Skip to content
Opens in a new window
Listen to this chapter • 6:18

[1] და დაიწყო მათთან იგავებით ლაპარაკი: „კაცმა ვაზი ჩაყარა, ღობე შემოავლო, საწნახელი ამოკვეთა და შიგ კოშკი ჩადგა. ჩააბარა იგი მიწისმუშაკებს და წავიდა.

[2] ჟამმა რომ მოაწია, ერთი მონა გაუგზავნა მიწისმუშაკთ მიწისმუშაკთაგან ვენახის ნაყოფის მისაღებად.

[3] მათ კი შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს.

[4] კვლავ სხვა მონა გაუგზავნა. იგი თავში დაჭრეს და შეურაცხყვეს.

[5] სხვა გაგზავნა და მოკლეს ის. და კიდევ ბევრი სხვა. ზოგსა სცემეს და ზოგიც მოკლეს.

[6] ჰყავდა ერთი საყვარელი ძე. ბოლოს ისიც გაუგზავნა მათ, თქვა: ჩემი ძის მოერიდებათო.

[7] მიწისმუშაკებმა უთხრეს ერთმანეთს: ეს მისი მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩებაო.

[8] და შეიპყრეს იგი, მოკლეს და გადააგდეს ვენახიდან.

[9] რას იზამს ვენახის პატრონი? მივა, ამოწყვეტს მიწისმუშაკთ და ვენახს სხვებს გადასცემს.

[10] ნუთუ არ წაგიკითხავთ ეს წერილი: ‘ქვა, მშენებლებმა რომ დაიწუნეს, ქვაკუთხედად იქცა;

[11] უფლისგან მოხდა ეს და საოცრებაა ჩვენს თვალში’?“

[12] შეეცადნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი. და მიატოვეს იგი და წავიდნენ.

[13] და მიუგზავნეს მას ზოგიერთი ფარისეველთაგან და ჰეროდიანთაგან, რომ დაეჭირათ სიტყვაში.

[14] მივიდნენ და უთხრეს: „მოძღვარო, ვიცით, რომ წრფელი ხარ და ყველას მიმართ მიუკერძოებელი, რადგან კაცთა მდგომარეობას არ უყურებ, არამედ სიწრფელით ასწავლი ღვთის გზას. უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა? მივცეთ თუ არ მივცეთ?“

[15] მან იცოდა მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: „რატომ მცდით? მომიტანეთ დინარი, რომ დავხედო.“

[16] მიუტანეს და მაშინვე უთხრა მათ: „ვისია ეს სახე და წარწერა?“ კეისრისაო, უთხრეს მას.

[17] იესომ უთხრა მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა – ღმერთს.“ და უკვირდათ მისი.

[18] და მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომელნიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:

[19] „მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: ‘თუ ვინმეს მოუკვდება ძმა და დარჩება მას ცოლი, ხოლო შვილი არ დარჩება, მისმა ძმამ უნდა შეირთოს ის ცოლი და აღუდგინოს თესლი თავის ძმას’.

[20] იყო შვიდი ძმა. პირველმა შეირთო ცოლი და ისე მოკვდა, შთამომავლობა არ დარჩენია.

[21] მეორემ შეირთო იგი და მოკვდა. არც მას დარჩენია შთამომავლობა. ასევე მესამემ.

[22] შვიდთაგან არც ერთს არ დარჩენია შთამომავლობა. ყველას შემდეგ კი დედაკაციც მოკვდა.

[23] აღდგომისას, როცა აღდგებიან, რომელი მათგანის ცოლი იქნება, ის ხომ შვიდივეს ჰყავდა ცოლად?“

[24] უთხრა მათ იესომ: „იმიტომ ხომ არ ცდებით, რომ არ იცით არც წერილები და არც ძალნი ღვთისა?“

[25] რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში.

[26] ხოლო იმის თაობაზე, რომ მკვდრები აღდგებიან, ნუთუ არ ამოგიკითხავთ მოსეს წიგნში, როგორ უთხრა მაყვლის ბუჩქთან ღმერთმა მას: ‘მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა?’

[27] ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა. ძალიან სცდებით.“

[28] მივიდა მასთან ერთი მწიგნობართაგანი, რომელიც ყურს უგდებდა მათ კამათს და იცოდა, რომ მან კარგი პასუხი გასცა მათ, და ჰკითხა: „რომელია უპირველესი მცნება?“

[29] მიუგო იესომ: „პირველი არის ‘ისმინე, ისრაელო! უფალი, ღმერთი ჩვენი, ერთი უფალია.

[30] შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი შეძლებით.’ ეს არის პირველი მცნება.

[31] მეორე არის: ‘შეიყვარე მოყვასი შენი, როგორც თავი შენი.’ ამათზე დიდი მცნება არ არსებობს.“

[32] უთხრა მას იმ მწიგნობარმა: „კეთილი, მოძღვარო, ჭეშმარიტება თქვი შენ, ვინაიდან ერთია და სხვა არავინ არის მის გარდა,

[33] გიყვარდეს იგი მთელი გულით, მთელი გონებით, მთელი სულით, მთელი ძალით, და გიყვარდეს მოყვასი, როგორც თავი შენი. ეს ყოველ სრულადდასაწველსა და შესაწირავზე მეტია.“

[34] იესომ დაინახა, რომ მან გონივრულად უპასუხა, და უთხრა მას: „შორს არ დგახარ ღვთის სასუფევლისაგან.“ ამის შემდეგ ვეღარავინ შებედა, რამე ეკითხა.

[35] მიუგო იესომ და თქვა, როცა კვლავ ასწავლიდა ტაძარში: „როგორ ამბობენ მწიგნობარნი, რომ ქრისტე დავითის ძეა?

[36] თვითონ დავითმა თქვა სულიწმიდით: ‘უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.’

[37] თვითონ დავითი უფალს უწოდებს მას და როგორღა არის მისი ძე?“ მრავალი ხალხი უსმენდა მას მოწადინებით.

[38] და თქვა თავისი მოძღვრებიდან: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომელთაც გრძელი სამოსლით სიარული და მოედნებზე მოკითხვანი უყვართ;

[39] ხოლო სინაგოგებში – წინა რიგები და ნადიმებზე – წინა ადგილები.

[40] რომელნიც ჭამენ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობენ, ისინი უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ.“

[41] იჯდა საგანძურის წინ იესო და ხედავდა, როგორ ყრიდა ხალხი ფულს საგანძურში. მრავალმა მდიდარმა ბევრი ჩაყარა.

[42] მოვიდა ერთი ღარიბი, ქვრივი დედაკაცი და ჩადო ორი ლეპტა, რომელიც კოდრანტს შეადგენს.

[43] დაუძახა მან თავის მოწაფეებს და უთხრა: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ამ ღარიბმა ქვრივმა საგანძურში ყველა ჩამდებზე მეტი ჩადო.

[44] ვინაიდან ყველამ თავისი მოჭარბებულიდან ჩადო, ამან კი თავისი სინაკლულიდან ჩადო, ყველაფერი, რაც კი სასიცოცხლოდ გააჩნდა.

მარკოზის სახარება — Chapters