[1] და ადგა იქიდან და მივიდა იუდეის მხარეში და იორდანეს გაღმა. კვლავ მოგროვდა მასთან ხალხი და, თავის ჩვეულებისამებრ, კვლავ ასწავლიდა მათ.
[2] მოვიდნენ ფარისეველნი და ეკითხებოდნენ: „თუ შეუძლია კაცს ცოლის გაშვება?“ და სცდიდნენ მას.
[3] მან მიუგო და უთხრა მათ: „რა დაგიწესათ მოსემ?“
[4] მათ თქვეს: „გაყრის წიგნის დაწერა და გაშვება.“
[5] იესომ უთხრა მათ: „თქვენი გულქვაობის გამო დაგიწერათ მან ეს მცნება.
[6] მაგრამ შექმნის დასაბამიდან ღმერთმა მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.
[7] ამიტომ მიატოვებს კაცი მამას და დედას და მიეკრობა თავის ცოლს.
[8] და ორნი იქნებიან ერთ ხორცად. ამრიგად, ისინი ორნი კი არ არიან, ერთი ხორცი არიან.
[9] ამრიგად, რაც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ გაყრის მათ.“
[10] სახლში მოწაფეებმა კვლავ ჰკითხეს ამაზე.
[11] და ეუბნება მათ: „ვინც თავის ცოლს გაუშვებს და სხვას შეირთავს, იგი მრუშობს მის მიმართ.
[12] თუ ცოლი გაეყრება ქმარს და სხვას მისთხოვდება, მრუშობს.“
[13] და მოჰყავდათ მასთან ბავშვები, რათა შეხებოდა მათ, მოწაფეები კი საყვედურობდნენ მომყვანებს.
[14] დაინახა იესომ, გაწყრა და უთხრა მათ: „გამოუშვით ბავშვები და ნუ დაუშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგათნაირებისაა ღვთის სასუფეველი.
[15] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღვთის სასუფეველს, ვერ შევა შიგ.“
[16] მოეხვია მათ, ხელები დაასხა და აკურთხა ისინი.
[17] გზაზე რომ გამოდიოდა, ვიღაც კაცმა მიირბინა მასთან, მუხლი მოიყარა მის წინაშე და შეევედრა: „კეთილო მოძღვარო, რა ვქნა, რომ საუკუნო სიცოცხლე დავიმკვიდრო?“
[18] იესომ უთხრა მას: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღმერთისა.
[19] იცი მცნებანი: არ იმრუშო, არ კლა, არ იპარო, არ იყო ცრუმოწმე, არ მოატყუო, პატივი ეცი შენს მამას და დედას.“
[20] მან უთხრა: „მოძღვარო, ყოველივე ამას ჩემი სიჭაბუკიდან ვიცავდი.“
[21] იესო დააკვირდა მას და შეუყვარდა, და უთხრა: „ერთი რამ გაკლია: წადი, რაც გაქვს, გაყიდე და ღარიბებს დაურიგე და ზეცაში გექნება საუნჯე. მერე მოდი და გამომყევი.“
[22] ის შეწუხდა ამ სიტყვებზე და დანაღვლიანებული წავიდა, ვინაიდან დიდძალი ქონება ჰქონდა.
[23] იესომ მიმოიხედა და უთხრა თავის მოწაფეებს: „რა ძნელი იქნება სიმდიდრის მქონეთა შესვლა ღვთის სასუფეველში.“
[24] მოწაფეები განცვიფრდნენ მის სიტყვებზე. იესომ კვლავ მიუგო და უთხრა მათ: „შვილებო, რა ძნელია ღვთის სასუფეველში შესვლა მათთვის, ვინც სიმდიდრეზეა დანდობილი!
[25] უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.“
[26] იმათ კი უფრო მეტად გაიოცეს და ერთმანეთში ამბობდნენ: „ვისღა შეუძლია გადარჩენა?“
[27] შეხედა მათ იესომ და თქვა: „ეს კაცთათვის არის შეუძლებელი და არა ღვთისათვის, რადგან ღვთისათვის ყოველივე შესაძლებელია.“
[28] დაუწყო პეტრემ მას ლაპარაკი: „აჰა, ჩვენ ყველაფერი მივატოვეთ და შენ გამოგყევით.“
[29] თქვა იესომ: „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არავინ არის, რომ ჩემი გულისთვის და სახარების გულისთვის მიეტოვებინოს სახლი ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან ცოლი, ან შვილები, ან მიწები,
[30] და ასწილად არ მიეღოს ახლა, ამჟამად, სახლები, ძმები და დები, დედები და შვილები, და მიწები ამ დევნასთან ერთად, ხოლო მომავალ საუკუნეში – საუკუნო სიცოცხლე.
[31] მაგრამ ბევრნი პირველნი უკანასკნელნი იქნებიან, ხოლო უკანასკნელნი – პირველნი.“
[32] იერუსალიმს მიმავალ გზას რომ ადგნენ, წინ იესო მიუძღოდათ და კრთოდნენ ისინი. თანმხლებთაც ეშინოდათ. კვლავ დაუძახა თორმეტს და დაუწყო ლაპარაკი იმაზე, თუ რა შეემთხვეოდა მას:
[33] „აჰა, ჩვენ ავდივართ იერუსალიმს და კაცის ძე გადაეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს; სასიკვდილო მსჯავრს დასდებენ და წარმართებს გადასცემენ;
[34] შეურაცყოფენ მას, გაშოლტავენ, შეაფურთხებენ და მოკლავენ, მესამე დღეს კი აღდგება.“
[35] და მივიდნენ მასთან ზებედეს ძენი იაკობი და იოანე და უთხრეს: „მოძღვარო, გვინდა შეგვისრულო, რასაც გთხოვთ.“
[36] მან უთხრა მათ: „რა გინდათ, რომ შეგისრულოთ?“
[37] მათ უთხრეს მას: „ნება მოგვეცი, ერთი ჩვენგანი შენს მარჯვნივ დაჯდეს და მეორე – მარცხნივ, შენს დიდებაში.“
[38] იესომ უთხრა მათ: „არ იცით, რას ითხოვთ. განა შეგიძლიათ ის სასმისი შესვათ, რომელსაც მე ვსვამ და ის ნათლობა მიიღოთ, რომლითაც მე ვინათლები?“
[39] მათ უთხრეს: „შეგვიძლია.“ იესომ უთხრა მათ: „სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, შესვამთ და ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, მოინათლებით;
[40] მაგრამ ჩემს მარჯვნივ ან მარცხნივ დაჯდომა ჩემზე არ არის, არამედ მათზე, ვისთვისაც გამზადებულია.“
[41] და მოისმინა იმ ათმა და დაიწყეს დრტვინვა იაკობზე და იოანეზე.
[42] იესომ უხმო მათ და უთხრა: „თქვენ იცით, რომ ისინი, ვინც ხალხების მთავრებად არიან მიჩნეულნი, ბატონობენ მათზე და მათი დიდებულნი ხელმწიფებენ მათზე.
[43] მაგრამ თქვენს შორის ასე ნუ იქნება, არამედ, ვისაც თქვენს შორის დიდობა სურს, ის თქვენი მსახური იყოს;
[44] ვისაც თქვენს შორის პირველობა სურს, ის იყოს ყველას მონა.
[45] რადგან ძე კაცისა არ მოსულა იმისათვის, რომ მას ემსახურონ, არამედ იმისათვის, რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად.“
[46] და მივიდნენ იერიხოს. იერიხოდან რომ გადიოდა, თავის მოწაფეებთან და დიდძალ ხალხთან ერთად, გზის პირას იჯდა ბრმა მათხოვარი, ტიმეს ძე, ბარტიმაიოსი.
[47] როცა გაიგო, იესო ნაზარეველიაო, მორთო ყვირილი და ამბობდა: „იესო, დავითის ძეო, შემიწყალე!“
[48] ბევრი უწყრებოდა მას, რომ გაეჩუმებინათ, მაგრამ უფრო მეტად ყვიროდა: „დავითის ძეო, შემიწყალე!“
[49] და შედგა იესო და თქვა: „დაუძახეთ მას.“ და დაუძახეს ბრმას და უთხრეს: „ნუ გეშინია, ადექი, გეძახის.“
[50] მან გადაიგდო მოსასხამი, ადგა და მივიდა იესოსთან.
[51] მიუგო მას იესომ და თქვა: „რა გინდა, რომ გაგიკეთო?“ ბრმამ უთხრა: „რაბუნი, რომ თვალი ამეხილოს.“
[52] იესომ უთხრა მას: „წადი, შენმა რწმენამ გიხსნა.“ და მყისვე აეხილა თვალი და გაედევნა მას გზაზე.