Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 4:43

[1] იმ დღეებში დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი და არაფერი ჰქონდათ, რომ ეჭამათ. მან მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა:

[2] „მეცოდება ეს ხალხი, რადგან უკვე სამი დღეა, რაც ჩემთან არიან და არაფერი აქვთ, რომ ჭამონ.

[3] მშივრები რომ გავუშვა შინ, დაუძლურდებიან. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდან არის მოსული.“

[4] და მიუგეს მას მისმა მოწაფეებმა: „საიდან შეიძლება ამდენი ხალხის უდაბნოში დაპურება?“

[5] ჰკითხა მათ: „რამდენი პური გაქვთ?“ მათ უთხრეს: „შვიდი.“

[6] და უბრძანა ხალხს მიწაზე დამსხდარიყვნენ. აიღო შვიდი პური, მადლი შესწირა, დატეხა და მისცა თავის მოწაფეებს, რომ ჩამოერიგებინათ. მათაც ჩამოურიგეს ხალხს.

[7] რამდენიმე თევზიც ჰქონდათ. აკურთხა და უბრძანა ისიც ჩამოერიგებინათ.

[8] ჭამეს და გაძღნენ. დარჩენილი ნატეხებისგან შვიდი კალათი აიღეს.

[9] ისინი კი ოთხი ათასამდე იყვნენ. და გაუშვა ყველანი.

[10] და მყისვე ავიდა ნავზე თავის მოწაფეებთან ერთად და მივიდნენ დალმანუთის მხარეში.

[11] და გამოვიდნენ ფარისეველნი და დაუწყეს დავა და მოსთხოვეს ციდან ნიშანი, რომ გამოეცადათ.

[12] სულით ამოიოხრა და თქვა: „რისთვის თხოულობს ეს მოდგმა ნიშანს? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ მოდგმას ნიშანი არ მიეცემა.“

[13] და მიატოვა ისინი, კვლავ ავიდა ნავზე და გაღმა გავიდა.

[14] და დაავიწყდათ პურის წაღება. ნავში კი ერთი პურის მეტი არა ჰქონდათ.

[15] დაარიგა ისინი და უთხრა: „გაფრთხილდით, ერიდეთ ფარისეველთა საფუარს და ჰეროდიანთა საფუარს.“

[16] ისინი კი ერთმანეთში ლაპარაკობდნენ: ალბათ იმიტომ, რომ პური არა გვაქვსო.

[17] იესო მიხვდა და უთხრა მათ: „რატომ ლაპარაკობთ, რომ პური არა გაქვთ? ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და ვერ შეგიგნიათ? გული გაგიქვავდათ?

[18] თვალები გაქვთ და ვერ ხედავთ, ყური გაქვთ და არ გესმით? და არც გახსოვთ?

[19] როცა ხუთი პური დავტეხე ხუთი ათასი კაცისათვის, რამდენი გოდორი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „თორმეტი.“

[20] „როცა ოთხი ათასისათვის შვიდი პური დავტეხე, რამდენი კალათი აიღეთ ნატეხებით სავსე?“ უთხრეს: „შვიდი.“

[21] და უთხრა მათ: „როგორ ვერ მიხვდით?“

[22] მივიდნენ ბეთსაიდაში და მიუყვანეს ბრმა და ევედრებოდნენ, რომ შეხებოდა მას.

[23] და ჩაჰკიდა ბრმას ხელი, გაიყვანა იგი სოფლიდან, თვალებზე დაანერწყვა, დაადო ხელი და ჰკითხა: „ხედავ რამეს?“

[24] მან აიხედა და თქვა: „ირგვლივ მოსიარულე ადამიანებს ვხედავ, ხეებივით.“

[25] შემდეგ კვლავ დაადო ხელი თვალებზე და მას თვალისჩინი აღუდგა, განიკურნა და ყველაფერი ნათლად დაინახა.

[26] და გაისტუმრა შინ და უთხრა: „სოფელში ნუ შეხვალ.“

[27] და დაწავიდნენ იესო და მისი მოწაფეები ფილიპეს კესარიის სოფლებში. გზადაგზა ელაპარაკებოდა იგი თავის მოწაფეებს და ეკითხებოდა: „რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?“

[28] მათ უთხრეს: ამბობენ, იოანე ნათლისმცემელიო. სხვები – ელიაო, სხვები – ერთ-ერთი წინასწარმეტყველიო.

[29] და მან ჰკითხა მათ: „თქვენ რაღას იტყვით, ვინ ვარ მე?“ პეტრემ უთხრა: „შენ ქრისტე ხარ.“

[30] და გააფრთხილა ისინი, რომ არავისთვის ეთქვათ მასზე.

[31] და დაუწყო სწავლება, რომ კაცის ძეს მართებს მრავალი ტანჯვა აიტანოს, უარყოფილ იქნეს უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკლას და მესამე დღეს აღდგეს.

[32] და ცხადად ამბობდა სიტყვას. გვერდზე გაიხმო პეტრემ და დაუწყო კიცხვა.

[33] ის კი მობრუნდა და გადახედა თავის მოწაფეებს. პეტრეს გაუწყრა და უთხრა: „მომცილდი, სატანავ! ღვთისას რომ არ ფიქრობ, არამედ ადამიანისას.“

[34] და მოუხმო ხალხს თავის მოწაფეებთან ერთად და უთხრა: „თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავისი ჯვარი და მომდიოს მე.

[35] ვისაც სურს სული შეინარჩუნოს, იგი დაღუპავს მას. ხოლო ვინც ჩემი ანდა სახარების გულისთვის დაღუპავს სულს, იგი შეინარჩუნებს მას.

[36] რას არგებს ადამიანს, თუ მთელ ქვეყნიერებას შეიძენს, თავის სულს კი ავნებს?

[37] ან რისი მიცემა შეუძლია ადამიანს თავისი სულის სანაცვლოდ?

[38] რადგან, ვისაც შერცხვება ჩემი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებთან ერთად.“

მარკოზის სახარება — Chapters