[1] როცა ტაძრიდან გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: „შეხედე, მოძღვარო, რა ლოდებია და რა შენობები!“
[2] იესომ უთხრა მას: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს.“
[3] როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა ტაძრის გასწვრივ, ჰკითხეს მას განმარტოებით მყოფმა პეტრემ, იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
[4] „გვითხარი, როდის მოხდება ეს, და რა იქნება იმის ნიშანი, როცა ყოველივე ეს უნდა მოხდეს?“
[5] იესომ დაუწყო მათ ლაპარაკი: „გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ,
[6] რადგან ბევრნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან, მე ვარო, და მრავალს შეაცდენენ.
[7] როცა მოისმენთ ომებზე და ომების ხმებზე, ნუ შეძრწუნდებით: ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
[8] აღდგება ერი ერის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ. იქნება მიწისძვრები ადგილ-ადგილ და შიმშილობები. ეს მშობიარობის ტკივილთა დასაწყისია.
[9] „თქვენ კი მიხედეთ თქვენს თავს: გადაგცემენ სამსჯავროზე, გცემენ სინაგოგებში, განმგებელთა და მეფეთა წინაშე წარსდგებით ჩემს გამო, მათ წინაშე დასამოწმებლად.
[10] ჯერ სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს.
[11] როცა წაგიყვანენ გადასაცემად, ნუ იზრუნებთ წინასწარ, რა ილაპარაკოთ; არამედ, რაც იმ ჟამს მოგეცემათ, ის ილაპარაკეთ, ვინაიდან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სულიწმიდა.
[12] ძმა ძმას გადასცემს სასიკვდილოდ და მამა – შვილს. აღდგებიან შვილები მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
[13] მოძულებულნი იქნებით ყველას მიერ ჩემი სახელის გამო. ხოლო ვინც ბოლომე მოითმენს, გადარჩება.
[14] როცა იხილავთ გატიალების სიბილწეს იქ, სადაც არ ხამს, იუდეაში მყოფმა მთებს მიაშუროს;
[15] ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა და ნურც შევა შინ რაიმეს გამოსატანად;
[16] ვინც მინდორში იქნება, ნუ დაბრუნდება უკან თავისი სამოსლის გამოსატანად,
[17] ხოლო ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
[18] ილოცეთ, რომ ეს ზამთარში არ მოხდეს,
[19] ვინაიდან იმ დღეებში ისეთი გასაჭირი იქნება, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და აღარც არასოდეს იქნება.
[20] უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღეები, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ ის დღეები შეამოკლა იმ რჩეულთათვის, რომლებიც მან ამოირჩია.
[21] მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არისო ქრისტე, ან: აჰა, იქო, არ ერწმუნოთ.
[22] ვინაიდან აღდგებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველნი და მოიმოქმედებენ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნი შეაცდინონ, თუ კი შეძლებენ.
[23] თქვენ კი გაფრთხილდით. წინასწარ გითხარით ყველაფერი.
[24] მაგრამ იმ დღეებში, იმ გასაჭირის შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის ნათელს.
[25] იქნება ვარსკვლავთა ცვენა და შეირყევიან ციური ძალები.
[26] მაშინ იხილავენ კაცის ძეს, ღრუბლებზე მომავალს დიადი ძალით და დიდებით.
[27] მაშინ იგი წარგზავნის თავის ანგელოზებს და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.
[28] „ლეღვისაგან ისწავლეთ მაგალითი: როცა მისი რტოები დარბილდება და შეიფოთლება, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
[29] ასევე, როცა იხილავთ, რომ ეს ყოველივე ხდება, იცოდეთ, რომ კარსაა მომდგარი.
[30] ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადაივლის ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
[31] ცა და მიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
[32] მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
[33] იფრთხილეთ, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი.
[34] როგორც შორ გზაზე მიმავალმა კაცმა მიატოვოს თავისი სახლი, თავის მონებს მისცეს ხელმწიფება და ყველას თავისი საქმე მიუჩინოს და მეკარეს უბრძანოს ფხიზლად ყოფნა,
[35] ისე იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი – საღამოთი თუ შუაღამისას, მამლის ყივილზე თუ განთიადისას,
[36] რათა მოულოდნელად რომ მოვიდეს, მძინარენი არ გპოვოთ.
[37] რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.“