Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 5:00

[1] ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ციდან ჩამოდიოდა და დიდი ხელმწიფება ჰქონდა. მიწა განათდა მისი დიდებით.

[2] დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, გახდა ეშმაკთა სამკვიდროდ და ყოველი არაწმიდა სულის თავშესაფრად, და ყოველი არაწმიდა და ბილწი ფრინველის თავშესაფრად.

[3] ვინაიდან მისი გარყვნილების მძვინვარე ღვინისაგან შესვა ყველა ერმა. მიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და მიწის ვაჭრები მისი ფუფუნების ძალისაგან გამდიდრდნენ“.

[4] გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და არ მიიღო მისი წყლულებისაგან,

[5] ვინაიდან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.

[6] მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ და ორმაგად მიაგეთ მისი საქმეების მიხედვით. სასმისში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ მას.

[7] რაზომადაც განდიდდებოდა და ნებივრობდა, იმზომად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა. ვინაიდან ამბობდა თავის გულში: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არ ვიხილავო.

[8] ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, გლოვა და შიმშილი, და დაიწვება ცეცხლში, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, რომელიც განიკითხავს მას.

[9] „იტირებენ და იგლოვებენ მას მიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ნებივრობდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს.

[10] მისი ტანჯვის შიშის გამო შორს მდგომარენი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო, რადგან ერთ საათში მოვიდა შენი განკითხვა.’

[11] მიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მას, ვინაიდან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,

[12] ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოსძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, ასევე ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ყოველგვარ ჭურჭელს,

[13] დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, ნახირსა და ცხვრებს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს.

[14] შენი სულის სასურველი ხილის ნაყოფი წავიდა შენგან, ყოველი პოხიერი და ბრწყინვალე გაქრა შენგან და ვეღარავინ იპოვის მათ.

[15] ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.

[16] იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო,

[17] რადგან ერთ საათში დაიღუპა ესოდენ დიდი სიმდიდრე’. და ყოველი მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და მეზღვაურები, ყოველი ზღვაზე მოსაქმე, შორს დადგა.

[18] რომ დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’

[19] გადაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის ძვირფასეულობებით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გაპარტახდა.

[20] გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასაწრმეტყველნო, რადგან თქვენი სამართალი მოჰკითხა მათ ღმერთმა.’“

[21] ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იქნება.

[22] ქნარზე დამკვრელთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმება შენში. აღარ იქნება შენში არავითარი ხელოსანი და ხელოსნობა, და დოლაბის ხმა აღარ გაისმება შენში.

[23] სასანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. აღარ გაისმება შენში მეფე-დედოფლის ხმა, რადგან შენი ვაჭრები იყვნენ მიწის დიდებულები და შენი გრძნეულება აცდუნებდა ხალხს.

[24] მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და მიწაზე ყველა მოკლულის სისხლი“.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters