Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 3:41

[1] მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და ითქვა ჩემს მომართ: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი და სამსხვერპლო, და მასში თაყვანისმცემლები.

[2] ხოლო ტაძრის გარე ეზო გამორიცხე და არ გაზომო, ვინაიდან წარმართებს მიეცა იგი: ისინი ორმოცდაორ თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს.

[3] მივცემ ჩემს ორ მოწამეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ ათას ორას სამოც დღეს ძაძებით მოსილნი.“

[4] ესენია ზეთისხილის ხე და ორი სასანთლე, რომლებიც მიწის უფლის წინაშე დგას.

[5] თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ის უნდა მოიკლას.

[6] მათ აქვთ ხელმწიფება დაგმანონ ცა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ.

[7] როცა ისინი დაამთავრებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.

[8] მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩაში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალიც.

[9] სამნახევარ დღეს ხალხთაგან და ტომთაგან, ენათაგან და ერთაგან უყურებენ მათ გვამებს და არ მისცემენ მათი გვამების სამარხში დაკრძალვის ნებას.

[10] მიწაზე მცხოვრებნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, ვინაიდან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა მიწის მკვიდრთ.

[11] სამნახევარი დღის შემდეგ კი შევიდა მათში სიცოცხლის სული ღვთისაგან და ფეხზე დადგნენ. დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.

[12] იყო დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ“. ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცას და მათმა მტრებმა დაინახეს ისინი.

[13] იმავე საათს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა, და დაიღუპა მიწისძვრისაგან შვიდი ათასი კაცი. დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ზეციერ ღმერთს.

[14] მეორე უბედურებამ გადაიარა და აჰა, მესამე უბედურება მოვა მალე.

[15] მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა საყვირს და გაისმა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „სოფლის სამეფო გახდა ჩვენი უფლისა და მისი ქრისტესი, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე“.

[16] ღვთის წინაშე თავიანთ ტახტებზე მჯდომი ოცდაოთხი უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცა ღმერთს.

[17] და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, რომელიც იყავი და რომელიც მოხვალ, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი.

[18] გამძვინვარდნენ წარმართები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა მკვდრები განკითხულ იქნენ და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – დიდებს და პატარებს, და მოსპო მიწის მომსპობნი“.

[19] გაიღო ღვთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა.

იოანე მოციქულის გამოცხადება — Chapters