[1] და გავიდა იქიდან და მივიდა თავის სამშობლოში. და გაჰყვნენ თავისი მოწაფეებიც.
[2] შაბათი რომ დადგა, სინაგოგაში დაიწყო სწავლება. მრავალი მსმენელი გაოცებული ამბობდა: საიდანა აქვს ამ კაცს ეს ყველაფერი? და რა სიბრძნე აქვს მონიჭებული? რა სასწაულები ხდება მისი ხელით?
[3] ეს ხურო არ არის, მარიამის ძე, იაკობის, იოსეს, იუდას და სიმონის ძმა? აქვე ჩვენთან არ იმყოფებიან მისი დები? და ცდუნდებოდნენ მასში.
[4] უთხრა მათ იესომ: „წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატიოდ, გარდა თავისი სამშობლოსი, სანათესაოსი და საკუთარი სახლისა.“
[5] ვერ მოახდინა იქ ვერავითარი სასწაული, გარდა იმისა, რომ ორიოდე სნეულს ხელები დაასხა და განკურნა.
[6] უკვირდა მათი ურწმუნოება, დადიოდა გარშემო სოფლებში და ასწავლიდა მათ.
[7] და მოუხმო თორმეტს და დაიწყო მათი ორ-ორის დაგზავნა და აძლევდა მათ ხელმწიფებას უწმიდურ სულებზე.
[8] და გამოუცხადა მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა ხელჯოხისა: არც პური, არც გუდა, არც სპილენძი სარტყლით.
[9] ჩაეცვათ სანდლები და არ მოესხათ ორი მოსასხამი.
[10] უთხრა მათ: „რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით, სანამ იმ ადგილიდან არ გამოხვალთ.
[11] თუ ვინმე არ მიგიღებთ და არ მოგისმენთ, იქიდან წამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი ჩამოიბერტყეთ მათდა დასამოწმებლად. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდება განკითხვის დღეს, ვიდრე იმ ქალაქს.“
[12] და გავიდნენ და დაიწყეს სინანულის ქადაგება.
[13] სდევნიდნენ მრავალ ეშმაკს და სცხებდნენ ზეთს და ბევრ სნეულს კურნავდნენ.
[14] ესმა მეფე ჰეროდეს, ვინაიდან ცნობილი გახდა მისი სახელი, და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ მოქმედებენო ძალები მასში.
[15] ერთნი ამბობდნენ, რომ ელიაა. სხვები კი ამბობდნენ, რომ წინასწარმეტყველია, როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი.
[16] ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: „ეს იოანეა, მე რომ თავი მოვკვეთე, ის აღმდგარა მკვდრეთით.“
[17] რადგან მან, ჰეროდემ, შეაპყრობინა იოანე და საპატიმროში დაამწყვდია, თავისი ძმის, ფილიპეს ცოლის, ჰეროდიას გამო, ცოლად რომ ჰყავდა იგი.
[18] რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: „არ გერგება შენი ძმისცოლი ცოლად.“
[19] ჰეროდიას კი გული მოსდიოდა მასზე და უნდოდა მისი მოკვლა, მაგრამ არ შეეძლო.
[20] რადგან ჰეროდეს ეშინოდა იოანესი: იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცი იყო და იფარავდა მას. როცა მას უსმენდა, დიდ საგონებელში იყო და სიამოვნებით უგდებდა ყურს.
[21] დადგა მარჯვე დღე, როცა ჰეროდემ თავის დაბადების დღეს ლხინი გაუმართა თავის მთავრებს, ათასისთავებს და გალილეველ აზნაურებს.
[22] შევიდა ჰეროდიას ასული, ცეკვავდა და აამებდა ჰეროდესა და მის თანამეინახეებს. და უთხრა მეფემ ქალიშვილს: „რაც გინდა, მთხოვე და მოგცემ.“
[23] და აღუთქვა მას: „რაც გინდა მთხოვო, მოგცემ, ჩემს ნახევარ სამეფოსაც კი.“
[24] გამოვიდა და უთხრა თავის დედას: „რა ვთხოვო?“ იოანე ნათლისმცემლის თავიო, უთხრა მან.
[25] და მყისვე, სასწრაფოდ შევიდა მეფესთან და მოსთხოვა: „მინდა, რომ ახლავე ლანგრით მომართვა იოანე ნათლისმცემლის თავი.“
[26] შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდის გამო, არ ისურვა მისი გაწბილება.
[27] მყისვე გაგზავნა მეფემ ჯალათი და უბრძანა მისი თავის მოტანა.
[28] და წავიდა იგი, მოჰკვეთა მას თავი საპყრობილეში, ლანგრით მოიტანა მისი თავი და გადასცა ქალიშვილს, ხოლო ქალიშვილმა დედამისს მისცა.
[29] გაიგეს მისმა მოწაფეებმა, მივიდნენ, აიღეს მისი გვამი და სამარხში დაასვენეს.
[30] შეიკრიბნენ იესოსთან მოციქულები და უამბეს მას ყველაფერი, რაც გააკეთეს და რაც ასწავლეს.
[31] უთხრა მათ: „წამოდით მარტო თქვენ უდაბურ ადგილას და მცირედ მოისვენეთ.“ ვინაიდან მრავალი იყო მიმსვლელ-მომსვლელი და საჭმელადაც ვერ იცლიდნენ.
[32] და წავიდნენ უდაბურ ადგილას მარტონი ნავით.
[33] დაინახეს ისინი, რომ მიდიოდნენ, და ბევრმა იცნო. ფეხით გაედევნენ ყოველი ქალაქიდან და მათზე ადრე მივიდნენ.
[34] გამოსულმა უამრავი ხალხი რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან უმწყემსო ცხვრებივით იყვნენ, და დაუწყო მათ მრავალი რამის სწავლება.
[35] უკვე გვიანი ხანი იყო, რომ მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები და უთხრეს: „უდაბურია ეს ადგილი და უკვე გვიანი დროა.
[36] გაუშვი ისინი, რომ წავიდნენ ახლომახლო დაბა-სოფლებში და იყიდონ თავისთვის საზრდო.“
[37] მაგრამ მან მიუგო და უთხრა მათ: „თქვენ მიეცით მათ საჭმელი.“ მათ უთხრეს: „წავიდეთ, ორასი დინარის პური ვიყიდოთ და ამათ მივცეთ საჭმელად?“
[38] უთხრა მათ: „რამდენი პური გაქვთ? წადით, ნახეთ!“ გაიგეს და უთხრეს: „ხუთი და ორიც თევზი.“
[39] მაშინ უბრძანა მათ, ყველანი ჯგუფ-ჯგუფად დამსხდარიყვნენ მწვანეზე.
[40] დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ-ორმოცდაათად.
[41] აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ცას ახედა, აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რომ მათთვის ჩამოერიგებინათ. და ორი თევზიც დაუნაწილა ყველას.
[42] ყველამ ჭამა და გაძღა.
[43] დარჩენილი ნატეხებიდან და თევზიდან თორმეტი სავსე გოდორი აკრიფეს.
[44] პურისმჭამელი სულ ხუთი ათასამდე მამაკაცი იყო.
[45] მყისვე აიძულა თავისი მოწაფეები, ასულიყვნენ ნავში და წინდაწინ გასულიყვნენ გაღმა, ბეთსაიდისკენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა.
[46] ისინი რომ გაისტუმრა, მთაზე ავიდა სალოცავად.
[47] და როცა შესაღამოვდა, ნავი შუა ზღვაში იყო, ის კი მარტო დარჩა ხმელეთზე.
[48] და დაინახა, რომ მათ უჭირდათ ნიჩბების მოსმა, რადგან პირქარი იყო. ღამის მეოთხე გუშაგობაზე წავიდა იგი მათკენ ზღვაზე სიარულით. და უნდოდა მათთვის გვერდი აევლო.
[49] ხოლო მათ, ზღვაზე მოსიარულე რომ დაინახეს, იფიქრეს, მოჩვენება არისო, და შეჰყვირეს.
[50] ყველამ დაინახა იგი და შეძრწუნდნენ. ის კი მყისვე გამოელაპარაკა მათ და უთხრა. „გამხნევდით, მე ვარ, ნუ გეშინიათ!“
[51] და ავიდა ნავში მათთან და ჩადგა ქარი. და უფრო უკვირდათ,
[52] ჯერ პურების ამბავსაც ვერ მიმხვდარიყვნენ, რადგან გონება დახშოდათ.
[53] გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მიწას, და ჩაუშვეს ღუზა.
[54] როგორც კი ნავიდან გადმოვიდნენ, უმალვე იცნეს იგი იქაურებმა.
[55] შემოირბინეს მთელი ის ქვეყანა და დაიწყეს საწოლებით სნეულთა გამოყვანა ყველგან, სადაც კი გაიგებდნენ, აქ არისო.
[56] სადაც არ უნდა შესულიყო, დაბებში, ქალაქებში თუ სოფლებში, დასხამდნენ თავიანთ სნეულებს მოედნებზე და ევედრებოდნენ, რომ სამოსლის კალთაზე შეხების ნება მაინც მიეცა მათთვის. ვინც კი ეხებოდა, იკურნებოდა კიდეც.