[1] დავინახე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. რქებზე – ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები.
[2] მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჰგავდა ავაზას. მისი ფეხები – როგორც დათვისა, მისი პირი – როგორც ლომის ხახა. მისცა მას გველეშაპმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება.
[3] ვიხილე, ერთი მის თავთაგან თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა და განცვიფრდა მთელი მიწა და უკან გაედევნა მხეცს.
[4] თაყვანი სცეს გველეშაპს, რადგან ხელმწიფება მისცა მხეცს. თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“
[5] მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო ღმერთი. მიეცა მას ხელმწიფება სამოქმედოდ ორმოცდაორ თვეს.
[6] გააღო მან პირი ღვთის საგმობად და დაგმო მისი სახელი, მისი სავანე, ცაში დავანებულნი.
[7] ნება მიეცა მას, რომ ეომა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.
[8] თაყვანი სცა მას მიწის ყველა მკვიდრმა, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს სოფლის დასაბამიდან დაკლულ კრავს.
[9] ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
[10] ვისაც ტყვე მიჰყავს, თვითონაც ტყვედ წავა. ვინც მახვილით ჰკლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ამაშია წმიდათა მოთმინება და რწმენა.
[11] ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც გველეშაპი.
[12] იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა მიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა.
[13] ახდენდა დიდ სასწაულებს, ცეცხლიც კი ჩამოიტანა ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე.
[14] აცდუნებდა მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნებოდა მიწის მკვიდრთ, რომ გაეკეთებინათ მხეცის ხატება, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და რომელიც გაცოცხლდა.
[15] მიეცა უფლება მხეცის ხატებისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატებას ელაპარაკა და ემოქმედა ისე, რომ მოკლულიყო ყოველი, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ხატებას.
[16] აიძულა ყველა – პატარები და დიდები, მდიდრები და ღარიბები, თავისუფლები და მონები – მიეღოთ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.
[17] რომ არავის შეძლებოდა ყიდვა-გაყიდვა, იმათ გარდა, ვისაც ექნებოდა ნიშანი – მხეცის სახელი ან მისი სახელის რიცხვი.
[18] აქ არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან რიცხვი ადამიანისაა და მისი რიცხვია ექვსას სამოცდაექვსი.