[1] რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში და ხმა დაირხა, რომ სახლშიაო.
[2] იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარში ტევა არ იყო. და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
[3] მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხს მოჰყავდა.
[4] და რადგან მასთან მიყვანა შეუძლებელი იყო ხალხის გამო, იმ სახლს გადახადეს სახურავი, სადაც იგი იმყოფებოდა, ჩათხარეს ხვრელი და ჩაუშვეს საწოლი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
[5] იხილა იესომ მათი რწმენა და უთხრა დავრდომილს: „შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!“
[6] იქ ზოგიერთი მწიგნობარი იჯდა და თავის გულში ფიქრობდა:
[7] „რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღვთის გარდა?“
[8] იესო თავისი სულით მაშინვე მიხვდა, რასაც გულში ფიქრობდნენ ისინი, და უთხრა: „ასეთი რამ გულში რად გაივლეთ?
[9] რა უფრო ადვილია – თქმა დავრდომილისთვის: ‘შენი ცოდვები მოგეტევა’, თუ თქმა: ‘ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარე’?
[10] ხოლო, რათა იცოდეთ, რომ კაცის ძეს აქვს ქვეყანაზე ცოდვების მიტევების ხელმწიფება, უთხრა დავრდომილს;
[11] შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!“
[12] ადგა, მყისვე აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას თვალწინ. ყველა განცვიფრდა და ადიდებდა ღმერთს, ამბობდნენ: „არასოდეს გვინახავს მსგავსი რამ.“
[13] კვლავ გავიდა ზღვაზე. და მთელი ხალხი მიდიოდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
[14] გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომარე ლევი ალფესი და უთხრა: „გამომყევი მე.“ ისიც ადგა და გაჰყვა მას.
[15] როცა მის სახლში დაჯდა, იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად იჯდა ბევრი მებაჟე და ცოდვილი, რადგან მრავალნი იყვნენ იქ, ვინც გაჰყვა მას.
[16] და რაკი ფარისეველთა მწიგნობრებმა დაინახეს, რომ ის მებაჟეებთან და ცოდვილებთან ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: „რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან?“
[17] ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: „მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ. მართალთა კი არა, ცოდვილთა მოსახმობად მოვედი.“
[18] იოანეს მოწაფეები და ფარისეველნი მარხულობდნენ. მივიდნენ მასთან და უთხრეს: „რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები და ფარისეველთა მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?“
[19] იესომ უთხრა მათ: „განა შეუძლიათ მარხულობა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე თანა ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხულობა,
[20] მაგრამ მოვა დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და იმარხულებენ იმ დღეს.
[21] ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალთახალი ქსოვილის საკერებელს, თორემ ახალდაკერებული მოეხევა ძველს და უარესად გამოიხევა.
[22] არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ღვინო ტიკებს დახეთქავს და ღვინოც დაიღუპება და ტიკებიც. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.“
[23] მოუხდა მას შაბათ დღეს ყანებზე გადავლა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავების წყვეტა დაიწყეს.
[24] ფარისევლებმა უთხრეს მას: „აჰა, რატომ აკეთებენ, რაც შაბათ დღეს არაა ნებადართული?“
[25] უთხრა მათ: „არასოდეს არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდათ მას და მასთან მყოფთ?
[26] როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს, ჭამა საწინაშეო პურები, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდლებისა, და თავისთან მყოფებსაც დაურიგა?“
[27] უთხრა მათ: „შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
[28] ამრიგად, კაცის ძე შაბათის უფალიც არის.“