდლებად ღვთისა და თავისი მამისათვის. მას დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

[7] აჰა, ის მოდის ღრუბლებით და დაინახავს მას ყოველი თვალი, ისინიც, რომელთაც განგმირეს იგი, და ატირდება მის წინაშე მიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.

[8] „მე ვარ ანი და ჰოე, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.“

[9] მე ვარ იოანე, თქვენი ძმა და მოზიარე გასაჭირში, სუფევასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში. ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღვთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.

[10] მე ვიყავი სულში უფლის დღეს და ზურგსუკანიდან შემომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი,

[11] რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და დაუგზავნე შვიდ ეკლესიას: ეფესოს, სმირნას, პერგამოს, თიატირას, სარდეს, ფილადელფიას და ლაოდიკიას“.

[12] მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე.

[13] შვიდი სასანთლის შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა მოსასხამი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.

[14] მისი თავი და თმები თეთრი იყო, როგორც თეთრი მატყლი, როგორც თოვლი. თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.

[15] მისი ფეხები, როგორც მოელვარე სპილენძი, როგორც ქურაში გავარვარებული. მისი ხმა, როგორც ბევრი წყლის ხმაური.

[16] მარჯვენა ხელში ეჭირა შვიდი ვარსკვლავი, მისი პირიდან გამოდიოდა ორლესული მახვილი, მისი სახე იყო როგორც მზე, თავის სრულ ძალაში რომ ანათებს.

[17] როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფერხთით. მან თავისი მარჯვენა დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი,

[18] და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.

[19] ამიტომ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.

[20] შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში და შვიდი ოქროს სასანთლე: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, ხოლო შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters