[1] გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში.
[2] ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი.
[3] მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა.
[4] ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
[5] მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს.
[6] როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
[7] ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“
[8] რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“
[9] ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ.“
[10] ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არე-მარედან არ გაეძევებინა ისინი.
[11] იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა.
[12] შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“
[13] დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში.
[14] ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა.
[15] მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ.
[16] მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულს და ღორებს.
[17] და დაუწყეს ხვეწნა, გასცლოდა მათს საზღვრებს.
[18] როცა ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა.
[19] ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: „წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და როგორ შეგიწყალა.“
[20] და წავიდა და გამოაცხადა დეკაპოლისში, რაც გაუკეთა მას იესომ, და უკვირდა ყველას.
[21] და როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. და იყო ზღვის პირას.
[22] და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. და როცა დაინახა იგი, მის ფერხთით დაეცა.
[23] ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: „ჩემი გოგონა სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს.“
[24] და წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედ აწყდებოდა.
[25] ერთმა ქალმა, რომელსაც თორმეტი წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა
[26] და მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან და, რაც კი ებადა, ყველაფერი დაეხარჯა, მაგრამ არაფერს ეშველა, უარეს დღეში ჩავარდნილიყო,
[27] მოისმინა იესოზე, ხალხში უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს.
[28] რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
[29] და მყისვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან.
[30] მყისვე იგრძნო იესომ, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: „ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?“
[31] და უთხრეს მას მისმა მოწაფეებმა: „ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ: ვინ შემეხოო?“
[32] მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი.
[33] ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა.
[34] მან კი უთხრა მას: „ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან.“
[35] ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: „შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?“
[36] იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: „ნუ გეშინია, ოღონდ გწამდეს.“
[37] არავისთვის დაურთავს ნება წაჰყოლოდა, გარდა პეტრესი, იაკობისა და იოანესი – იაკობის ძმისა.
[38] მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობაა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ.
[39] და შევიდა და უთხრა: „რაზე სწუხხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვი, სძინავს მხოლოდ.“
[40] ისინი კი დასცინოდნენ მას. მან ყველანი გამორეკა, წაიყვანა ბავშვის დედ-მამა და მასთან მყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა.
[41] აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: „ტალითა კუმი!“ რაც ნიშნავს: გოგონა, შენ გეუბნები, ადექი!
[42] და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა. თორმეტი წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ.
[43] მან მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.