[1] ვიხილე ტახტზე მჯდომარის მარჯვენაში შიგნიდან და გარედან ნაწერი წიგნი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
[2] ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ამ წიგნის გადაშლისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“
[3] არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ წიგნის გადაშლა ან მასში ჩახედვა.
[4] ბევრს ვტიროდი იმის გამო, რომ არ მოიძებნებოდა ამ წიგნის გადაშლის ან მასში ჩახედვის ღირსი.
[5] ერთმა უხუცესთაგანმა მითხრა: „ნუ სტირი, გაიმარჯვა ლომმა, იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას წიგნი და მისი შვიდი ბეჭედი“.
[6] შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის იდგა კრავი, როგორც დაკლული, და მას ჰქონდა შვიდი რქა და შვიდი თვალი, რომლებიც ღვთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელ ქვეყანაზე.
[7] და მოვიდა და აიღო წიგნი ტახტზე მჯდომარის მარჯვენიდან.
[8] და როცა მან აიღო წიგნი, ოთხი ცხოველი და ოცდაოთხი უხუცესი დაემხო კრავის წინ. ყოველ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლებით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია.
[9] გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „შენ ღირსი ხარ, აიღო წიგნი და ახსნა მისი ბეჭდები, ვინაიდან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღვთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან.
[10] და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს სამეფოდ და მღვდლებად, და იმეფებენ მიწაზე“.
[11] ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველებისა და უხუცესების ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათიათასი და ათასჯერ ათასი,
[12] რომლებიც დიდი ხმით ლაპარაკობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა“.
[13] და ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომსა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე“.
[14] და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ“. ოცდაოთხი უხუცესი დაემხო და თაყვანი სცა ცოცხალს უკუნითი უკუნისამდე.