Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 2:04

[1] ვიხილე სხვა ანგელოზი, ძლიერი, ციდან ჩამომავალი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელით. მისი სახე იყო, როგორც მზე, და მისი ფეხები, როგორც ცეცხლის სვეტები.

[2] ხელთ ჰქონდა გადაშლილი პატარა წიგნი. მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, ხოლო მარცხენა – მიწას.

[3] და დაიძახა დიდი ხმით, როგორც ლომი ღრიალებს, და როდესაც დაიძახა, თავ-თავისი ხმით ალაპარაკდა შვიდი ქუხილი.

[4] როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა თავ-თავისი ხმით, ჩაწერა დავაპირე და ჩამომესმა ხმა ციდან, რომელმაც მითხრა: „დაბეჭდე, რასაც ლაპარაკობდა შვიდი ქუხილი, და ნუ დაწერ ამას“.

[5] ანგელოზმა კი, რომელიც ვიხილე ზღვასა და მიწაზე მდგომი, ცისაკენ აღაპყრო თავისი მარჯვენა ხელი

[6] და დაიფიცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალი, რომელმაც შექმნა ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია, რომ დრო აღარ იქნება.

[7] ანგელოზის ხმის დღეებში, როცა ის დააყვირებს საყვირს, აღსრულდება ღვთის საიდუმლო, როგორც მან ახარა თავის მსახურთ – წინასწარმეტყველებს.

[8] ხმა, რომელიც მოვისმინე ციდან, კვლავ დამელაპარაკა და მითხრა: „მიდი და აიღე გადაშლილი პატარა წიგნი, რომელიც იმ ანგელოზის ხელშია, ზღვასა და მიწაზე რომ დგას“.

[9] მივედი ანგელოზთან და ვუთხარი მას: „მომეცი მომცრო წიგნი“. მან მითხრა: „აიღე და შეჭამე იგი, და მწარეს გახდის შენს მუცელს, მაგრამ შენს პირში თაფლივით ტკბილი იქნება“.

[10] ავიღე პატარა წიგნი ანგელოზის ხელიდან და შევჭამე იგი, და თაფლივით მეტკბო პირში და, როცა შევჭამე იგი, მუცელი გამიმწარდა.

[11] მითხრეს: „შენ მოგიწევს კვლავ იწინასწარმეტყველო ხალხებსა და ერებზე, ენებსა და მრავალ მეფეზე“.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters